ახალი ამბები

თუ იქნება უსამართლო განცხადება, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი – კობახიძე ელჩებზე

თუ იქნება უსამართლო განცხადება, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი – კობახიძე ელჩებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ელჩების მხრიდან  „უსამართლო“ განცხადებები იქნება, მმართველი გუნდი მათ „სათანადო პასუხს“ კიდევ ერთხელ  გასცემს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა კობახიძეს შეახსენა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ კენი დეგნანის განცხადება და მისი საპასუხო კომენტარი. წამყვანმა კობახიძეს უთხრა, რომ თუ ელჩი არასწორად იქცევა, ამისთვის არსებობს კონკრეტული პროცედურა საგარეო სამინისტროს გავლით.

„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ელჩმა თავის თავს უფლება რომ მისცეს და შიდაპოლიტიკურ საკითხზე განცხადება გააკეთოს, მას აუცილებლად დაიბარებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცემენ ნოტას“, – უთხრა წამყვანმა კობახიძეს.

კობახიძის თქმით, ისინი „ამ სიღრმეში არ შედიან“, რადგან როდესაც კეთდება საჯარო განცხადება, ამას პოლიტიკურად სჭირდება საჯარო გამოხმაურება.

„პირველად საქართველოს ისტორიაში დავამკვიდრეთ აბსოლუტურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, თავისი სამართლიანი 5%-იანი ბარიერით. ბარიერთან დაკავშირებით ვართ მართლები, მოსამართლეებთან დაკავშირებით ვართ მართლები, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ვართ მართლები. ყველაფერთან დაკავშირებით ვართ მართლები.

შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია სიმართლე. თუ იქნება უსამართლო განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნება სათანადო პასუხი. ჩვენ სისწორე გვაინტერესებს [აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებების]. სადაც იქნება ობიექტური კრიტიკა, იქ ჩვენ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში გავყვებით ამ კრიტიკას. მაგრამ თუ მიგვაჩნია, რომ კრიტიკას არ აქვს ობიექტური საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამას საჯაროდ გამოვეხმაუროთ“, – განაცხადა კობახიძემ.


აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა  განაცხადა, რომ ყველა პარტიის მიერ შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღება სამწუხარო იქნება და „ერთი პარტია, რომელიც მართავს ყველაფერს… უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის“. პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კელი დეგნანი არ არის კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი.

კობახიძის პასუხს გამოეხმაურა კელი დეგნანი და აღნიშნა, რომ თავადაც აქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.

მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში — დეგნანის პასუხი კობახიძეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.