თაბაგრის თქმით, მის მიმართ შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ძველი თბილისის პოლიციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით წარმოება დაიწყო. ამის შესახებ თაბაგარმა “ფეისბუქზე” დაწერა.

თაბაგარის თქმით, საქმე ეხება 5 ივლისს — ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ “ღირსების მარშის” ჩაშლის, ჟურნალისტების ცემისა და აქტივისტთა დევნის დღეს — მასსა და ერთ-ერთ გამომძიებელს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.

“მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით.

…ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო?

2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად.

ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო”, — აღნიშნავს “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელი და ამატებს:

“არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას”.

“ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად. უწყების პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

მათ რუსთაველის გამზირზე ჯერ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვები დაარბიეს, რომლებიც იქ რამდენიმე თვით ადრე გაიშალა, შემდეგ კი  “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისებს დაესხნენ თავს.

პრაიდის ორგანიზებაში ჩართული აქტივისტები ჰყვებიან, რომ რამდენჯერმე შეიცვალეს ლოკაცია, ვინაიდან ძალადობრივი ჯგუფები მათ მარტივად აგნებდნენ. აქტივისტებისთვის ბუნდოვანია, როგორ ახერხებდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მათი ადგილსამყოფლის პოვნას მარტივად და სწრაფად.

დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

აღნიშნულმა პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე, ჯამში, 30-მდე პირია დაკავებული.

დაკავებულები, ძირითადად, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები არიან. რაც შეეხებათ შეკრების ორგანიზატორებს: არაერთი მათგანი შსს-ს გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

წარმოუდგენელი იყო ეს ჯოჯოხეთი – გიორგი თაბაგარის ისტორია 5 ივლისის შემდეგ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.