ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი 2022 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ახორციელებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკს.

ბანაკი დღეს, 7 აგვისტოს იხსნება და მასში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ პროექტის ფარგლებში სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

8 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე;

  • მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;
  • გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპმიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში;
  • ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს;
  • მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ. წელს მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა და მათი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე 150 მონაწილე შევარჩიეთ.

რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე განაწილდნენ:

  • თბილისი –30
  • კახეთი – 20
  • შიდა ქართლი და მცხეთა-თიანეთი – 10
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 20
  • აჭარა – 20
  • სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი – 10
  • იმერეთი – 20
  • გურია – 10
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-10

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკთან დაკავშირებით საუბრობს ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და სალომე ნაფეტვარიძე, GITA-ს სტრატეგიული განვითარების პროექტების მენეჯერი.

– ბატონო ავთო, ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი რამდენიმე წელია ხორციელდება ილიაუნის და პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდაინ. როგორია დინამიკა წლიდან წლამდე?

– აღნიშნული ბანაკის განხორციელება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წლიდან დაიწყო.

მაშინაც პირველი ბანაკი განკუთვნილი იყო მოსწავლეებისთის. მივიღეთ 1300- მდე აპლიკაცია და შევარჩიეთ ჯამში 100 მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან. მოგვიანებით კი ამას მოჰყვა სტუდენტური და სტარტაპების ბანაკებიც. ბანაკების სერიების გაგრძელებას ხელი შეუშალა 2020 წლის პანდემიურმა მდგომარეობამ და ორწლიანი პაუზა გამოგვივიდა. თუმცა წელს მოგვეცა შანსი განგვეახლებინა პროექტი და ამ ეტაპზე აგვისტო-სექტემბრის თვეში ორ ნაკადად (პირველი ნაკადი: 6 -13 აგვისტო; მეორე ნაკადი: 31 აგვისტო – 7 სექტემბერი) ქალაქ ბათუმში ჩატარდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი მოსწავლეებისთვის.
ამის შემდგომ, შემოდგომით კვლავ არის დაგეგმილი 2 სტუდენტური ბანაკი.

ვიმედოვნებთ საშუალება გვექნება გავაგრძელოთ ბანაკის სერიები, მეტ ადამიანს მივცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა და დავეხმაროთ STEAM-ის მიმართულებით ინფორმაციის მიღებაში.

– წლევანდელ კონკურსში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მსურველი იყო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. როგორ შეარჩიეთ სკოლის მოსწავლეები?

– ბანაკის გადარჩევის პროცესი ნამდვილად რთული აღმოჩნდა. ბანაკში მონაწილეობის მსურველთა 2000-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თითქმის 1 კვირის განმავლობაში ხდებოდა აპლიკაციების გადარჩევა. აპლიკაციების განხილვის საფუძველზე ორივე ნაკადისთვის ჯამში 150 მონაწილე შევარჩიეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

გადარჩევის პროცესში ყურადღება ექცეოდა ბანაკის მთავარ მიზანს, რომელიც მოიაზრებდა STEAM მიმართულების პოპულარიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მონაწილეებისთის ინფორმაციის მიწოდებას.

საკმაოდ ბევრი საინტერესო აპლიკაცია წავიკითხეთ მოტივაციაზე, საკუთარი თავის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. სწორედ ამიტომ უპირატესობა მივანიჭეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იდგამენ ფეხს STEAM-ის მიმართულებით და სჭირდებათ ჩვენი დახმარება საკუთარი უნარების აღმოჩენასა და კარიერის დაგეგმვაში.

– ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის დასრულების შემდეგ, რა უნარ-ჩვევებს იძენს და იუმჯობესევს სკოლის მოსწავლე?

– როგოც მოგეხსენებათ ბანაკის მიზანია STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) დარგების პოპულარიზაცია მოსწავლეებში. ერთკვირიანი ბანაკის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ბანაკი დატვირთული იქნება საინტერესო ტრენინგებით, ლექციებით, ექსპერიმენტებითა და შეჯიბრებებით.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პრაქტიკულ ლექციებში, გაიღრმაონ ცოდნა რობოტიქსის, ხელოვნური ინტელექტის, დრონების, სამოქალაქო ინჟინერიის, დიზაინის, ბიოქიმიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ლექციებსა და ტრენინგებს ჩაუტარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული ლექტორები. ტრენინგების ჩატარების გარდა მომხსენებლები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რაც მათ უკეთ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და სამომავლო პროფესიის არჩევაში.

– ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ტარდება. რომელია ორგანიზაციებია ჩართული და რა როლი აქვთ მათ?

– ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს.

– ქალბატონო სალომე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დიდ ყურადღებას უთმობს სკოლის მოსწავლეებს. მომავლის პროფესიების შერჩევაში რა როლი უკავია სააგენტოს?

– ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მისი მანდატის ფარგლებში, ხელს უწყობს ეროვნული ინოვაციური ეკო-სისტემის შექმნას საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ ამავე მიზნის მისაღწევად არსებითად მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა ტექნოლოგიებში და ზოგადად მომავლის პროფესიებში, ჩვენც აქტიურად ვფოკუსირდებით მათ გადამზადებაზე. ვფიქრობთ, რომ GITA-ს ინიციატივები დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების კარირერული განვითარების გზის შერჩევაზე, რასაც ჩვენი ბენეფიციარების წარმატების ისტორიებიც მეტყვლებს.

– რა იყო ძირითადი მიზეზი მსგავსი ინოვაციური და ტექნოლოგიები ბანაკის გაჩენის?

– მსოფლიო ბანკის GENIE (Georgian National Innovation Ecosystem) პროექტის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი 2019 წლიდან ტარდება. სკოლის მოსწავლეებში STEAM დარგების პოპულარიზაციის საჭიროება გახდა მთავარი მიზეზი რის გარშემოც ჩამოყალიბდა აღნიშნული პროგრამა. ინიციატივის მიზანია მოსწავლეებში ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება ამასთანავე ბანაკის შექმნა ემსახურება სტუდენტების პროფესიული არჩევ და არაფორმალური ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობა.

– „ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი“ რაში დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს?

– ბანაკი დაეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ინტერესების განვითარებაში არამედ ახალი ინტერესების აღმოჩენაშიც. ის უნიკალური და განსხვავებული გარემო, რომელიც GITA-ს ბანაკებს ახასიათებს, აერთიანებს განათლებას და ახალ გამოწვევებს ერთ სივრცეში, რაც საგრძნობლად ზრდის სტიმულსა და ინტერესს მოსწავლეებში. დაგეგმილი აქტივობები მაქსიმალურად მიმართულია მოსწავლეების მეტი ინტერაქციისკენ და მათი ინტერესის გაზრდისკენ მომავლის პროფესიებში. აქვე, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები აღნიშნული დარგების პროფესიონალებისგან, რაც მათი პიროვნული და პროფესიული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ერთკვირიანი ბანაკი მოსწავლეებს დაეხმარება გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიების სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს და აღმოაჩინონ განსხვავებული პრაქტიკები. ცნობისმოყვარე ახალგაზრდები პროგრამის განმავლობაში ბათუმში მოიყრიან თავს და გაცვლიან თავიანთ იდეებს. საბოლოოდ კი, მიღებული გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს მათი პროფესიის შერჩევაში და ვიმედოვნებთ კიდევ უფრო მეტ პროფესიონალს შეიძენს ჩვენი ტექნოლოგიური საზოგადოება.

– გეგმავს თუ არა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალში მსგავსი პროექტების განხორციელებას?

– სააგენტო სრულად იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ სფეროში და იმ მნიშვნელობას რომელიც ამ პროექტებს თან ახლავს. ყოველწლიური ინტერესის ზრდა აჩვენებს თუ რამდენად ბევრს ნიშნავს მოსწავლეებითვის ტექნოლოგიური და ინოვაციური ბანაკის არსებობა, აქედან გამომდინარე GITA უწყვეტ რეჟიმში განაგრძნობს სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერას და მომავალშიც, სხვადასხვა ფორმატის აქტივობებს შესთავაზებს ამ ასაკობრივ ჯგუფს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.