სსს კოდექსში ცვლილებები ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იზრდება სამართალდარღვევათა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე, იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ხანგრძლივობა.

„მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროკავშირმა ცვლილებების მიღებამდე საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო.

„ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე“, — აცხადებს ევროკავშირის ელჩის და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ.

„მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცველ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ფარულ მოსმენებზე სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.