5 მილიონამდე ლარი 38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – ტენდერი გამოცხადდა

2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრისთვის ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურებისთვის განათლების სამინისტრო 4 822 500 ლარის გადახდას აპირებს – ამის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 18 ივლისს გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული, ამ მომსახურებით მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხი საჯარო სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა გაკვეთილებზე დაგვიანების ფაქტები მინიმუმამდე დავა და უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა სკოლამდე უსაფრთხო გადაადგილება.

მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების მიზნით სულ ორი ტენდერია გამოცხადებული. ცალკეა სსსმ და შშმ მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება – 895 500 ლარი იქნება. დოკუმენტის თანახმად, „თბილისის დანარჩენი სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველსაყოფა კი – 3 927 000 ლარი დაჯდება“.

ESIDA-ს მიერ გამოქყევნებულ სატენდერო სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ არის შემთხვევები, როცა 2 ან 3 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტზე მოდის ერთი ტერიტორიულად დაცილებული საჯარო სკოლა, რის გამოც მოსწავლეებს, ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებამდე მისასვლელად დიდი მანძილის გავლა უხდებათ.

„აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის. ქალაქ თბილისში არის დასახლებები სადაც, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე არის დიდი ალბათობა იმისა, რომ სკოლაში იყოს ხშირი დაგვიანებების შემთხვევები, ასევე რიგ შემთხვევაში, მოსწავლეებს უწევთ ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთა, რაც საფრთხის შემცველია. გასათვალისწინებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინტერესები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გადაადგილებას და შესაბამისი პირობების არ არსებობის გამო ვერ ესწრებიან გაკვეთილებს, რაც ხელს უშლის მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობისათვის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა წარმოშვა საჯარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება“, – წერია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოსწავლეთა სკოლაში მიყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 წუთისა და არაუმეტეს 40 წუთისა, ხოლო სკოლიდან წამოყვანა უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის დასრულებიდან – არაუგვიანეს 40 წუთისა. ასევე, სატრანსპორტო მომსახურების განხორციელების პერიოდში სავალდებულოა მოსწავლეთა დაზღვევა, რომლის ასანაზღაურებელი ლიმიტი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები.

2022-2023 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება ქალაქ თბილისის 38 საჯარო სკოლის 10 379 მოსწავლე, აქედან 8 საჯარო სკოლის 387 მათგანი სსსმ და შშმ პირია.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება13 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს, 14:00 საათზე დამთავრდება. სკოლათა ჩამონათვალი, რომელთა მოსწავლეებსაც ტრანსპორტი მოემსახურება, შეგიძლიათ, ნახოთ აქ მოცემულ ბმულებზე:

სსსმ სკოლები

სხვა სკოლები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.