ახალი ამბები

2022 წლის გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება – შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება

2022 წლის გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება – შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. 27 ივლისს კი დასრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ძირითადი სესიები.

“ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან იგეგმება, სააპელაციო განცხადებების მიღება კი, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგი”, – განაცხადა ბათუმის საგამოცდო ცენტრში სტუმრობის შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 27 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისათვის – მათ შორის არიან როგორც აბიტურიენტები და სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. დამატებითი გამოცდების ჩატარება კვლავ იგეგმება რამდენიმე საგანში.

“2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან კი – 71%-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი”, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციითვე, ამ დრომდე დაფიქსირდა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის 2 – მობილურის შეტანის, 4 – დამხმარე მასალის აღმოჩენისა და 3 – გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტი.

საგამოცდო პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთნენ მაგისტრანტობის მსურველებიც. ტესტირება უკვე ჩატარდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, დღეს კი ისინი გამოცდას ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აბარებენ.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე უზრუნველყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სესიის ჩატარება. 2022 წელის გამოცდები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც სრულად ჩატარდება დამატებითი გამოცდები კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის. დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2022 წლის გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.