ახალი ამბები

„ქართულ განათლებაში ფულის გადახდას არ ვაპირებ“ – რატომ სურთ აბიტურიენტებს დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლა

„ქართულ განათლებაში ფულის გადახდას არ ვაპირებ“ – რატომ სურთ აბიტურიენტებს დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლა

2022–2023 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ე.წ. უფასო ფაკულტეტები 12 აგვისტოს გამოქვეყნდა და EDU.ARIS.GE-ს დაკვირვებით, წელს დაფინანსებულ პროგრამებზე განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნაა.

დავინტერესდით, რატომ ირჩევენ აბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს: სწავლის ხარჯის შემცირების გამო, იმიტომ, რომ შერჩეული პროფესიები მართლაც აინტერესებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზებიც აქვთ.

დათა ჯოჯუა მომავალი ისტორიკოსია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას და ამბობს, რომ თუ 4 წელი უფასოდ ისწავლის, შეძლებს, დაზოგილი ფინანსები გერმანული ენის შესწავლისთვის გამოიყენოს. ამის შემდეგ კი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს.

„ის ხარჯი, რომელსაც დავზოგავ ჩემი ოჯახისთვის მცირე არ არის, რადგან 3 დედმამიშვილი ვართ და ერთმანეთის მიყოლებით გვიწევს სტუდენტობა. თუ უფასო ფაკულტეტზე მოვხვდები, ჩემი ოჯახი მინიმუმ 9 000 ლარის დაზოგვას შეძლებს. ასევე, მაქვს კარგი მაგალითი ჩემი ძმის სახით, რომელიც ისტორიაზე სწავლობს. არის მეორე კურსზე და არც სწავლის ხარჯი აქვს. როცა რჩევა ვკითხე, მარტივად მითხრა: „შეიძლება, დისტანციურ სწავლებაზეც იყო, ამიტომ სწორი არჩევანიაო“. სწავლის ხარჯის დაზოგვასთან ერთად, ამ ფაქტორსაც ვითვალისწინებ, თუმცა ძირითადი მიზეზი, რატომაც არ მინდა მშობლებს ზედმეტი ხარჯი ჰქონდეთ ან მე ვიმუშაო, რომ სწავლის საფასური გადავიხადო, არის „განათლება“, რომელსაც მივიღებ. ამ თანხის ნახევარს გამოვიყენებ და ვისწავლი გერმანულ ენას ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და სხვებსაც მინდა, იგივე ვურჩიო. პირადად მე, ქართულ განათლებაში ფულის გადახდას არ ვაპირებ და თუ გაქვთ შესაძლებლობა უფასოდ ისწავლოთ, თქვენც ნუ იტყვით უარს. ალბათ, რეალური მიზეზი, რაც ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების უკან დგას, სწორედ ესაა“, – აგვიხსნა მომავალმა სტუდენტმა.

ბექა ჭანტურია აბიტურიენტია, რომელიც რეგიონიდან დედაქალაქში გადმოსვლას სწავლის გასაგრძელებლად გეგმავს. ამბობს, რომ უამრავი ხარჯი ექნება და უფასო განათლების მიღება მისთვის საუკეთესო გამოსავალია:

„თბილისში რომ გადმოვალ სასწავლებლად დამემატება ბინის ხარჯი, კომუნალური გადასახადები, ზოგადი საყოფაცხოვრებო ხარჯები, კვების და საკმაოდ დიდი თანხის მობილიზებაც მომიწევს. ჩემს მსგავსად, ყველას, ვინც რეგიონიდანაა სურს, მოხვდეს უფასო ფაკულტეტზე და სწავლის ხარჯი აღარ ჰქონდეს. მესმის, რომ მსურველები ბევრნი ვარ და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია. რაც ნიშნავს, რომ აბიტურიენტს, რომელიც უფასო ფაკულტეტზე ხვდება დაბალი ქულები არ ჰყავს და ამიტომ გრანტის აღებას უდრის დაფინანსებულ ფაკულტეტზე მოხვედრა. ჩემს გარშემო უმრავი მსურველია და მიზეზს, უმეტეს შემთხვევაში, მატერიალურ საფუძველი აქვს”, – გვეუბნება ბექა ჭანტურია.

მატერიალურ მიზეზებზე საუბრობს ზუგდიდელი აბიტურიენტი თამარ ფიფიაც. გვიხსნის, რომ როცა სტუდენტს სწავლის გადასახადის გადახდა არ უწევს, ეს ნაკლები სტრესია, როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. ასეთ პროგრამაზე სწავლით კი, საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი რჩება.

„იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება, იხადნონ სწავლის გადასახადი, ყოველთვის აქვთ ზედმეტი სტრესი ცხოვრებაში, რადგან ბევრს ფიქრობენ და ღელავენ. მარტივი ნამდვილად არაა ამ თანხების მობილიზება. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის საცხოვრებელი და ზოგადად, საყოფაცხოვრებო ხარჯიც ბევრად მეტია. ამიტომ, თუ ფიქრობთ, როგორმე შეამციროთ სტუდენტობის ხარჯები თუნდაც უფასო ფაკულტეტის შერჩევით, ეს, პირველ რიგში, თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის იქნება სასარგებლო“.

EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ ის სტუდენტებიც, რომლებიც უკვე სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებით. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად კმაყოფილები არიან თავიანთი არჩევანით.

სალომე, ის სტუდენტია, რომელიც 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულების მოპოვება შეძლო, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შესარჩევად საკმაოდ ბევრი ვარიანტები ჰქონდა, თუმცა არჩევანი უფასო ფაკულტეტზე შეაჩერა და ფიქრობს, რომ რეალობასთან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„როცა ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე ჩავირიცხე მხოლოდ ერთი ინტერესი მქონდა – მესწავლა და მეკეთებინა ჩემთვის საყვარელი საქმე. იმ ქულებით, რომელიც მე მოვიპოვე, გრანტის აღება სხვა მიმართულებებზეც შემეძლო, თუმცა არ მიფიქრია ამაზე, რადგან არჩეული მქონდა საყვარელი პროფესია.

„სამწუხაროდ, სტუდენტობასთან ახლოსაც არ იყო ის გამოცდილება, რომელიც 2 წლის განმავლობაში მივიღე, რასაც პანდემიით ხსნიან, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტი პრობლემა დავინახე. როცა წარმოვიდგენ, როგორ უჭირთ მშობლებს ამ თანხის მოძიება, ან როგორ შრომობენ ბავშვები, რომ თავად გადაიხადონ სწავლის გადასახადი, ძალიან ვბრაზდები. ალბათ, კმაყოფილი უნდა ვიყო, რომ მივიღე რეალობასთან შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლებას უფასოდ ვიღებ. პირადად ჩემი გამოცდილებით, ვურჩევ აბიტურიენტებს, შეარჩიონ უფასო ფაკულტეტი. მით უფრო მათ, ვინც უმაღლესი ქულების მოპოვება შეძლეს და ძალიან ბევრს ღელავენ, რომ არ დარჩნენ გრანტის გარეშე. თუმცა ასევე გაითვალისწინონ ის ინტერესებიც, რომლებიც აქვთ, რადგან არასასურველი პროფესიის 4 წელი სწავლამ შესაძლოა, სწავლის სურვილი საერთოდ გააქროს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სტუდენტმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე სწავლა 10 უნივერსიტეტშია შესაძლებელი.

ასევე იხილეთ:

გრანტის მფლობელი სტუდენტები და სასამართლოში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები – რამდენად ეფექტურად მუშაობს განათლების საერთაშორისო ცენტრი?

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.