რუსეთი ითხოვს, ნატომ უკან წაიღოს დაპირება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრებაზე

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან ითხოვს, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოსთან დაკავშირებით მიმართვა დღეს, 10 დეკემბერს გაავრცელა. ის საკუთარ პირობებს აყენებს.

„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ნატომ ოფიციალურად უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, — აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.

რუსეთი ამ მიმართვაში მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.

რუსეთი კიევს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ის დონბასში ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება.

„იმის ნაცვლად, რომ შეაკავონ თავიანთი უკრაინელი პროტეჟეები, ნატოს ქვეყნები კიევს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებენ. სხვაგვარად შეუძლებელია იმ სამხედრო სწავლებების ინტერპრეტირება, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები შავ ზღვაში ატარებენ“, — აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და ახსენებს შემთხვევებს, როცა დასავლური სახელმწიფოების სამხედრო თვითმფრინავები „სახიფათოდ“ მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ნატოში შეყვანის მცდელობა, რაც იქ გამოიწვევს ნატოს სარაკეტო სისტემების დაყენებას, პირდაპირ ქმნის საფრთხეს რუსეთისთვის, რადგან ამ რაკეტების მინიმალური საფრენი მანძილი ცენტრალურ რუსეთამდე აღწევს. რუსეთი აღნიშნულს აღიქვამს სამხედრო საფრთხედ, რამაც შესაძლოა, ევროპაში მასშტაბური კონფლიქტი გამოიწვიოს.

რუსეთი შეახსენებს დასავლეთს, რომ 1999 წელს „სტამბოლში ეუთოს სამიტზე მიღებულ იქნა ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მონაწილე სახელმწიფოები „არ გააძლიერებენ თავიანთ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე“.

გარდა იმისა, რომ რუსეთი ნატოსგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, მას აქვს სხვა მოთხოვნებით.

რუსეთი ითხოვს:

  • აშშ-სგან და ნატოსგან იურიდიულ გარანტიას, რათა არ განათავსონ თავდასხმის იარაღები რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები;
  • ოპერაციული წვრთნების ტერიტორია გადავიდეს რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე;
  • სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილის კოორდინაცია სახიფათო სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში;
  • თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლება რუსეთ-აშშ-ისა და რუსეთ-ნატოს ხაზით;

რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს დიალოგი მის მიერ წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.