ყველაზე ცხადი და ფხიზელი პოზიცია რუსეთის მიმართ „ქართულ ოცნებას“ აქვს – ხელაშვილი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მის წინამორბედებთან შედარებით, რუსეთის მიმართ ყველაზე ცხადი და ფხიზელი პოზიცია აქვს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, 5 თვეა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა და დღეს „რაღაც რაოდენობის“ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გამო ეს საფრთხე არ გაზრდილა.
„ყველაზე ცხადი და ფხიზელი პოზიცია რუსეთის მიმართ აქვს „ქართულ ოცნებას“, განსხვავებით შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებებისგან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას. ძალიან უცნაურია, რომ დღეს ვსაუბრთ გაზრდილ საფრთხეებზე. 5 თვეა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. ამ წლის თებერვალში და მარტში, როდესაც ომი დაიწყო, გახსოვთ როგორი პანიკა იყო საქართველოში? ყველა ელოდა, რომ საქართველო იქნებოდა შემდეგი მსხვერპლი. დღეს ეს ემოციები მინელდა.
დღეს საქართველო არათუ მშვიდობის კუნძულია, არამედ საკმაოდ სწრაფად ვითარდება როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკურად. ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ საქართველოში რაღაც რაოდენობის რუსული ოჯახი შემოდის, ეს თურმე თურმე ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეს ასე არ არის. 5 თვის განმავლობაში ჩვენ რაიმე სერიოზული არ შეგვინიშნავს, თუ ეს ხელოვნურად არ იქნა გამოწვეული გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან. იმავდროულად ქართული სამსახურები, როგორც სპესსამსახურები, ისე უსაფრთხოების მთელი სისტემა, ამას აკონტროლებენ“, – განაცხადა ხელაშვილმა.
ხელაშვილის თქმით, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა, ახლა სავიზო რეჟიმის არშემოღების გამო კრიტიკა იმ ძალისგან, რომელიც ამ პოლიტიკის სათავეში ედგა, მიუღებელია.
„დღეს უკვე შეუძლებელია ამის შეცვლა, რადგან ეს არის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ღია და თავისუფალია ეკონომიკის პირობებში, შეუძლებელია შეჩერდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა და დღეს გამოდის საკუთარი პოლიტიკის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს თემა წამოიწიოს, რადგან სხვა თემა მათ პრაქტიკულად აღარ აქვთ პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად.
უცებ, ბოლო ორი დღის განმავლობაში არსაიდან, წინ წამოწიეს რუსული კაპიტალის თემა. დარწმუნებული იყავით, ერთი კვირის შემდეგ, ეს თემა გაქრება დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ხელაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნქ კვლევა, რომლის მიხედვითად 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს პარტია „ლელო“. გარდა ამისა, რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
TI: იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 247 000 ვიზიტორი შემოვიდა