ახალი ამბები

“დოჟდი” მაუწყებლობას ლატვიიდან განაახლებს

“დოჟდი” მაუწყებლობას ლატვიიდან განაახლებს

ოპოზიციურმა რუსულმა ტელეკომპანია “დოჟდმა” ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ადგილობრივი მედიის თანახმად, ლატვიაში რეგისტრირებული არხების სიაში 9 ივნისს გამოჩნდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “დოჟდი”, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ომის კრიტიკულად გაშუქების გამო. საბოლოოდ, იმავე თვეში, ტელეარხი იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა მუშაობა.

“დოჟდის” ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დრაკონული კანონის მიღება რუსეთში, რომლის ძალითაც მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლატვიური მედიის თანახმად, ქვეყნის “ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოში” აღნიშნეს, რომ “დოჟდის” ლატვიიდან მაუწყებლობაზე მოლაპარაკებები, რომლებშიც ლატვიის მედიასფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღესვე ლატვიამ 80 რუსული ტელეარხის აკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღო. სააგენტო LETA ციტირებს ზემოხსენებული საბჭოს თავმჯდომარეს, ივარს აბოლინსს, რომელიც დასძენს, რომ:

“გადაწყვეტილება მიღებული იქნა ახალი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში რეგისტრირებული პროგრამები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ლატვიაში ვერ იმოქმედებენ”.

“დოჟდისთვის” მიცემულ ლიცენციაზე ტელეარხის მთავარი რედაქტორი, ტიხონ დზიადკოც წერს სოციალურ ქსელში. მისი თქმით, “დოჟდი” მალე განაახლებს მაუწყებლობას.

“როგორც ბევრმა თქვენგანმა ნახა მედიაში, “დოჟდმა” მიიღო ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია. 9 ივნისს მაუწყებლობას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როცა მზად ვიქნებით.

ბევრი გეგმა გვაქვს: ვგეგმავთ მაუწყებლობას სხვადასხვა სტუდიიდან – ლატვიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და საქართველოში”, — წერს ის და იქვე დასძენს, რომ დეტალები მალე გასაჯაროვდება.

მას შემდეგ, რაც “დოჟდმა” მუშაობა შეაჩერა, ტელეარხის არაერთმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა. ტიხონ დიადკო და “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან დაიწყეს ახალი გადაცემა, რომელიც “იუთუბით” გადაიცემა.

3 თვეზე მეტია, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მეტად გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა, რის ფონზეც არაერთი კრიტიკული მედიასაშუალება იძულებული გახდა, შეეჩერებინა მუშაობა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.