კალაძე უარით პასუხობს 4 ტელეკომპანიის შეთავაზებას დებატებისთვის ერთიან ეთერთან დაკავშირებით

კახა კალაძე უარით პასუხობს “მთავარი არხის”, “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “კავკასიის” შეთავაზებას მერობის კანდიდატებს შორის დებატების შესახებ. ამ საკითხზე თბილისის მოქმედმა მერმა 11 სექტემბერს ისაუბრა.

“არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებულები”, — თქვა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

კალაძის განცხადებით, ზემოხსენებული ტელეარხები “ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციას ავრცელებენ”.

“არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის პირადად გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ მე თქვენთვის არასდროს მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ”, – დასძენს ის.

მისი თქმით, მზადაა, ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას ოთხმა ტელეკომპანიამ დებატებისთვის ერთიანი ეთერი 10 სექტემბერს შესთავაზა.

სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე”, – ნათქვამია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ფორმულას” ცნობით, ეს სამი კანდიდატი  ბოლო კვლევების თანახმად მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ და მათი დებატებში მიწვევის მიზეზიც ესაა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.