როდესაც სასამართლო ასეთი პოლიტიზებულია, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია — იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტის წევრის, რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ფიქრიც შეუძლებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, როდესაც ქვეყნის სასამართლო სისტემა ასეთ მდგომარეობაშია.

ამ და სხვა საკითხებზე მან “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციის” ეთერში ისაუბრა. ინტერვიუს თარგმანიც “ტვ პირველს” ეკუთვნის.

ევროპარლამენტარის სიტყვებით, “ქართული ოცნება” დროსა და ფულს ფლანგავს ინდივიდებზე შეტევისთვის, იმის მაგივრად, რომ ზემოხსენებული სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ  მიწოდებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე იმუშაოს.

იუკნევიჩიანეს სიტყვებით, “ეს აბსოლუტურად მიუღებელია”.

“…ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ძალიან დამახასიათებელია დღევანდელი ქართული პოლიტიკისთვის, რომ თავს დაესხან კონკრეტულ ინდივიდებს.

ისინი თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა კი ევროპარლამენტის წევრებს…” — აღნიშნავს ის.

წამყვანმა ევროპარლამენტარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც ჰკითხა. იუკნევიჩიანეს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ოპოზიციამ ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან, მაგრამ საქართველოში პოლარიზაცია მწვავეა და საჭიროა, “ქართულმა” ოცნებამ” აჩვენოს, რომ სიტუაციის შესაცვლელად ნაბიჯებს დგამს:

“…ყოფილი პრეზიდენტი არის პატიმრობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც სიცოცხლე, რისკის ქვეშ არის. ნიკა გვარამია, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელი, არის პატიმრობაში.

თუ წინ არ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯები, რომ კეთილი ნება აჩვენოს, ძალიან რთული იქნება, უბრალოდ მოიწვიოს ოპოზიცია მრგვალ მაგიდასთან და რაღაცაზე საუბარი დაიწყონ.

თავად მმართველმა ძალამ უნდა აჩვენოს, რომ რაღაც ნაბიჯებს დგამს წინ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, პოლარიზაცია და ანტაგონიზმი რომ განეიტრალდეს. ახლა კი მხოლოდ შეტევაზე არიან გადასულნი — უტევენ ყველას მათ გარშემო და ჩხუბის, კონფრონტაციის რეჟიმში არიან”.

რასა იუკნევიჩიანეს სიტყვებით, “ყველაფერი არის საქართველოს მთავრობის ხელში”.

“ეს ასევე ეხება საქართველოს პრეზიდენტსაც. მას შეუძლია, ამ პროცესებზე გავლენა მოახდინოს. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვაწუხებს… ჩვენ შეგვიძლია, შეშფოთება გამოვხატოთ, მაგრამ ქმედითს ვერაფერს ვაკეთებთ.

ეს კარგად უწყის საქართველოს მთავრობამ. სასამართლო პროცესები მათ ხელშია და როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, როდესაც სასამართლო ასეთი პოლიტიზებულია, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ.

…ლაპარაკიც კი ზედმეტია იმ 12 პირობაზე, თუ მათი პატიმრობაში ყოფნა გაგრძელდა”,— დასძენს ევროპარლამენტარი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.