„ასეთ დროს რას აკეთებს განათლების სამინისტრო, იქნებ გამოიღვიძოთ?!“ – სერტიფიცირებული მაძიებელი მასწავლებლის მძიმე ისტორია

ისტორიის საგანში სერტიფიცირებული მაძიებელი მასწავლებელი ოთო საბანაძე, სკოლაში დასაქმების საკუთარ ისტორიას საჯაროდ აქვეყნებს და იმ მძიმე ფაქტებზე მიუთითებს რომელიც დღეს საჯარ სკოლებში მრავლადაა. ვიდრე წერილს შემოგთავაზებთ გაგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე EDU.ARIS.GE-სთან სკოლებიდან საგანში გამოცდავერჩაბარებული მასწავლებლების გადინების შემდეგ კადრების დეფიციტს გამორიცხავდა, თუმცა ამ წერილში მოცემული ამბავი უფრო მძიმე პრობლემას ააშკარავებს, რის წინააღმდეგ ბრძოლაც სერტიფიცირებულ დაუსაქმებელ მასწავლებლებს ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებლად უწევთ:

მინდა მოგიყვეთ იმ მანკიერებებზე რაც განათლების სისტემაში და კერძოდ კი სკოლებში არსებობს. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი პროფესიით მასწავლებელი და მთელი ჩემი ცხოვრება მიმეძღვნა ამ საქმიანობისთვის. მიზნის მისაღწევად აქტიურად ვიღწვოდი. დავასრულე უნივერსიტეტი, გავიარე მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ჩავაბარე საგნის ( ისტორია ) გამოცდა და ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავიწყებდი პედაგოგიურ მოღვაწეობას, თუმცა… რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სულ არავის სჭირდება არც გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი და არც მასწავლებლის მომზადება გავლილი. აქ უფრო სხვა რამეებია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი და სწორედ ამ ფაქტორებმა მიბიძგა ამ სტატუსის დაწერა.

სკოლების დაახლოებით 95 % პროცენტში მასწავლებლის აყვანა ხდება კულუარული საუბრების შედეგად (ანუ ქართულ ჯიგრულ პონტში ). ვაკანსიის დადების შემდეგ გასაუბრებაზე მისულ კანდიდატს ხვდება გასაუბრების კომისია, რომლებსაც წინასწარ ყავთ შერჩეული მათთვის სასურველი კანდიდატი და ყველანაირად ცდილობენ სხვა კანდიდატების მოშორებას, რაც არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ მასწავლებლად იტოვებენ საკუთარ საგანში გამოცდაჩაუბარებელ მასწავლებელს, რომელმაც ისიც არ იცის რას ასწავლის და უფრო მეტად კომპეტენტური და კვალიფიციური მასწავლებლები რჩებიან დაუსაქმებლები ან იძლებულები ხდებიან სრულიად სხვა სფეროს მიაშურონ.

ახლა ყველაზე უფრო გულსატკენ ამბავს გიამბობთ, რომელიც გააშიშვლებს დღევანდელ ჩვენს განათლების სისტემას. მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთმა სკოლამ დადო ვაკანსია, რაზეც გავაგზავნე მოთხოვნა და დამიბარეს გასაუბრებაზე. გასაუბრება დაინიშნა სკოლაში პირდაპირი დასწრებით (ალბათ ეჭვებს ისიც გაგიჩენთ, რომ გასაუბრება სკოლაში მაშინ დაინიშნა, როდესაც მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობა იყო და გადაადგილება ძალზედ ჭირდა). ვაკანსიზე დაბარებით გახარებული და ოპტიმიზმით სავსე წავედი დიდი გაჭირვებით ამ სკოლაში.

გასაუბრებამ კარგად ჩაიარა და დადებითი შთაბეჭდილებაც დავტოვე. მეორე დღეს ველოდებოდი დირექტორის პასუხს. თუმცა სანამ პასუხს გავიგებდი, დამირეკა ამავე სკოლის ისტრიის მასწავლებელმა, რომელმაც ვერ ჩააბარა საგნის გამოცდა და შესაბამისად, ჩემი მიღების შემთხვევაში მოუწევდა სკოლის დატოვება. საუბრის შინაარსი შემდეგი იყო: მან ვერ ჩააბარა გამოცდა და თუ მე მივიდოდი, მას გაუშვებდნენ, მას კი ვალები ჰქონდა და მთხოვა რომ უარი მეთქვა სკოლაში მისვლაზე. ამაზე ვუპასუხე, რომ მანამდე რამდენიმე მასწავლებელმაც იგივე მოთხოვნით დამირეკა და მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ, რამდენჯერ შეიძლებოდა გამეთვალისწინებინა ესა თუ ის მასწავლებელი. ამის მოსმენის შემდეგ უკვე მირეკავს აღნიშნული მასწავლებლის ძმა, რომელიც მეუბნება რომ სურს ჩემთან შეხვედრა (ქუჩურად უნდა გადაწყვეტილიყო ეს საქმე ანუ). მიუხედავად ასეთი მცდელობისა, მათ სასურველი პასუხი ჩემგან მაინც ვერ მიიღეს.

ახლა უკვე ჯერი დირექტორზე მიდგა, რომელმაც დამირეკა პასუხის სათქმელად ამიყვანდნენ თუ არა. დირექტორმა მითხრა შემდეგი: კომისიამ იმსჯელა კანდიდატებზე და შენ ხარ შერჩეული, მაგამ შენ რომ მიგიღოთ ჩვენი მასწავლებლის გაშვება მოგვიწევს და ცოდოა, ამიტომ მოდი ისე შენ თქვი უარი სკოლაში მუშაობაზე. ამ პასუხით გაოგნებულმა მივხვდი, რომ მათთან ვერაფერს გავხდებოდი, რადგან პრობლემა იყო არათუ ამ კონკრეტულ სკოლაში, არამედ ზოგადად განათლების სისტემაში. ასე და ამგვარად ხდება გასაუბრებები სკოლებში, სერტიფიცირებულ და კვალიფიციურ მასწავლებლებს უშვებენ გარეთ ხოლო თავისთან კი იტოვებენ უსწავლელ უვიც მასწავლებლებს. ასეთ დროს რას აკეთებს განათლების სამინისტრო? იქნებ გამოიღვიძოთ, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ამის შემდეგ დამწყებ პედაგოგს, თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა ისწავლოს და იწვალოს მაინც გარანტირებული არ ექნება არაფერი, რადგან მთავარი აქ ნაცნობობა და ახლობლობაა. განათლება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საფუძველია სახელმწიფოსი და იგი ასეთ დღეშია რა მომავალი უნდა ჰქონდეს ასეთ ქვეყანას? ეს მე მხოლოდ საკუთარი ამბავი მოვყევი თორემ მსგავსი შემთხვევები კიდევ უამრავია”, – წერს მაძიებელი მასწავლებელი 3 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში.

ასევე იხილეთ:

მასწავლებელმა სკოლას, რომელმაც ის სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლო დავა მოუგო

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.