ბრძოლა პანჯშირისთვის: წინააღმდეგობის ძალები უარყოფენ, რომ თალიბანმა ხეობა დაიკავა

ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პანჯშირის ხეობაში, რომელშიც ისლამისტური თალიბანის მოწინააღმდეგეები არიან გამაგრებულნი, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნებული დაჯგუფების წყაროები ამტკიცებენ, რომ პროვინცია დაიკავეს, თუმცა წინააღმდეგობის ძალები აღნიშნულს უარყოფენ.

მთიანი, რთული რელიეფით გამორჩეული ხეობა, რომელიც ძირითადად ეთნიკური ტაჯიკებით არის დასახლებული, თალიბანისადმი წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ავღანეთის ყველა სხვა პროვინციაზე დაამყარა კონტროლი.

პანჯშირის პროვინციას წინააღმდეგობის გრძელი ისტორია აქვს: ის ვერც საბჭოთა კავშირმა დაიკავა 1980-იან წლებში და ვერც თალიბანმა- 1990-იანებში, ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას.

ამჟამად, ხეობაში გამაგრებულნი არიან როგორც ადგილობრივი რაზმები, ისე ავღანეთის არმიისა და სპეც. დანიშნულების რაზმის ყოფილი წევრები, რომელთაც უარი განაცხადეს, დანებებოდნენ ისლამისტურ დაჯგუფებას.

ადგილზე ჩამოყალიბებულია  “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი”, რომელსაც სათავეში უდგას 32 წლის აჰმად მასუდი: ცნობილი სარდლის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი. უფროსი მასუდი, რომელიც ასევე ებრძოდა თალიბანს, ალ-კაიდას აგენტებმა მოკლეს 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე.

რამდენიმე დღეა, საერთაშორისო მედია ხეობაში მიმდინარე ბრძოლის შესახებ იტყობინება. ცნობების თანახმად, თალიბანსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულია ასობით ადამიანი.

თალიბანის წარმომადგენლებმა Reuters-ს უთხრეს, რომ მათ უკვე დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია.

“ყოვლისშემძლე ღმერთს წყალობით, ჩვენ მთელ ავღანეთს ვაკონტროლებთ. ქაოსის შემქმნელნი დანებდნენ და პანჯშირი ახლა ჩვენი მმართველობის ქვეშაა”, — უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ბრიტანულ სააგენტოს.

დაჯგუფების მოწინააღმდეგეები აღნიშნულს უარყოფენ. “წინააღმდეგობის ფრონტის” სპიკერმა, ალი ნაზარიმ BBC-ს უთხრა, რომ აჯანყებულებმა თალიბანის ასობით მებრძოლს, რომელთაც “საბრძოლო მასალა ამოეწურათ”, აიძულეს, უკან დაეხიათ.

ამასთან, ტელეკომპანია BBC-ს მცირე ვიდეო მიმართვა გაუგზავნა ავღანეთის აწ უკვე ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა, რომელიც პანჯშირის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით. დაღუპულები ორივე მხარეს არიან.

“საკამათო არ არის, რომ სიტუაცია რთულია. ჩვენ თალიბანის შემოჭრის ქვეშ ვართ”, — დასძინა მან, თუმცა იქვე დაამატა:

“ჩვენ არ დავნებდებით. ვდგავართ ავღანეთისთვის”.

სალეჰი ასევე ამტკიცებს, რომ გავრცელებული ხმები მის მიერ ავღანეთის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ის კვლავ რჩება სამშობლოში.

4 სექტემბრის დილით საზოგადოებას მიმართა აჰმად მასუდმაც, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დასძინა:

“ჩვენ არასდროს დავთმობთ ბრძოლას ღმერთისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის”.

მისი სიტყვებით, როგორც პანჯშირის წინააღმდეგობა, ისე ქალაქ ჰერათში ქალთა მიერ 2 დღით ადრე გამართული საპროტესტო აქცია, აჩვენებს, რომ ხალხი არ თმობს თავის უფლებებს და განაგრძობს მათთვის ბრძოლას.

“წარუმატებლობა მხოლოდ მაშინ დგება, როდესაც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას თმობ და იღლები”, — დაამატა მასუდმა.

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

ისლამისტური დაჯგუფება ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ახალი მთავრობის შემადგენლობას. აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დასძენენ, რომ თალიბანის მთავრობას არ აღიარებენ.

გასულ დღეებში, ქალთა მონაწილეობით აქციები გაიმართა ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერათსა და დედაქალაქ ქაბულში. მოთხოვნებს შორის იყო მუშაობისა და განათლების უფლება, თანასწორობა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა.

თალიბანი ამბობს, რომ ოპონენტებთან მიმართებით საყოველაო “ამნისტიას” აცხადებს, ქალებს კი განათლებისა და მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. მეორე მხრივ, დაჯგუფებამ უკვე მოუწოდა დასაქმებულ ქალებს, დროებით სახლებში დარჩნენ, რაც მათივე უსაფრთხოებით ახსნა.

მეორე მხრივ, ისლამისტური დაჯგუფების წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართველობის სისასტიკიდან გამომდინარე, თალიბანის დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ავღანელი ქალების აქცია თალიბანის მიერ კონტროლირებად ქაბულში [ფოტო]

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.