ახალი ამბები

გიორგი გახარია სააკაშვილზე

გიორგი გახარია სააკაშვილზე: სანამ დანაშაულის აღიარება და მონანიება არ იქნება, პატიებაზე პრეტენზია უადგილოა. ადამიანმა შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა და ამას შეცდომას ეძახის და არა დანაშაულს. წლების განმავლობაში არ ეყოთ არც ვაჟკაცობა, არც გონიერება არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ დაეძახათ ამისთვის დანაშაული

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, იმის მიუხედავად რომ მის ფიგურას ოცნება პოლიტიკურად იყენებს.

„ის, რომ ოცნება მიშა სააკაშვილს პოლიტიკურად იყენებს და პოლიტიკურად აინტერესებს, პოლიტიკური მიზნების გამო ჩამოიყვანეს მიშა სააკაშვილი — ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიშა სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, თან მძიმე დანაშაულებზე. მე მას არ ვუწოდებ პოლიტიკურ პატიმარს. ადამიანმა, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა ქვეყანაში და ეს ფაქტია, ამას არავინ უარყოფს — ამის შემდგომ ამას შეცდომას ეძახის და არ ეძახის დანაშაულს… წლების განმავლობაში არ ეყოთ არც ვაჟკაცობა, არც გონიერება არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ დაეძახათ ამისთვის დანაშაული.“ -ამბობს გახარია.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის კონკრეტული მძიმე დანაშაულების გამო არის მსჯავრდებული და არის იქ სადაც უნდა იყოს. ის რომ მიშა სააკაშვილს ოცნება იყენებს პოლიტიკურად ეს ცალკე თემაა — გადავდივარ პოლიტიკურ განზომილებაში და გეუბნებით, რომ სანამ დანაშაულის აღიარება არ იქნება, აღიარებას შეიძლება მოჰყვეს მონანიება — სანამ არ იქნება აღიარება, მონანიება ან სასჯელის მოხსნა — რა თქმა უნდა პატიებაზე ნებისმიერი პრეტენზია უადგილოა და ეს საქართველოსთვის თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის.“ — განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ ნაციონალური მოძრაობა დღემდე თავის დანაშაულებებს შეცდომებს ეძახის და ბოდიშის მოხდა და აღიარება არ სურს, ისე უნდა პატიების მიღება მოსახლეობისგან, რაც შეუძლებელია. „სისტემა, რომელიც დანაშაულს ეძახის შეცდომას, სისტემა, რომელსაც არ შესწევს ძალა ან ვერ ხვდება, რომ ეს დანაშაული უნდა აღიაროს, სასჯელი უნდა მოიხადოს, უნდა მოინანიოს და შემდგომ ექნება პატიების უფლება — და ეს სისტემა მეუბნება მე დღეს, რომ მეო ხელისუფლებაში დავბრუნდებიო და დემოკრატიული ვიქნებიო, რის საფუძველზე უნდა დავიჯერო აბა მითხარით?“- ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით მიხეილ სააკაშვილისადმი ოცნების დამოკიდებულებას სააკაშვილის ,,გასუფთავებად“ აფასებს.

„ერთადერთი რაც ხდება დღეს პოლიტიკურად, „ოცნება“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ასუფთავებს და ბოდიში ჟარგონისთვის და „აპრავებს“ დღეს მიშა სააკაშვილს. ეს ფაქტია და ამას საქართველოს მოქალაქეები ხედავენ“- ამბობს გახარია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.