„დომუსს“ აბაშიძეზე, 5-სართულიანი სახლის ადგილას ახალი კორპუსის აშენება სურს

კომპანია „დომუს დეველოპმენტს“ ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩის N18-ში მდებარე 5-სართულიანი აგურის სახლის ადგილას ორნაწილიანი, 42-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს.

კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებული აქვს არქიტექტურული პროექტი – ანუ, როგორი ტიპის კონსტრუქცია შეიძლება აშენდეს ამ ადგილას.

არქიტექტურულ პროექტზე თანხმობა არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის 24 ივლისის ბრძანებით გასცა.

თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ შეიძლება დაიწყოს.

ამასთან, საჭიროა 5-სართულიანი კორპუსის დემონტაჟი, რასაც თავის მხრივ, მოსახლეობის ნებართვა სჭირდება.

მოსახლეობის თანხმობა კომპანიას ამ ეტაპზე არ აქვს, – ნაწილი ეწინააღმდეგება, – და, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს.

დავის მონაწილეებს შორის იყო მომღერალი ნანი ბრეგვაძეც, რომელიც უკანა, აბაშიძის N18ა ნომერში მდებარე კორპუსში ცხოვრობს და 2019 წელს სარჩელი შეიტანა მერიის წინააღმდეგ.

აბაშიძის #18-ში მდებარე 5-სართულიანი კორპუსი დღეს. ფოტო: ნეტგაზეთი

კერძოდ, ნანი ბრეგვაძემ სასამართლოს 2019 წლის 26 მარტს მიმართა მერიის წინააღმდეგ და მოითხოვა, ბათილად ცნონ მერიის 2015 წლის 13 ნოემბრის N4243 ბრძანება და მისი მოქმედება შეწყდეს.

ეს ბრძანება გულისხმობდა აბაშიძის N18-ისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემას.

საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ N18-ის მცხოვრებლები – 20 ადამიანი, მათ შორის, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი.

სასამართლომ 29 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღნიშნული ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე.

თუმცა 17 მაისს ბრეგვაძემ კვლავ მიმართა სასამართლოს და სარჩელი უკან გაიწვია.

მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა ძალაში დატოვა შუამდგომლობა მერიის ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე.

საბოლოოდ, როგორც კომპანია „დომუსის“ განცხადებებიდან ირკვევა (რაც არქიტექტურის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული მასალებშია ასახული), ეს საკითხი მოგვარდა (ბრძანების მოქმედება აღარ არის შეჩერებული) და ამის შემდეგ მოხდა სამშენებლო პროექტის დამტკიცება.

ამასთან, სადავო იყო მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომლის მოქმედებაც 2016 წელს შეჩერდა, თუმცა ეს ბარიერიც მოხსნილია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

რისი აშენება სურს „დომუსს“

საპროექტო შენობა ინგლისური H ფორმისაა და შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბის უჯრედების და ლიფტების ბლოკით.

პროექტის თანახმად, აბაშიძის ქუჩის პირას მდებარე ნაწილი 9-სართულიანია (მე-9 სართული 5 მეტრით შეტეხილია ქუჩის მხრიდან), ხოლო ნაკვეთის სიღრმეში მდებარე ნაწილი 11-სართულიანია.

პროექტის რენდერი. წყარო: არქიტექტურის სამსახური

პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას, სადაც განთავსებული მანქანების რაოდენობა შეესაბამება ბინების რაოდენობას და შეადგენს 42-ს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შპს „დომუს დეველოპმენტის“ დირექტორსა და თანამესაკუთრეს (40%), ალექსანდრე კორძახიას, თუმცა  ჩვენს ტელეფონის ზარსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. კომენტარს მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.


კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, „დომუსი“ ამჟამად სამ მშენებარე კორპუსში ყიდის ბინებს: ფალიაშვილის 114-ში (ვაკის პარკთან), ჭავჭავაძის #31-ში და დელისის III ქუჩაზე.

ერთი კვადრატული მეტრის ფასი ჭავჭავაძის პროექტში 2200-დან 2700 დოლარამდეა, ვაკის პარკთან – 2400-2800 დოლარი, ნუცუბიძეზე კი – 1100-1300 დოლარი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.