ახალი ამბები

„მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება!“

„მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება!“

„მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება“, – აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, 2021 წელს გამოცდაზე გასული იმ პედაგოგების პასუხად გააკეთა რომელთაც საკუთარ საგანში მინიმალური კომპეტენცია ვერ გადალახეს.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეკითხვის პასუხად აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან ამ მასწავლებლების ჩანაცვლება მოხდება.

„კარგად მინდა განვუმარტო საზოგადოებას იმ გამოცდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა სულ ახლახან. ეს გამოცდა იყო მხოლოდ კონკრეტულად პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს ხარისხი სკოლებში. მე გეტყვით ზუსტად, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება. ადამიანურად მე მესმის, არავის არ უხარია, როცა ვიღაც ჩაიჭრება გამოცდაზე, მაგრამ თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება“, – განაცხადა განათლების უწყების პირველმა პირმა.

მისივე თქმით, პრაქტიკოსი პედაგოგების ჩანაცვლება პროფესიაში შემოსვლის მსურველებით, რომელთა რაოდენობაც დიდია, კონკურსის საფუძველზე მოხდება. ჩხენკელის შეფასებით, აღნიშნული პროცესი, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის კუთხით, წინგადადგმული ნაბიჯია.

„სკოლებს აქვთ უკვე ვალდებულება, რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი. მსურველები ანუ ახალი სისხლი და მასწავლებლობის მსურველთა, ძალიან დიდი რაოდენობაა რომელთაც აინტერესებთ ამ პროფესიაში შემოსვლა. ეს ჩვენ ძალიან გვიხარია. ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, მათ შორის, ხელფასების ზრდის მიმართულებით, ხელფასები არის ერთერთი და არა ერთადერთი იმისთვის, რომ მასწავლებლის პრესტიჟი ქვეყანაში გაიზარდოს. შედეგად, გვაქვს მკვეთრი ზრდა პროფესიაში შემოსვლის მსურველების. ადამიანებმა უნივერსიტეტებში გაიარეს 60-კრედიტიანი პროგრამა პედაგოგებისთვის და მათ დააფიქსირეს სურვილები, რომ შემოვიდნენ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, კონკურსების საფუძველზე და კონკურსი იქნება საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული, ჩვენ გვეყოლებიან ახალი მასწავლებლები იმ ადგილებზე, რომლებიც გათავისუფლდება. ესეც არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი სკოლებში ხარისხის გაზრდის მიმართულებით“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, საგნის გამოცდაზე გასული 5 340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა მასწავლებელმა და მოქმედი კანონის თანახმად, სკოლა მათ ადგილას ვაკანსიას გამოაცხადებს. „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.

პედაგოგებმა, რომლებმაც სისტემა 2022 წლიდან უნდა დატოვონ, განათლების სამინისტროსთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისა და საუბრის სურვილიც გამოთქვეს. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, მასწავლებლებმა, რომელთა ჩანაცვლებასაც კანონი ითვალისწინებს, განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

ამავე თემაზე:

პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.