CIU-ში პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლა გაიხსნა
27 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნანა ამირანაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საზაფხულო სკოლის დირექტორი, ალიკა გუჩუა.
სკოლის პირველი დღე ასოცირებული პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ თამარ კიკნაძის ლექციით დაიწყო თემაზე: „შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებებში“, დღის მეორე ნახევარი კი პროფესორის, სოციალური მეცნიერებების დოქტორ ზაზა ცოტნიაშვილის ლექციას დაეთმო თემაზე: „პოლიტიკური მოვლენების გაშუქება მედიაში“.
ლექციები ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და მსმენელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე მსმენელი იღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ კურსი ერთი კვირის განმავლობაში 8 ლექციას მოიცავს: „მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პოლიტიკური მიმოხილვა“, სპიკერი: ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, პეტრე მამრაძე; „საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში“, სპიკერი: პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ მაისაია; „საქართველოს საერთაშორისო გამოწვევები ენერგოუსაფრთხოებაში“, სპიკერი: ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ნიკა ჩიტაძე; „პოლიტიკური იმიჯოლოგია“, სპიკერი: ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, თამარ ჩიბურდანიძე; „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკა და გამოწვევები“, სპიკერი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ალიკა გუჩუა; „რელიგიების გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე“, სპიკერი: CIU-ს რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, გიორგი ფარეშიშვილი.
პოლიტიკური განათლების საზაფხულო სკოლას საგანმანათლებლო შემეცნებითი გასვლითი ტური დაასრულებს.