ერასმუს + ჟან მონეს პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა გახსნა
“რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში ერასმუს + ჟან მონეს პროექტის – „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება საქართველოს სკოლებში“ (EU-GS), შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს.
EU GS პროექტს „ევროპის უნივერსიტეტი“ ახორციელებს და იგი მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას.
შეხვედრა “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
“ევროპის უნივერიტეტისთვის“, როგორც ამას ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელიც გვკარნახობს, პრიორიტეტულია სტუდენტებში ევროპული ღირებულებების დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა. ევროპეიზაცია, როგორც ცნება, ჩვენი უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რადგან „ევროპის უნივერსიტეტი“ ის სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს უმაღლეს განათლებასთან ერთად აძლევს შანსს, ცოდნა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კიდევ უფრო აიმაღლონ. ამ მიზნით აქტიურად ვართ ჩართული პროგრამებში, რომლებიც ჩვენი სტუდენტების ინტერესებზეა გათვლილი.
ამაყი ვარ, რომ ჩვენი მცდელობის პირველივე წელს ერასმუს პლიუსის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტი გახდა ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული და შეძლო როგორც მოდულის, ისე პროექტის განსახორციელებლად გრანტების და შესაბამისად ევროკავშირის ნდობისა და აღიარების მოპოვება!
უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს როგორც ევროკავშირთან, ისე პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ახალი, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ევროპული ქვეყნების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.