„2022 წელი უფრო ამბიციური გვექნება“ – განათლების კომიტეტის 2021 და ახალი წლის გამოწვევები

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, EDU.ARIS.GE-ს ჯერ კიდევ კომიტეტის ხელმძღვანელად წარდგენამდე გვესაუბრა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასული წლის მუშაობა შეაჯამა. გვითხრა ისიც, რომ 2022 წელი კომიტეტისთვის კიდევ უფრო ამბიციური იქნება.

ჩვენ დავინტერესდით, რა როლი აქვს დღეს განათლების კომიტეტს განათლების სისტემის გაუმჯობესებაში, როგორ აფასებს ის კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეულ სამუშაოს, რას თვლის მიღწევად და რა ვერ განახორციელეს გასულ წელს.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს.

„ეს არის განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის განსაზღვრა და აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობა, ასევე კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ეს წელი პოლიტიკურად საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა კომიტეტმა მაინც მოახერხა, რომ დარგობრივ საკითხებზე კონცენტრირებულიყო. გვქონდა არაერთი საინტერესო ინიციატივა კერძო სკოლების დაფინანსებასა და სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი პროექტია აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების კოდექსის საჭიროების კვლევა, რომელიც ჩაატარა კომიტეტმა, შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და შემდეგ წელს უკვე ვიმსჯელებთ განათლებისა და მეცნიერების კოდექსის მიღება-არმიღების საკითხზე. ასევე, ჩავატარეთ თემატური მოკვლევა – პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა და შესაბამისი რეკომენდაციები გადაეგზავნა განათლების სამინისტროს.

პროფესიულ განათლებაში გვაქვს სიახლე, რომ უნარების სააგენტო ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ამ კუთხითაც პროფესიული განათლების ინტეგრირება სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან ახალ ეტაპზე გადადის. უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში გვაქვს შესაბამისი პროექტები წარმოდგენილი“, – ამბობს გიორგი ამილახვარი.

ის მიიჩნევს, რომ რთულ პოლიტიკურ წელთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა შეძლო იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა და გამოწვევებისთვის ეპასუხა, რაც განათლებაში გვაქვს და მომდევნო წლის მიზნები ბევრად ფართოა.

„შემდეგი წელი უფრო ამბიციური გვექნება, ვინაიდან უფრო ამბიციურ მიზნებს დავუსახავთ ჩვენს თავს. ეს იყო პირველი წელი ჩვენთვის, მეათე მოწვევის პარლამენტში. კომიტეტი ჩამოყალიბდა, ფუნქციები არის სწორად გადანაწილებული ყველა წევრზე. ამიტომ შემდეგი წლები იქნება ბევრად უფრო დატვირთული და უფრო ამბიციური გეგმები გვექნება“, – აღნიშნავს ამილახვარი.

კომიტეტის ახალი თავმჯდომარე კომიტეტისთვის 2022 წლის მთავარ გამოწვევებსაც აკონკრეტებს:

„მთავარი გამოწვევა გვაქვს უმაღლეს განათლებაში დაფინანსების მოდელის ცვლილება, რომელზეც უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა და ეს იქნება მთავარი საკვანძო საკითხი, რომ მომავალ წელს ჩვენ მოვახდინოთ ამის ცვლილება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრინციპში, სისტემურად შეცვლის უმაღლეს განათლებას და უფრო მეტ ბიძგს მისცემს, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს. სკოლებს რაც შეეხება, აქ არის უწყვეტად მიმდინარე მასწავლებლების შერჩევისა და განვითარების საკითხები რაც მნიშვნელოვანია. ასევე, მომავალ წელს ჩვენ გვექნება ყველა საჯარო სკოლის დირექტორების კონკურსი და გვეყოლება ახალი დირექტორები. შესაბამისად არსებითია, რომ სწორად ჩატარდეს ეს კონკურსი, კრიტერიუმები იყოს ადეკვატური, ვინაიდან სკოლის მართვა არის ერთერთი ფუნდამენტური რამ. საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით უკვე მიღებულია ცვლილებები, რაც დავაინიცირეთ. 2022 წლიდან უწყვეტად დაიწყება ამ ცვლილებების განხორციელება, გაწერილი გრაფიკის მიხედვით შეიქმნება პორტალი, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ყველა ბაღი, ასევე პარალელურად დაიწყება ავტორიზაციის სტანდარტებზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, არც ერთი მიმართულება არ დარჩება ისე, რომ მთავარი გამოწვევები რაც არის, კომიტეტმა არ უპასუხოს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი კი აცხადებს, რომ 2021 წელს კომიტეტმა დაისახა მიზანი, რომ სიტყვები – „განათლება არის პრიორიტეტი – მაქსიმალურად ვაქციოთ საქმედ“.

„ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ბევრი მიმართულებით. ჩვენი თემატური მოკვლევა, ზოგად განათლებაზე კოვიდის ზეგავლენის შესახებ არ არის მოკვლევა, რომელიც მხოლოდ ფაქტების დადგენაზეა ორიენტირებული, ის ასევე განსაზღვრავს სამომავლოდ როგორ უნდა მოვახდინოთ რემედიაცია იმ დანაკლისის, რომელიც შეიქმნა განათლების სისტემაში. ამაზე ორიენტირებული კვლევა დავიწყეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. პოსტპანდემიურ პერიოდში ჯერ არ ვართ და ეს რეკომენდაციები პანდემიის მიმდინარეობისას მიღებული დანაკლისის აღმოფხვრის კუთხით გამოგვადგება“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში თამარ ტალიაშვილი.

მისი თქმით, წლევანდელი წელი დაგვამახსოვრდება მნიშვნელოვანი მიღწევით ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მაგრამ ამავე დროს, ძალიან სერიოზული პრაქტიკული, ფინანსური მხარდაჭერით ჩვენი განათლების სისტემისთვის, რომელიც არის „ჰორიზონტი ევროპის“ ხელშეკრულების რატიფიცირება.

„ეს ნიშნავს 95.5 მილიარდ ევროზე წვდომას ჩვენი მეცნიერების კვლევებისა და ინოვაციების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ამ სფეროს უკვე გამოცდილი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. მუშაობას დავიწყებთ დაფინანსების მოდელებთან დაკავშირებით როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე უკვე დავიწყეთ სკოლების ავტორიზაციის კუთხით, 2026 წლისთვის უნდა გვქონდეს ავტორიზებული სკოლები და ეს დავისახეთ მიზნად“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან თამარ ტალიაშვილი.

რაც შეეხება გამოწვევებს 2022 წლისთვის და ზოგადად სისტემაში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ სექტორში დასაქმებულების შრომის ღირსეული დაფასებაა მისაღწევი. „ამ მიმართულებით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტად შევძლებთ ხელფასების მომატებას“, – დასძენს თამარ ტალიაშვილი.

ასევე იხილეთ:

„ჩვენს განათლების სისტემას ორი გამოწვევა აქვს“ – შალვა პაპუაშვილი განათლების კომიტეტის 2021 წლის მუშაობას აჯამებს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.