ახალი ამბები

TI: ჩვენმა დამკვირვებლებმა 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა გამოავლინეს

TI: ჩვენმა დამკვირვებლებმა 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა გამოავლინეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” [TI] ინფორმაციით, 2 ოქტომბერის თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის სავარაუდო “კარუსელი”. ასევე ორგანიზაციიის დამკვირვებლებმა დაწერეს 25 საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ თავად გაავრცელა.

TI-ის ინფორმაციით 07:00-19:00 საათებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

სავარაუდო „კარუსელი”

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა – #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, სავარაუდოდ, ბახლელ გესეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა. გესეინოვის მიერ ორჯერ ხმის მიცემის ფაქტი აღბეჭდილია ვიდეო კადრებზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ამ უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა

  • #28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

  • #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #50 საუბნო კომისიის წევრები კენჭისყრის გვერდით ოთახში ალკოჰოლს სვამდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა;
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს დამკვირვებელს ამომრჩევლის ვინაობის საარჩევნო სიასთან შესაბამისობის დადგენის უფლება არ მისცა;
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #10 უბანზე ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაწერილ საჩივარს მდივანი გარკვეული დროის მანძილზე არ იბარებდა. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ მდივანმა საჩივარი დაარეგისტრირა;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე კომისიის წევრები ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ ვიდეოგადაღებაში, ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იბარებდნენ საჩივარს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #54 უბანზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენელი, ელიარ ხალილოვი რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლებს კენჭისყრის კაბინაში შეყვა იმ საფუძვლით, რომ მათ მხედველობა დაქვეითებული ჰქონდათ;
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა რეგისტრატორის მაგიდასთან შემოხაზა სასურველი კანდიდატი ბიულეტენზე, რაზეც არ მიუთითეს კომისიის წევრებმა, ასევე, ამავე უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა;
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში მიყვებოდა ამომრჩეველს, ამ შემთხვევის კამერით დაფიქსირება სცადა ჩვენმა დამკვირვებელმა, რისი საშუალებაც კომისიის წევრებმა არ მისცეს და დაემუქრნენ გაძევებით. ამ ორგანიზაციის დამკვირვებელმა, მას შემდეგ რაც კაბინაში ვერ შეყვა ამომრჩეველს, მას კაბინაში საკუთარი ტელეფონი მიაწოდა.

არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა

  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე, გიორგი ბეროშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო” სამკერდე ნიშნით იმყოფებოდა. საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #41 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელიც არც იმ უბნის ამომრჩეველი იყო და არც უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, თავმჯდომარემ ამ პირს უბანი დაატოვებინა.

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

  • ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

სხვა ტიპის დარღვევები

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 უბანზე სამივე შემაჯამებელ ოქმში გარკვეული გრაფები წინასწარ იყო შევსებული, მათ შორის მოსული ამომრჩევლის ოდენობა და კომისიის 11 წევრის ხელმოწერაც იყო მითითებული;
  • #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #37 უბანზე გადასატან ყუთში რეგისტრირებული ამომრჩეველი მივიდა უბანზე და მას სხვა პირის გრაფაში მოაწერინეს ხელი;
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე მისცა
Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.