გადარჩეული საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ — რატომ?

ზუგდიდსა და ბათუმში, სადაც ახლადარჩეული საკრებულოები ოპოზიციურია, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ძველმა საკრებულოებმა დაიწყეს. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

რა ხდება?

15 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო. გაიწერა ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი, რომელიც ერთ დღეში (16 ნოემბერს) ფრაქციებში და არასამთავრობო სექტორთან 4 სხდომის გამართვას ითვალისწინებს და განხილვების დაჩქარებულ ტემპზე მიუთითებს.

საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 17 ნოემბრისა უნდა ჩაბარდეს. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია არ გამორიცხავს, საკრებულომ იმავე დღეს გაუგზავნოს მერიას შენიშვნები.

2022 წლის ბიუჯეტის პრროექტის განხილვები დაიწყო ბათუმის საკრებულოს კომისიებშიც.

დეპუტატი ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას, რათა ბიუჯეტის დამტკიცება ძველმა საკრებულომ მოასწროს.

“ქართული ოცნებისგან” რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ კიდევ ერთი უკანონო ქმედება, რასაც ამ წუთებში საკრებულოებში აკეთებენ, არის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყება. იმის შიშით, რომ საკრებულოებში არ ჰყავთ უმრავლესობა და ოპოზიციამ შეიძლება, ბიუჯეტი ჩააგდოს, რაც მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნების საფუძველია (კოდექსით), საკრებულოებს სასწრაფოდ დაავალეს ბიუჯეტის მიღება. ანუ ძველი საკრებულო, რომლის უფლებამოსილება დღე დღეზე უნდა შეწყდეს და უკვე დღე დღეზე ახალი საკრებულო უნდა შეიკრიბოს, დაამტკიცებს ახალ ბიუჯეტს. ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა 31 დეკემბერია, ანუ ახალი საკრებულო ასწრებს ჩვეულებრივ, მაგრამ მაინც ძველებს დაავალეს. ერთადერთი მოტივი აქვს ამ გადაწყვეტილებას — ეშინიათ ოპოზიციური საკრებულოების და ბიუჯეტის ჩაგდების, რაც ხელახალი არჩევნების საფუძველია. უფრო მარტივად — ვადაგასული ზუგდიდის საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს, საოლქო [საარჩევნო კომისია] მირანდა მესხის ხელმძღვანელობით კი ახალი საკრებულოს სხდომას შეგნებულად ჯერ არ ნიშნავს. არ უნდა გავუტაროთ ეგ ამბავი არც ერთ საკრებულოში”, — აცხადებს ანა წითლიძე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით 2017 წლის მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა აქვს ახალი საკრებულოს შეკრებამდე, წითლიძე მიიჩნევს, რომ ახალი საკრებულოს შეკრების თარიღის ხელოვნურად გაჭიანურება და მომავალი წლის ბიუჯეტის ძველი საკრებულოს მიერ დამტკიცების პროცესი, “ფაქტობრივად, არალეგიტიმურია”.

ის ფიქრობს, რომ მინიმუმ ყველა საკრებულოში, რომელიც ოპოზიციურია, მომავალი წლის ბიუჯეტს ძველი საკრებულოები დაამტკიცებენ, ხოლო განხილვები უკვე დაწყებულია ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 7 საკრებულოში — ბათუმი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, რუსთავი, სენაკი — “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა.

რა არგუმენტები აქვს საკრებულოებს?

წითლიძის ინფორმაცია, რომ ძველ საკრებულოებს დაავალეს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, “Netgazeti” არ დაუდასტურეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, სადაც ამბობენ, რომ უბრალოდ კანონით დადგენილ გრაფიკს მიჰყვებიან და პარტიიდან რამე მითითებას ადგილი არ ჰქონია.

“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. კანონით დადგენილია ვადები, როდის უნდა შემოიტანოს მერიამ საკრებულოში ბიუჯეტი — ეს არის ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. ზუსტად ამ ვადაში შემოიტანა წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოში ბიუჯეტი განსახილველად. საკრებულოს ვალდებულებაა, ბიუჯეტი განიხილოს კომისიებში, ფრაქციებში, უზრუნველყოს საჯაროობა და გამჭვირვალობა. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა. როცა ბიუჯეტი შემოვიდა, შეიკრიბა ბიურო, რომელიც შედგება როგორც სახელისუფლებო, ასევე, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი პირებისგან და ერთობლივად შემუშავდა განხილვების გრაფიკი. მივყვებით იმ გრაფიკს”, — განუცხადა “Netgazeti” ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის დამტკიცების ვადა განსაზღვრული არ არის, ვინაიდან საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს მერიას, შემდეგ განიხილოს გადამუშავებული ვარიანტი. შესაბამისად, ის ვერ ივარაუდებს, მოქმედი საკრებულო დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს საბოლოოდ თუ —ახლადარჩეული.

“ამ მოწვევის საკრებულო დაამტკიცებს თუ ახალი მოწვევის, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. არ ვიცი, რატომ არის ამდენი ღელვები. ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი და არ არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც მიიღება და მერე ცვლილებები არ შედის”, — ამბობს ჭეჟია.

“ჩვენზე დამოკიდებული არ არის, გააჩნია, მერი რამდენად მოასწრებს [გადამშავებული ვარიანტის წარმოდგენას]. თუ მერმა მოასწრო, შესაძლებელია დამტკიცება, თუ არადა, ახალი მოწვევის საკრებულო დაამტკიცებს. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დაამტკიცებს. თუ ძველმა დაამტკიცა, ახალს არაფერში ეშლება ხელი, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, კორექტირება გააკეთონ. მე პრობლემას ვერ ვხედავ ვერცერთ შემთხვევაში”, — უთხრა “Netgazeti” ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ.

რა ამბობს კანონი?

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს. ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნების მეორე ტურის შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამეს. შესაბამისად, ახალი საკრებულოები არა უგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბოს, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი კითხვაზე, როდის მოიწვევენ მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველ სხდომას.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, მერი საკრებულოს წარუდგენს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს მერი საკრებულოს წარუდგენს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.

თუ საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი.

ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.