ახალი ამბები

მათემატიკის სპეციალისტი: „სულერთია რა პროფესიას ირჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები ყველას სჭირდება, მათემატიკას კი სწორედ ეს მაგარი ბონუსი აქვს“

მათემატიკის სპეციალისტი: „სულერთია რა პროფესიას ირჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები ყველას სჭირდება, მათემატიკას კი სწორედ ეს მაგარი ბონუსი აქვს“

„მშობლებს ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად, საკუთარ შვილებს დაუდგნენ გვერდით და უთანაგრძნონ, გაამხნევონ. ქულები არაა მთავარი. ქულები არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას“, – ასე იწყებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარს ეკატერინე ბეჟიტაშვილი, მათემატიკის პედაგოგი და რეპეტიტორი.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები მათემატიკის არჩევით საგანში აბიტურიენტებმა დღეს, 2 აგვისტოს გაიგეს. მათემატიკის საგანში მაქსიმალური ქულა 51-ია და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ, მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი. აბიტურიენტების ნაწილი წერს, რომ მათი მიღებული ქულა არასაიმედოა და არ იციან გადალახავენ თუ არა მინიმალურ ზღვარს.
ეკატერინე ბეჟიტაშვილი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სხვა კოლეგების მსგავსად, ამ დღეს მთელი წელი ელოდა და შედეგებითაც კმაყოფილია. ის გვესაუბრა მათემატიკის საგნის მნიშვნელობასა და იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც საზოგადებაში „ბოროტ“ მითებად ვრცელდება.

– წინა წლებთან შედარებით, როგორ შეაფასებდით მათემატიკის საგამოცდო ტესტსა და იმ შედეგებს, რომლებიც აბიტურიენტებს აქვთ?

– წლევანდელი მათემატიკის ტესტები, წინაა წლებთან შედარებით, ბევრად გამარტივებული იყო, რასაც თავად ბავშვებიც აღნიშნავდნენ. არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა მოსწავლეების შედეგებიც არ არის ცუდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი გვჭირდება ჩვენც და მათაც. მოლოდინი, რასაკვირველია, მაღალი გვაქვს და ასეც უნდა იყოს, რადგან მათი წარმატება ჩვენი და ზოგადად, ქვეყნის წარმატებაცაა.

– რას ეტყოდით აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდაზე მაღალი შედეგები ვერ დააფიქსირეს და მშობლებს, რომლებიც შვილებისგან უმაღლეს ქულებს ელოდნენ, ქულები მთავარია?

– აბიტურიენტები რომლებმაც მაღალი შეფასება ვერ დააფიქსირეს ძალიან ღელავენ და განიცდიან. ასევე ღელავენ მათი მშობლები. მე მინდა ვუთხრა მათ – სანერვიულო არაფერია! ყველაფერი წინაა და მეორე შანსი ყოველთვის არის! მეტი მონდომება, შემართება და პოზიტივია საჭირო. გამოცდებზე, რთულია შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის დადება. უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გქონდეს, მათ შორის არის ნერვიულობაც. მშობლებს ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად, საკუთარ შვილებს დაუდგნენ გვერდით და უთანაგრძნონ, გაამხნევონ. ქულები არაა მთავარი, ქულები არ განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას!

– როცა აბიტურიენტი მათემატიკას ირჩევს, ეს სერიოზულ განაცხადად აღიქმება ხოლმე და ითვლება, რომ მან რთული არჩევანი გააკეთა, რას იტყვით, რა საგანია მათემატიკა და რამდენად აუცილებელი მისი ცოდნა?

– მიიჩნევა, რომ მათემატიკა რთული საგანია. მე ვფიქრობ, ყველაფერი რთულია, რასაც სათანადო დროს და ენერგიას არ ვუთმობთ. მათემატიკა მოითხოვს სისტემატურობას, დროს, აზროვნებას, შრომას. ესაა რთული ადამიანებისთვის ზოგადად და ამიტომ ერთულებათ ეს საგანი. მაგრამ თუ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ვნახავთ რომ რთული და მიუღწეველი არაფერია. პირიქით, მარტივიც კია სხვა საგნებთან შედარებით. რადგან აქ არაფრის დაზეპირება არ გიწევს. იაზრებ და ლოგიკურად სწავლობ. ეს გააზრებული ცოდნა კი აღარსად მიფრინავს და ყველაზე მნიშვნელოვანს გჩუქნის – ცოდნას, განვითარებას, ძალას, გონებას. მე მგონი, ეს ყველაფერი ამდენ ძალისხმევად ღირს. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას ირჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები ყველას სჭირდება, მათემატიკას კი სწორედ ეს მაგარი ბონუსი აქვს.

– როგორ უყურებთ სტერეოტიპს, რომ მათემატიკა მამაკაცების საგანია? გამოცდების დროს ასეთი ფრაზებიც გვესმის ხოლმე გულშემატკივრებისგან – „ბიჭია და ჩააბარებს მათემატიკას, აბა რას იზამს“…

– ძალიან ვღიზიანდები, როცა მათემატიკის შესაძლებლობებს კონკრეტულ სქესს მიაკუთვნებენ! ქალს და კაცს თანაბარი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ არც მათემატიკაა გამორიცხული. გოგონებო გაბედულად შეეჭიდეთ მათემატიკას!

– მიეცით რჩევა მომავალ აბიტურიენტებს და გვითხარით, რატომ მათემატიკა?

– მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ. სწორი არჩევანი გააკეთონ, რადგან ეს მათ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტია. ვინც მათემატიკას აირჩევთ, ნებისყოფა და მოთმინება გამოიჩინეთ. ეს ის საგანია, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ აზროვნების სიჩქარე, გახდეთ უფრო სწრაფები და ლოგიკურები. მერწმუნეთ, მათემატიკა ის საგანია, რომელიც დაგიფასებთ თავდადებას, ამიტომ ნუ შეშინდებით, ბევრი იშრომეთ და შედეგიც შესაბამისი გექნებათ.

ასევე იხილეთ:

„მათემატიკის ტესტი რთული კი არ იყო, ბავშვები იმდენად არიან ჩამორჩენილები, ვერ ხვდებიან, რა შეხვდათ“ – სპეციალისტის აზრი

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.