“სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით ISFED ცესკოში ჩივის

არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები”(ISFED) ცესკოს ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა.

საუბარია ბანერებზე, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში 17  სექტემბრის ღამით გამოჩნდა. ბანერებზე წერია “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

“წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

კერძოდ, სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ.

აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე”, — დასძენს ISFED.

ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

ამ შინაარსის ბანერს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. პირველად ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა. ბანერზე, წარწერით “არა ნაცებს! არა ბოროტებას!” მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, მეგის ქარდავასა და ზურაბ ადეიშვილის, ასევე, “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას ფოტოები იყო დატანილი.

მეორედ, ამავე წარწერიანი პლაკატები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე წლის ივლისში გამოაკრეს. უწინდელისგან განსხვავებით, ფონზე ცისარტყელა დახატეს და პოლიტიკოსების გარდა, გამოსახეს სამოქალაქო აქტივისტების სურათებიც.

იქვე იყო “მთავარი არხის” დამფუძნებლის — ნიკა გვარამიას, “ტვ პირველის” მენეჯერისა და ამავე არხის მთავარი პროდიუსერის — ვატო წერეთლისა და ნოდარ მელაძის ფოტოები.

უკვე ახლა, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, შეიცვალა როგორც ბანერებზე გამოსახულ პირთა შემადგენლობა, ისე — მთავარი გზავნილი. ზემოთ მოცემულ ლოზუნგებს დაემატა “არა ღალატს!”, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად კი ბილბორდებზე გიორგი გახარიას, ასევე, გუბაზ სანიკიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას ფოტოები დაიტანეს.

უცნობია, ვისი დაკვეთით მომზადდა ბანერები.

18 სექტემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სარეკლამო კონსტრუქციები, რომლებზეც 17 სექტემბრის ღამით ბანერები დაიტანეს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და მერია აღნიშნულზე რეაგირებას ვერ მოახდენს.

“მე პირადად არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია. ყოველთვის საზოგადოებას ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე… რეაგირება არაფერი არ იქნება. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში.

არის კომპანია “ალმა”, რომლის საკუთრებაც არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და არანაირი უფლება არ აქვს”, — დასძინა მან.

ამის შემდეგ კალაძემ კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა:

“ხომ არ მოგწონთ ეს? ისევე არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს.

შეგიძლიათ, ჩართოთ ტელევიზორი და ნახოთ, საარჩევნო კლიპებში რაც არის: ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა… ეს ხართ თქვენ”.

“სისხლიან” ბანერებზე გახარიაც დაამატეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.