ახალი ამბები

ილიაუნის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს მზის კორონული მასის ამოფრქვევების გამომწვევი მოვლენა

ილიაუნის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს მზის კორონული მასის ამოფრქვევების გამომწვევი მოვლენა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერეს მზის კორონული მასის ამოფრქვევების გამომწვევი მოვლენა. ეს ამოფრქვევები განსაზღვრავს კოსმოსურ ამინდს და დედამიწაზე მზის მავნე გავლენას, ამიტომ აღმოჩენა ამოფრქვევების პროგნოზირების უნიკალურ საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, წარმოადგენს სამეცნიერო გარღვევას კოსმოსური ამინდის წინასწარმეტყველების საკითხში.

მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, უდიდეს გავლენას ახდენს პლანეტთშორისი სივრცის, დედამიწის მაგნიტოსფეროსა და პლანეტის სასიცოცხლო პირობებზე, ამიტომ მზეზე მიმდინარე აქტიური პროცესების პროგნოზირება ჩვენი ცივილიზაციის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი წინაპირობაა.

მზის ატმოსფეროში მიმდინარე აქტიური პროცესებიდან ყველაზე ენერგეტიკული მოვლენა უკავშირდება კორონული მასის ამოფრქვევებს, რომლებიც მზის გვირგვინში დაკიდებული პლაზმის ღრუბლების, პროტუბერანცების, არამდგრადობის შედეგად მიიღება. ამ პროცესის დროს მილიარდობით ტონა ნივთიერება ამოიფრქვევა და მოემართება პლანეტთშორის სივრცეში, ხოლო დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში იწვევს მაგნიტურ ქარიშხლებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ტელესაკომუნიკაციო სისტემებზე, ხელოვნურ თანამგზავრებსა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ამ პროცესების გამომწვევი მექანიზმი დღემდე უცნობია. კოსმოსური მისიების, SDO-ისა და STEREO-ის, მიერ მიღებულ ერთობლივ დაკვირვებათა ანალიზით ქართველმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროტუბერანციდან პლაზმის ბურთულაკების ვარდნა, ცნობილი კორონული წვიმის სახელით, იწვევს მათ არამდგრადობას და, შესაბამისად, კორონული მასის ამოფრქვევებს.

„ინტენსიური კორონული წვიმის შედეგად პროტუბერანცის მასა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იწვევს მის არამდგრადობას“, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასისტენტ-მკვლევარი ზურაბ ვაშალომიძე, – პროტუბერანცის არამდგრადობა იწყება კორონული წვიმის დაწყებიდან რამდენიმე ათეული საათის შემდეგ, რაც გვაძლევს კორონული მასის ამოფრქვევის პროგნოზირების საშუალებას მინიმუმ ერთი დღე-ღამით ადრე“.

ESA-ის ახალი მისიის, Solar Orbiter-ის და დედამიწაზე მდებარე დიდ ტელესკოპებზე დაგეგმილი მომავალი დაკვირვებები ქართველ მეცნიერებს კოსმოსური ამინდის პროგნოზირების უნიკალურ საშუალებას აძლევს.

სრული სტატიის სანახავად იხილეთ ბმული.

სამეცნიერო სტატია:

Vashalomidze, Z., Zaqarashvili, T. V., Kukhianidze, V., Ramishvili, G., Hanslmeier, A., Gömöry, P., Prominence instability and CMEs triggered by massive coronal rain in the solar atmosphere, Astronomy & Astrophysics, 658, A18, 2022, 10.1051/0004-6361/202040233

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.