სააკაშვილის, ფაქტობრივად, დახურული სასამართლო

მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ასამართლებენ. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მედიას არ აქვს საშუალება, სრულყოფილად და ოპერატიულად გააშუქოს პროცესები, მკითხველსა და მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქმის განხილვების შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო განხილვებზე დასწრება მედიისთვის მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. გასულ დღეებში გამართული 3 პროცესიდან 2-ზე ჟურნალისტები დამსწრის სტატუსითაც კი არ დაუშვეს.

სასამართლომ ერთხელაც არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მედიის მიერ სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებასა და დარბაზში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარდა სხვა ჟურნალისტების მუშაობის დაშვებაზე.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ვერ აშუქებს ნეტგაზეთიც და შესაბამისად, მკითხველს არ აქვს საშუალება, გაეცნოს ნეტგაზეთის ჟურნალისტების მომზადებულ რეპორტაჟებს უშუალოდ სასამართლო სხდომათა დარბაზიდან.

ნეტგაზეთი, ისევე, როგორც ყველა სხვა მედიასაშუალება, დამოკიდებულია მხოლოდ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, რომელიც სხდომას იწერს და მოგვიანებით სხვებს აძლევს სხდომის ჩანაწერს.

სასამართლო მოქმედი კანონმდებლობითა და პანდემიით გამოწვეული რეგულაციებით ასაბუთებს თავის ქმედებებს, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ამ პოლიტიკის რეალური მიზანია, შეიზღუდოს სააკაშვილის სასამართლო სხდომების საჯაროობა.

ასევე დამატებითი პრობლემაა ისიც, რომ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესებს. არც მედიასა და შესაბამისად, არც საზოგადოებას არ აქვს საშუალება, პირადად მოისმინოს ბრალდებული პრეზიდენტის პოზიცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა პრობლემას ქმნის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც მედიას პროცესებზე დასწრებას უზღუდავს.

როგორ წარიმართა სხდომები

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან დღემდე, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოში 3 პროცესი ჩატარდა: 10 ნოემბერს (7 ნოემბრის მოვლენებზე), 15 ნოემბერს (საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე) და 16 ნოემბერს (საზღვრის უკანონოდ კვეთაზე).

ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მის გარშემო განვითარებული პროცესები ერთ-ერთ საკვანძო საკითხად რჩება ქართული მედიისთვის. შესაბამისად, ინტერესი მაღალი იყო სასამართლო სხდომებთან მიმართებაშიც.

სასამართლო სხდომების გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს. ის ვალდებულია, ამა თუ იმ სხდომის ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებსაც მიაწოდოს მოთხოვნისთანავე.

თუმცა, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეთა წინაშე არაერთგზის დააყენეს შუამდგომლობა, ერთი მხრივ, სხვა ჟურნალისტებსაც მისცემოდათ პროცესის გადაღების საშუალება, მეორე მხრივ კი, მედიისთვის სხდომების პირდაპირი ეთერით გადაცემის ნება დაერთოთ.

დიმიტრი საძაგლიშვილი

“ეს მოთხოვნა, ბუნებრივია, გამომდინარეობდა ამ საქმეებთან დაკავშირებით ძალიან მაღალი საჯარო, საზოგადოებრივი ინტერესიდან.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სხვა ტელევიზიებისთვის სიგნალის მიწოდება ტექნიკური თვალსაზრისით, მათ შორის, დროში გვიანდება და ეს ფორმა რეალურად არ უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის სრულ საქვეყნოობას.

იმ პირობებში, როცა სხვა კამერის და სხვა ტელევიზიის დამატებით სასამართლო სხდომის წარმართვას არანაირი პრობლემა არ ექმნება, ბუნებრივია, მიგვაჩნია, რომ სასამართლო უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ექსპრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არც ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილა, თუ არ ჩავთვლით 10 ნოემბერს ჩატარებულ პროცესს, როცა მოსამართლემ ადვოკატებს ნება დართო, ფეისბუკ ლაივი ჩაერთოთ სხდომის მიმდინარეობისას.

მეტიც, 3 პროცესიდან 2-ზე ჟურნალისტებს (საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა) იმის საშუალებაც არ მისცეს, აპარატურის გარეშე, დამსწრის სტატუსით შესულიყვნენ სხდომებზე და თვალი მიედევნებინათ პროცესებისთვის.

რა თქვა სასამართლომ, რა წერია კანონში და როგორია გამოცდილება

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობების საპასუხოდ საუბრობდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონის იმ ჩანაწერზე, რომელიც მედიის მიერ პროცესების გაშუქებას არეგულირებს.

ამ კანონში მითითებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, შეუზღუდავად გადაიღოს და ჩაწეროს სასამართლო პროცესი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის სრულად ან ნაწილობრივ დახურულია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

იქვე წერია, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ხსენებული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე.

“თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე”, — ვკითხულობთ შესაბამის მუხლში.

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მოსამართლე აღნიშნულ კანონს არასწორად განმარტავს.

თბილისის საქალაქო სასამართლო; ფოტო: ნეტგაზეთი

“კანონის არც ერთი ნორმა გამორიცხავს იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად სხვა მედიასაშუალებებსაც მიეცეთ იგივეს გაკეთების შესაძლებლობა”, — დასძენს საძაგლიშვილი.

რაც შეეხება პირდაპირ ტრანსლაციაზე უარის მიზეზს: ადვოკატის თქმით, მოსამართლეს აღნიშნული ცალკე არ დაუსაბუთებია, ვინაიდან დაცვის მხარემ ტრანსლაციის საკითხი იმ შუამდგომლობაში გააერთიანა, რომელიც პროცესზე 1tv-ს გარდა სხვა მედიასაშუალებების მუშაობის დაშვებას ეხებოდა.

იმის გადასამოწმებლად, შეზღუდულნი არიან თუ არა მოსამართლეები, დათანხმდნენ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნებს, უახლოეს წარსულში გამართული ზოგიერთი სასამართლო პროცესის გახსენებაც კმარა.

მიმდინარე წლის 17 თებერვალს, როცა საქალაქო სასამართლო ენმ-ის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის შესახებ. სხდომა გადაიცემოდა როგორც საზ. მაუწყებლის “პირველი არხის”, ისე “მთავარი არხის” ეთერში.

ნიკა მელიას პროცესი ორი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა 2019 წელს მოხდა. მაშინ სასამართლო განიხილავდა “რუსთავი2-სა” და “ინტერმედიის” საქმეს, რომელშიც ნიკა გვარამია ფიგურირებდა. გვარამიამ უნდობლობა გამოუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომა “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გადაცემულიყო.

მოსამართლემ გამონაკლისი დაუშვა და “პირველი არხის” ოპერატორის გარდა, “რუსთავი 2-ის” ოპერატორსაც მისცა დარბაზში მუშაობის, ასევე, პირდაპირი ტრანსლაციის უფლება.

“Ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ კანონში არ არის მკაცრად რეგულირებული ტრანსლაციის საკითხი.

კანონის დათქმა – “საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავეშეიძლება განიმარტოს გამოხატვის თავისუფლების მიზნებიდან გამომდინარეჩანაწერია ნებისმიერი მასალა, რომელიც რეალურ დროს არ ასახავს და თუნდაც წამის დაგვიანებით მაინც გადაიცემა.

“მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების ტრანსლირებით კანონი არ დაირღვევა”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ნათია კაპანაძემ, კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” კოორდინატორმა.

მისი თქმით, მოსამართლე თავისუფალია, თავად დაადგინოს პრაქტიკა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ჟურნალისტის ყოფნა პროცესზე

ჟურნალისტები სასამართლო პროცესს აპარატურის გარეშეც ხშირად ესწრებიან, რათა მოუსმინონ სხდომას და მოინიშნონ მისი მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

“ტვ პირველის” რეპორტიორს, ნანუკა ქაჯაიას, თავდაპირველად სააკაშვილის სასამართლო სხდომების გადაღება სურდა და ამისთვის სამივე სხდომის შემთხვევაში წინასწარ შეავსო სპეციალური განაცხადიც, თუმცა მოთხოვნა არც ერთ ჯერზე დაუკმაყოფილეს.

3-დან 2 შემთხვევაში, ნანუკა ქაჯაია, სხვა ჟურნალისტების მსგავსად, არც აპარატურის გარეშე შეუშვეს სასამართლო დარბაზში. მიზეზად, როგორც ამბობს, კორონავირუსის თანმდევი რეგულაციები დაუსახელეს.

“[მითხრეს], კოვიდრეგულაციებია და პროცესს ესწრებიან არასამთავრობოები და საელჩოების წარმომადგენლებიო”, — ეუბნება ჟურნალისტი “ნეტგაზეთს”.

თუმცა, სურათი შეიცვალა ბოლო — 16 ნოემბრის სხდომაზე. ამ ჯერზე, მოსამართლემ გადაწყვიტა, დარბაზში პროცესის მოსასმენად შეეშვა ის ჟურნალისტები, რომელთაც წინასწარ გააფრთხილეს ამის შესახებ.

დარბაზი, რომელშიც 16 ნოემბრის სხდომა ჩატარდა, იმ დარბაზზე პატარაა, სადაც 10 და 15 ნოემბრის სხდომები გაიმართა. რა ლოგიკით არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები პირველ 2 პროცესზე და დაუშვეს მესამეზე, მეტად მცირე ფართობის პირობებში?

“ნეტგაზეთმა”, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოისმინა სასამართლოს პასუხები მედიისადმი მის პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე. მეორე მხრივ, თავად ჟურნალისტებმა გვიამბეს პრობლემებზე, რომლებიც მსგავსი შეზღუდვების გამო ექმნებათ.

ნანუკა ქაჯაია; ფოტო: Facebook/Nanuka Qajaia

ისინი ჩივიან, რომ პროცესის დასრულების შემდეგ, ერთბაშად უწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მათთვის მიწოდებული, რამდენიმესაათიანი მასალის მოსმენა, გაანალიზება, საინტერესო ეპიზოდების მონიშვნა და გაცხრილული მასალის გამზადება გამოსაქვეყნებლად.

“4 და 8-საათიან მასალას ფიზიკურად ვერ შიფრავ. რომ ესწრები, უფრო კარგად გესმის და არ გრჩება ისეთი [დეტალები], რომლებიც შენთვის მნიშვნელოვანია.

წარმოიდგინეთ, [15 ნოემბერს] იყო 4-საათიანი სასამართლო პროცესი. ყველაფერი ხომ დროზეა დამოკიდებული? სამსახურში რომ მივედი და წავიწყე გაშიფვრა, ყველაზე საინტერესო მონაკვეთები ბოლოსკენ იყო და დრო რომ არ მქონოდა, შეიძლება, საერთოდ ვერ მოხვედრილიყო ეთერში.

იქ როცა ხარ, იცი ზუსტად, სად რა მონაკვეთია და მასალასაც მერე უფრო მარტივად ამუშავებ. ძალიან მარტივია, პროცესს როცა ესწრები შიგნით”, — აღნიშნავს ნანუკა ქაჯაია.

ამავე პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნასტასია არაბულიც. როგორც ჰყვება, ახლო წარსულში ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მასაც კოვიდ რეგულაციებს უსახელებდნენ დარბაზში მედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვის მიზეზად, თუმცა სააკაშვილის სხდომების შემთხვევაში აღარც ეს უთქვამთ.

ნასტასია არაბულს სასამართლო პროცესების გადაღება არ მოუთხოვია. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ დარბაზში ჟურნალისტის ყოფნას გამოსახულების დაფიქსირებაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იღებს, ჩემთვის ეგ პასუხი არ არის. მე გადაღებაზე არ მქონდა დაწერილი განცხადება. ონლაინ გამოცემა ვართ და მქონდა [სურვილი], დავსწრებოდი, ჩემი თვალით მენახა და რასაც საყურადღებოდ ჩავთვლიდი, ის დამეწერა რეალურ დროში, იმაზე გამეკეთებინა აქცენტი.

ჯერ ერთი, დროში გაწელილია. პარალელურად სხვა რაღაცებიც ხდება. გუშინ 18:00 საათზე დავამთავრე მაგ ვიდეოების ყურება და ვეღარც გამოვაქვეყნე, აზრი აღარ ჰქონდა. კარგა ხნის დამთავრებული იყო სხდომა, როცა ვიდეოები აიტვირთა, მერე ჩამოიტვირთა და ვუყურე”, — დასძენს ის.

ნასტასია არაბული; ფოტო: სქრინი “ფორმულას” ვიდეოდან

ჟურნალისტი აღნიშნავს, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა დარბაზში ყოფნის პირობებში მოუპოვებია ინფორმაცია, რომელსაც დისტანციურად ვერ მოიძიებდა:

“საზ. მაუწყებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულად იღებდა მასალას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რა სხდომებსაც დავსწრებივარ, სრულად არ იღებს ხოლმე.

შესაბამისად, არ გაქვს სრული სურათი იმისა, რა ხდება სასამართლო დარბაზში. სასამართლო დარბაზში ყოფნა ჟურნალისტს იმის გამო შეუზღუდო, რომ ერთი მედია იღებს, ჩემი აზრით, დიდი უსამართლობაა.

ეს თვითონ სამართალწარმოების ხარისხსაც აფუჭებს. სააკაშვილის ამ სხდომებზე თითო საათი გაიფლანგა იმის მტკიცებაში, უნდა დასწრებოდა თუ არა ყველა მედია და ყოფილიყო თუ არა ლაივ რეჟიმში. ინფორმაცია იყოს თუ არა ხელმისაწვდომი, იმაზე ვმსჯელობთ, იმის მაგივრად, რომ სამართლებრივ საკითხებზე ვიმსჯელოთ”.

“ცუდი პრაქტიკა სტანდარტად არ უნდა ვაღიაროთ”

“მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე საჯაროობის პრინციპი ირღვევა”, – ასე ფიქრობს კოალიციის “მედია ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი ნათია კაპანაძე.

მისი სიტყვებით, სასამართლო ცდილობს — თითქმის ახერხებს კიდეც — დახურულ კარს მიღმა განიხილოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესი და  საზოგადოებამ გვიან გაიგოს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

ნათია კაპანაძე იხსენებს 2012 წელს, ენმ-ის ხელისუფლების დროს მიღებულ “ყველაზე მკაცრ და არარაციონალურ შეზღუდვებს”, რომლებიც სასამართლოში დაწესდა იმხანად ოპოზიციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სხდომების პარალელურად.

მაშინ სხდომათა დარბაზში მობილური ტელეფონისა და სხვა ჩამწერი საშუალებების შეტანა აიკრძალა, ადვოკატებს ლეპტოპის გამოყენების უფლებაც არ ჰქონდათ.

“ყველა ტექნიკურ საშუალებას პროცესზე შესვლამდე სპეციალურად გამოყოფილი დაცვის სამსახური იბარებდა და შემდეგ გვიბრუნებდა.

არარელევანტური შეზღუდვის მიზეზად სასამართლოში სხვადასხვა პირების მიერ ფარული ჩანაწერების გაკეთების მცდელობას ასახელებდნენ”, — იხსენებს კაპანაძე.

ნათია კაპანაძე; ფოტო: ნეტგაზეთი

მისი თქმით, მოგვიანებით, “ქართული ოცნების” პირობებში, წესი შეიცვალა,”თუმცა სასამართლო დღეს, კვლავაც 2012 წელს გამოყენებული ხერხების მსგავსად ცდილობს, პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით განმარტოს სასამართლო სხდომების საქვეყნოობის და საჯაროობის პრინციპი”.

“აუცილებელია, სასამართლომ შეცვალოს თავისი ხისტი მიდგომა და მოსამართლეებმა მედიას ხელი აღარ შეუშალონ პროცესის სრულყოფილად გაშუქებაში.

წინა სხდომების პრაქტიკამ აჩვენა, როგორ ვერ შეძლო მედიამ პროცესის სრულყოფილად გაშუქება. მადლობა უნდა ვუთხრათ მხარის ადვოკატებს, მათ პროცესში მონაწილეობის პარალელურად შეძლეს სხდომის ტრანსლირება.

თუმცა ეს არ არის საკმარისი საქვეყნოობის და საჯაროობის პრინციპების რეალიზებისთვის”, — დასძენს ის.

კაპანაძე ურჩევს ჟურნალისტებს, საჯაროდ მიმართონ სასამართლოს, დააფიქსირონ თავიანთი ინტერესი და კვლავ მოითხოვონ როგორც პროცესზე დასწრება, ისე ტრანსლაციის ტექნიკური უზრუნველყოფა. მისი თქმით, “არსებული ცუდი პრაქტიკა სტანდარტად არ უნდა ვაღიაროთ”.

სააკაშვილის სასამართლო პროცესებს, სისხლის სამართლის სხვა საქმეების განხილვების მსგავსად, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აკვირდება.

ორგანიზაციის იურისტი მერაბ ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ სასამართლოებში მოქმედი კოვიდ რეგულაციები — როგორებიცაა სხდომის დამსწრე პირთა რაოდენობის შეზღუდვა, დარბაზებში დისტანციის დაცვა და ა.შ. —  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს უკავშირდება.

თუმცა, იურისტი ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეს საშუალება არ უნდა ჰქონდეს, “ბლანკეტურად” განმარტოს ხსენებული რეკომენდაციები და თავისი ნებით აწესოს შეზღუდვები:

“[16 ნოემბერს] სხდომის დარბაზი შედარებით პატარა იყო, ვიდრე წინა პროცესებზე და იქ  მოსამართლემ დაუშვა გარკვეული პირები [მედიიდან]. წინა დღეებში ასეთი რამ არ მოხდა. იქ მხოლოდ სადამკვირვებლო მისიები დაგვიშვეს.

რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს. უნდა მიჰყვნენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აქვთ გაცემული და მაქსიმალურად დაიცვან სხდომის საჯაროობის მიმართულებით ეს უფლებები”.

მერაბ ქართველიშვილი; ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ქართველიშვილის თქმით, სასამართლო არ არის შეზღუდული, სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა სხვა მედიებიც დაუშვას და დარბაზი ისე მოაწყოს, რომ თავიდან აიცილოს როგორც ვირუსის გავრცელება, ისე — ხმაური და სხვა პრობლემები.

“მაგალითად, მე როგორც მახსოვს, დარბაზი, რომელშიც 7 ნოემბრის საქმე იხილებოდა [15 ნოემბერს], არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ის დარბაზი, სადაც [16 ნოემბერს] იხილავდნენ საქმეს.

16-ში თუ დაუშვეს მედია, რატომ არ დაუშვეს 7 ნოემბრის საქმეზე? გაუგებარი არგუმენტებია. მოსამართლეები იყვნენ განსხვავებულები და განსხვავებულად განმარტეს [რეგულაცია], სავარაუდოდ.

არ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს იმის საშუალება, რომ ასე ბლანკეტურად შეზღუდოს, თავისი ნებით”.

თავის პროცესებს ვერც ბრალდებული ესწრება

მიხეილ სააკაშვილის პროცესებზე დასწრება, მედიის წარმომადგენელთა გარდა, თავად ბრალდებულსაც შეზღუდული აქვს. პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტი სასამართლო დარბაზში არ მიჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ის გამოძახებული ჰყავს. უწყება ამბობს, რომ სააკაშვილს სხდომებში მონაწილეობა დისტანციურად შეუძლია.

თავისი პოზიციის დასაბუთებისას, პენიტენციური სამსახური სუს-ში მიმდინარე გამოძიებას ახსენებს და დასძენს, რომ შესაძლებელია, სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირებას გარე პირებმა ხელი შეუშალონ. ის ასევე ახსენებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მერაბ ქართველიშვილი პენიტენციურის არგუმენტებს პრობლემურად მიიჩნევს.

“რაც გასულ 3 პროცესზე მოხდა, პრობლემურია. მით უმეტეს, თუ ისინი [პენიტენციური] ეყრდნობიან სუს-ის გამოძიებას, ჩვენ არ ვიცით, 1 თვეში მორჩება ეს გამოძიება, 1 წელში თუ 6 წელში.

შესაბამისად, ამ აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითებით ძალიან რთულია, ვისაუბროთ, რა მოტივები ამოძრავებს პენიტენციურ სამსახურს. ვგულისხმობ ობიექტურ მოტივებს, თორემ სუბიექტურზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ”, — აღნიშნავს იურისტი.

“თავისუფლება მიშას” — წარწერა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან. ფოტო: ნეტგაზეთი

ქართველიშვილის თქმით, ეჭვებს აჩენს როგორც პენიტენციური სამსახურის უარი, ისე სააკაშვილისთვის ციხეში ტელეფონით სარგებლობის უფლების შეზღუდვა.

მისი სიტყვებით, შესაძლოა, ხელისუფლებას არ სურდეს სააკაშვილის სათქმელის ფართო საზოგადოებამდე მიტანა, თუმცა ეს სათქმელი ისედაც გავრცელდება, თუ ექსპრეზიდენტი პროცესებში დისტანციურად მონაწილეობას დათანხმდა. შესაბამისად, იურისტს უჭირს, ახსნას სახელმწიფოს განზრახვა.

“ზუსტად ვერ ვხვდები, მაგრამ ეს ეჭვები, რა თქმა უნდა, ჩნდება…” — დასძენს ის.

ნეტგაზეთმა საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა თბილისის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სადაც გვითხრეს, რომ პროცესზე მედიის დასწრებას მოსამართლე ინდივიდუალურად წყვეტს. ჩვენ დავუკავშირდით თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, სადაც კითხვებს არ უპასუხეს.

უცნობია, როგორ იმოქმედებენ მოსამართლეები სააკაშვილის შემდგომ სხდომებზე, დაუშვებენ თუ არა დარბაზში მედიის უფრო ფართო წარმომადგენლობას და შეიცვლება თუ არა სურათი სხდომებში ბრალდებულის მონაწილეობის კუთხით.

ფაქტი კი ერთია: მედია და შესაბამისად საზოგადოება, ამ დრომდე ვერ იღებს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას ოპერატიულად ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების შესახებ, სადაც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ასამართლებენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.