ახალი ამბები

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. ეს პროცესი 2023 წელს დაიწყება და როგორც 24 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახა ერაძემ განათლების სამინისტროს ზოგადი რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ ინტერვიუში განმარტა, ჯერ ის სკოლები გაივლიან ავტორიზაციას, რომლებსაც ყველაზე დიდი თვითშეფასება ექნებათ დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარების შემდეგ.

კახა ერაძის ინფორმაციით, 312-მა სკოლამ გაიარა დიაგნოსტიკური თვითშეფასების ეტაპი, 500 სკოლაში ახლა მიდის აქტიური მუშაობა და წლის ბოლომდე, ყველა საჯარო სკოლამ უნდა ჩაატაროს.

„სკოლებმა 2026 წლამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია, თუმცა თვითშეფასებების შედეგების მიხედვით, ისინი დალაგდებიან ჯგუფებად. ყველაზე მაღალი შესაბამისობების მქონე სკოლები 2023 წელს გაივლიან ავტორიზაციას, შემდეგი შესაბამისობის – 2024 წელს, 2025 წელს და ყველაზე დაბალი შესაბამისობა სადაც გვექნება, ისინი 2026 წელს ჩაისმებიან ავტორიზაციის გეგმაში, რაც გვაძლევს მთელს ოთხწლიან პერიოდს იმისათვის, რომ სკოლას დავეხმაროთ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად“, – აცხადებს ერაძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე სკოლებს მოუწოდებს, არ ეცადონ, დიაგნოსტიკური შეფასებისას, სკოლა წარმოაჩინონ იმაზე უკეთესად, ვიდრე ის სინამდვილეშია, რადგან, მისი თქმით, ეს თვითშეფასება განიხილება როგორც სკოლის შიდა განვითარების ძალიან ძლიერი მექანიზმი.

„მე თუ თვალხილული არ ვიქნები ჩემს საჭიროებებთან მიმართებაში ან ვერ ვახდენ ჩემი საჭიროებების იდენტიფიცირებას, აქ უკვე არის სკოლის მენეჯმენტის პრობლემა… სკოლებს ეგონათ, რომ მათ უნდა შექმნან ყველა ის დოკუმენტი, პროცედურა, რასაც ახალი სტანდარტი სთხოვს. ჩვენ ვეუბნებით, არა, თქვენ დაგვანახეთ თქვენი თავი ამ წუთში სად ხართ. მერე, მეცოდინება, რომ თქვენ არ გაქვთ მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვის მწყობრი სისტემა და მეთოდოლოგია, მეცოდინება, რომ უნდა დაგეხმაროთ ამ მეთოდოლოგიის განვითარებაში. ამიტომ, თვითშეფასებაში გადამწყვეტი არის გულწრფელობა“, – ამბობს ერაძე.

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლას აქვს უფლება განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, თუმცა, ამ პერიოდამდე, ყველამ უნდა მოიპოვოს ამ საქმიანობის უფლება ავტორიზაციის გზით. სკოლებს ავტორიზაცია 6 წლის ვადით ენიჭებათ და შემდეგ, ყოველ 6 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ხელახალი ავტორიზაცია.

ავტორიზაციის სტანდარტს კახა ერაძე ერთგვარ ჩონჩხს უწოდებს, რომლის გარშემოც მთელი სისტემა ეწყობა. მისი განმარტებით, საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში შესვლისთვის, აუცილებელია, გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება და სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების პროცესი გახლავთ ავტორიზაცია.

„დოკუმენტების შესაბამისობიდან უნდა გადავიდეთ პროცესების შესაბამისობაზე. დოკუმენტები მნიშვნელოვანია და გახლავთ მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აპირებს დაწესებულება საქმიანობას. როცა სკოლა პირველად გადის ავტორიზაციას, მისთვის ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე რეავტორიზაცია… პირველადი ავტორიზაციის დროს სწორედ უნდა დავინახოთ დაპირება, როგორ აპირებს მუშაობას, რა იქნება მისი ხედვა, რა იქნება მისი პოლიტიკა ავტორიზაციის სხვადასხვა ჭრილში. რეავტორიზაცია უფრო საპასუხისმგებლოა, როდესაც დაპირება უნდა იქცეს საქმედ. აქამდე, სკოლის ავტორიზაციაზე ძირითადად ზრუნავდა, როგორც წესი, ერთი პირი. ხშირ შემთხვევაში, სკოლა ქირაობდა ავტორიზაციის წინ იურისტს ან სხვა ტიპის სპეციალისტს, რომელიც უცებ მოუწესრიგებდა დოკუმენტებს და ის წარმატებით გადიოდა ავტორიზაციას. ახლა მხოლოდ დოკუმენტები ვერ იქნება სკოლის წარმატებით ფუნქციონირების გაზომვის ერთადერთი ინდიკატორი“, – ამბობს განათლების ხარისხის კონტროლის სამსახურის წარმომადგენელი.

ერაძის განმარტებით, ამ დრომდე, კერძო სკოლებში ავტორიზაცია ხდებოდა კონტროლის აქცენტით, რომელიც ახლა განვითარების აქცენტით შეიცვლება. თითოეულ სკოლას კი თავისი ჩამოყალიბებული ფილოსოფია უნდა ჰქონდეს, რომელიც მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებს…

„ავტორიზაცია ფურცელი არ არის, რომელსაც მიიღებ და კედელზე გამოაკრავ. ეს არის მართვის კულტურა ხარისხზე ორიენტირებული… სკოლის ფილოსოფია უნდა დავინახოთ სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს იქნება მასწავლებლის საქმიანობა, დამხმარე პერსონალის, დარაჯის, მოსწავლის თუ სხვა. სკოლა ამ სულით უნდა ცხოვრობდეს, მისი ინფრასტრუქტურის შიგნით ეს სულიერება უნდა ტრიალებდეს“, – აცხადებს კახა ერაძე, რომლის აზრითაც, სკოლამ ოთახების სტრუქტურა თუ კედლის ფერიც სწორედ იმ ფილოსოფიას უნდა მოარგოს, რომელიც მას დეკლარირებული ექნება.

ავტორიზაციის პროცესში სკოლებს ასევე მოუწევთ, საკუთარი უნიკალურობა დაინახონ იმ რეგიონიდან, იმ თემის თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ, რადგან, ერაძის განმარტებით, „არ შეიძლება, საბურთალოზე რომელიღაც სკოლას და რაჭის მაღალმთიან სოფელში რომელიმე სკოლას ჰქონდეს ზუსტად ერთნაირი და იდენტური მისია“.

ასევე იხილეთ:

„სავარაუდოდ, ავტორიზაციას ყოველწლიურად 500 სკოლა გაივლის“

რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.