ახალი ამბები

თუ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, დასაქმება კერძო სკოლაში შეგიძლიათ, მაგრამ დაბალ ხელფასზე – რა რეალობას ეჯახებიან გამოცდაჩაბარებულები

თუ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, დასაქმება კერძო სკოლაში შეგიძლიათ, მაგრამ დაბალ ხელფასზე – რა რეალობას ეჯახებიან გამოცდაჩაბარებულები

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა ვაკანსიების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც სკოლები სხვადასხვა საგნების მასწავლებლებს ეძებენ. სოციალურ ქსელში, მასწავლებელთა ჯგუფებში, ახალგაზრდები, რომლებმაც საგნის გამოცდა ჩააბარეს და სკოლაში სწავლების უფლებაც მოიპოვეს, ხშირად წერენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, სკოლაში დასაქმებას ვერ ახერხებენ. მიზეზად, რის გამოც საჯარო სკოლა უარს ამბობს მათ დასაქმებაზე, გამოუცდელობას ასახელებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში კი ის არის, რომ უკვე დასაქმებული პედაგოგები მათ ურჩევენ, კერძო სკოლაში მუშაობით დაიწყონ და პირადი მაგალითები მოჰყავთ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ის, ვისაც საჯარო სკოლაში გამოცდილების არქონის გამო იწუნებენ, მათთვის პოლიგონი კერძო სკოლა ხდება?

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა მოთხოვნებს აყენებენ საჯარო და კერძო სკოლები ვაკანსიების შედგენისას. აღმოჩნდა, რომ კერძო სკოლებს, ვაკანსიის გამოცხადებისას, უმრავლეს შემთხვევაში, არ აქვთ მითითებული, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსში მონაწილე პირი, ზოგს კი ზუსტად იგივე მოთხოვნები უწერია, რაც საჯარო სკოლების უმრავლესობას.

ამ მოთხოვნების მიხედვით, გარდა იმისა, რომ მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი.

გამოდის, რომ ვინც გასულ წლებში ან 2022 წელს ჩააბარა საგნის გამოცდა, დასაქმების შანსი მხოლოდ იმ კერძო სკოლებში აქვთ, რომლებიც მსგავსი სახის მოთხოვნებს არ აყენებენ. საგნის გამოცდაზე გამსვლელთა რიცხვი წელს 19 500 იყო.

მასწავლებლები EDU.ARIS.GE-სთან ყვებიან, როგორ დასაქმდნენ კერძო სკოლებში და რატომ უნდათ, საჯარო სკოლის პედაგოგები გახდნენ.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე კერძო სკოლის პედაგოგმა, რომელიც ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და გულწრფელად გვესაუბრა, მოგვიანებით გადაწყვიტა, ანონიმურ რესპონდენტად დარჩენილიყო. ის გვიყვება, რომ როდესაც პედაგოგობა გადაწყვიტა, შანსი მხოლოდ კერძო სკოლაში მისცეს.

„კერძო სკოლებში შანსს აძლევენ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლებში კი ყოველთვის გამოცდილებს ანიჭებენ უპირატესობას და საიდანღაც თუ არ დავიწყეთ, როგორ მივიღებთ გამოცდილებას? 12-მა საჯარო სკოლამ მითხრა უარი გამოუცდელობის გამო და ბოლოს კერძო სკოლაში დავსაქმდი“, – გვიყვება პედაგოგი, რომელიც კითხვაზე, სად ურჩევნია მასწავლებელს კერძო თუ საჯარო სკოლაში, პასუხობს:

„კერძო სკოლა იმით არის კარგი, რომ იქ უფრო ოჯახური გარემოა, კლასებში ცოტა ბავშვია და შედეგის დადება თუ უნდა მასწავლებელს, შედეგზე სწორედ კერძო სკოლაში უფრო გავა, მაგრამ დღეს, ამ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კერძო სკოლებში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მხოლოდ ერთ კერძო სკოლაში მუშაობით ადამიანმა თავი ირჩინოს. კერძო სკოლის პრობლემა მიზერული ხელფასებია და ალბათ სწორედ ამიტომ, მეც და სხვებსაც, გვინდა, საჯარო სკოლაში მუშაობა, რადგან იქ მაღალი ხელფასებია და ეკონომიკურ კრიზისამდე აღარ მივა მასწავლებელი. ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც დავსაქმდი. დატვირთული ვარ, ბევრი საათები მაქვს, მაგრამ – მიზერული ხელფასი, რის გამოც გადავწყვიტე, პარალელურად მომეძებნა სამსახური საჯარო სკოლაში, თუმცა, გასაუბრებაზე სადაც მივედი, მითხრეს, რომ ერთწლიანი გამოცდილება არ არის საკმარისი. ჩავიქნიე ხელი. მოთხოვნებში უწერიათ მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება. კერძო სკოლებს ეს მოთხოვნა არ აქვთ, მაგრამ საჯაროში, რაც უფრო მეტი წლის სტაჟი აქვს მასწავლებელს, მას უფრო მეტი შანსი აქვს დასაქმების“.

კერძო სკოლის პედაგოგს ვკითხეთ, როგორ უყურებენ მოსწავლეთა მშობლები იმ ამბავს, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელი, საჯარო სკოლის მიერ დაწუნებული პედაგოგი ასწავლის მათ შვილებს სკოლაში, სადსაც ისინი საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან, რაზეც გვიპასუხა:

„კერძო სკოლაშიც გადიხარ ოფიციალურად გასაუბრებას. მე სადაც ვარ დასაქმებული, იქ საკმაოდ გამოცდილი, წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებიც არიან დასაქმებულნი, მაგრამ შანსს ახალგაზრდებსაც აძლევენ. ამოწმებენ პროფესიულ ცოდნას, ამოწმებენ ზოგად ცოდნას, თუ რამდენად განათლებულია ადამიანი და ასევე – რამდენად უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. ეს არის მათთვის მთავარი. გამოუცდელი, რომელსაც არც ბავშვები უყვარს და საგანიც არ იციან, ასეთები ნამდვილად არ აჰყავთ სამუშაოდ არც კერძო სკოლებში. გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 8 სექტემბერს. ავტ. შენ.) ვიყავი ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მისული და 60 ადამიანი დამხვდა – ერთსა სა და იმავე პოზიციაზე გვინდოდა დასაქმება. ამ 60-დან რომ შენ ამოგარჩიონ, ალბათ ძალიან განსაკუთრებული უნდა იყო. ამ დროს, კერძო სკოლაში ერთ პოზიციაზე 5-6 მასწავლებელი თუ მივა გასაუბრებაზე. მიზეზი კი ერთადერთია – კერძო სკოლაში ხელფასებია დაბალი და არ უნდათ იქ დასაქმება“.

კიდევ ერთი პედაგოგი, შორენა გოგოლაძე, რომელიც თბილისის მე-6 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას და ბუნებისმეტყველებას ასწავლის, გვიყვება, რომ სკოლაში მუშაობა მანაც კერძო სკოლიდან დაიწყო.

„როდესაც საჯარო სკოლაში მივდიოდი გასაუბრებებზე, მუდამ გამოცდილი კადრი მიწევდა კონკურენციას, თუმცა უკვე რომ დავიწყე მუშაობა კერძო სკოლაში, მერე დამირეკეს თბილსის 180-ე საჯარო სკოლიდანაც და მითხრეს, რომ დამასაქმებდნენ, მაგრამ უარის თქმა მომიწია. მერე კი ვინანე, მაგრამ ასე გამოვიდა.

„საჯარო სკოლაში გასაუბრებასაც დავსწრებივარ და როდესაც გამოუცდელი კადრი მოდის, კითხვებს რომ უსვამ, ბუნებრივია, გამოცდილი კადრიდან გამომდინარე გჭირდება პასუხები და გამოცდილ კადრს მაინც უფრო კარგად შეუძლია პასუხის გაცემა თუნდაც სიტუაციურ ამოცანებზე, გამოუცდელ კადრს – არა. მართალია, უნივერსიტეტი გიშვებს სასკოლო პრაქტიკაზე, მაგრამ იქ ისეთ პრაქტიკას ვერ მიიღებ, რომ გამოცდილ კადრს კონკურენცია გაუწიო. იმის გამო კი არ გბლოკავენ საჯარო სკოლაში, რომ გამოუცდელი ხარ, უბრალოდ, შენზე უკეთ წარმოაჩინა გამოცდილმა თავი და, შესაბამისად, კომისია იძულებულია, გამოცდილი კადრი აიყვანოს. გასაუბრებას აქვს კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით დამდგარი გასაუბრების შედეგის მოთხოვნა ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია. როდესაც ხედავ, გამოცდილ კადრს ყველა კრიტერიუმში მაღალი ქულა უწერია, შეუძლებელია, სხვა აიყვანო, თუმცა არის პრეცენდენტები და მე ვარ ამის მაგალითი, რადგან, როგორც გითხარით, საჯარო სკოლამ შემომთავაზა სრულიად გამოუცდელი ავეყვანე სამუშაოდ“, – გვიყვება შორენა გოგოლაძე.

პედაგოგი ადასტურებს, რომ კერძო სკოლაში დასაქმება უფრო მარტივად ხდება, თუმცა ზუსტად ისევე იხარჯება, როგორც საჯარო სკოლაში. გამოცდილება კი დროთა განმავლობაში მოდის.

„კერძო სკოლა გაძლევს შანსს. დაბალ ხელფასს გიხდის და შესაბამისად, დიდი მოთხოვნაც არ არის. დაბალი ხელფასი, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება და არიან მაღალანაზღაურებადი კერძო სკოლებიც. რაც შეეხება მასწავლებელს, კერძო სკოლაშიც ზუსტად ისევე იხარჯები, როგორც საჯაროში. გამოცდილება კი დროთა განმავლობაში მოდის. კერძო სკოლაში გამოცდილების მიღება გაცილებით მარტივია, რადგან მცირეკონტინგენტიან კლასთან გაქვს შეხება. საჯარო სკოლაში კი მინიმუმ 25 -29 ბავშვი მაინც ზის კლასში. იქ, სადაც 10 და 15 ბავშვია კლასში, გაკვეთილის ჩატარებაც მარტივია გამოუცდელი კადრისთვის და შენი ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემაც. შესაბამისად, ამით ბავშვებს არაფერი აკლდებათ“, ამბობს მასწავლებელი, რომლისთვისაც საჯარო სკოლაში მუშაობა უფრო პრიორიტეტულია.

„ჩემთვის საჯარო სკოლაში მუშაობა იყო პრიორიტეტული, მაგრამ გააჩნია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლას. საჯარო სკოლაში კარიერული წინსვლა გაქვს და როდესაც წამყვანი თუ მენტორი მასწავლებელი ხდები, ეს ხელფასზე და კიდევ ბევრ რამეზე ისახება. კერძო სკოლა შენს სტატუსს ნაკლებად უყურებს, შეიძლება ოდნავ განსხვავებული ხელფასი მოგცეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს შორენა გოგოლაძემ.

კერძო, კავკასიის ფრანგული სკოლის ქართულის მასწავლებელი, ბელა ხათრიძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მუშაობა პირველად მანაც სხვა კერძო სკოლაში დაიწყო, თუმცა ახლა ბევრად მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე სხვა კერძო თუ საჯარო სკოლებშია.

„სადაც ახლა ვასწავლი, დასაქმება ნამდვილად არ იყო მარტივი. ყველანაირი გასაუბრება უმაღლესი სიმკაცრით გავიარე. ის, რომ თითქოს მარტივია კერძო სკოლაში დასაქმება, არ არის მართალი. თავიდან სხვა კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ უკვე გავლილი მქონდა 60 კრედიტიანი პროგრამაც, ხარისხიც მქონდა… პირველი გამოცდილებაც კერძო სკოლაში მივიღე და იქ არ უთქვამთ, რომ გამოცდილების არქონის გამო არ ამიყვანდნენ. მახსოვს, რომ მოითხოვეს ჩემი დიპლომი და მკითხეს, მქონდა თუ არა შეხება მოსწავლეებთან. მე კი ჩემი აბიტურიენტობის დროიდან ვამზადებდი ბავშვებს კერძოდ. ალბათ ესეც ჩათვალეს გამოცდილებად. ახლა გაცილებით მეტი ხელფასია ჩვენთან, ვიდრე საჯარო სკოლებში“, – გვითხრა პედაგოგმა.

ბელა ხათრიძე ამბობს, რომ საჯარო სკოლაში მუშაობაზე არ ფიქრობს, რადგან, მისი აზრით, კერძო სკოლებში გარემოც უკეთესია.

„ჩემი დაც კერძო სკოლაში მუშაობს და ზუსტად ისეთივე ხელფასს იღებს, რამდენსაც საჯაროში იძლევიან. მოერგო კერძო სკოლას და არ ფიქრობს, რომ გადავიდეს საჯაროში. მეც ასე ვარ. ეს უმაღლესი სტანდარტების მქონე ევროპული დონის კერძო სკოლაა და არც ვფიქრობ და არც მაქვს შანსი, მეორე სამსახური რომ დავიწყო, მთლიანად დატვირთული ვარ. ბევრ საჯარო სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვია კლასში, რაც სახარბიელო არ არის. სიმშვიდიდან გამომდინარე, ადამიანებს გვირჩევნია, ნაკლებ მოსწავლეს ვასწავლოთ. რაც ნაკლები მოსწავლეა, მით ნაკლებია დატვირთვაც“, – ამბობს ბელა ხათრიძე.

EDU.ARIS.GE შეეცადა, ვაკანსიების მიხედვით გაერკვია კერძო და საჯარო სკოლის ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული პედაგოგების სავარაუდო ანაზღაურება.

როგორც teacherjobs.ge -ზე ვაკანსიების ჩამონათვალიდან ირკვევა, კერძო სკოლა ხშირ შემთხვევაში არ აქვეყნებს, რამდენს გადაუხდის მათთან დასაქმებულ პედაგოგს, თუმცა, ზოგ ვაკანსიაში ეს თანხა აღნიშნულია. მაგალითად, ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „ნერგები“ ინგლისური ენის პედაგოგს სავარაუდო ხელფასად თვეში 250-300 ლარს სთავაზობს კვირის განმავლობაში ჩატარებულ 6 გაკვეთილში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი რიყეთის საჯარო სკოლა, ასევე ინგლისური ენის პედაგოგს, 560-650 ლარად დაასაქმებს კვირის განმავლობაში ჩატარებული 17 გაკვეთილის სანაცვლოდ. თბილისში მდებარე სკოლა „თამარისი“ დაწყებითის მასწავლებელს, კვირაში 18 საათში, 400-500 ლარს სთავაზობს თვეში, თბილისის 92-ე საჯარო სკოლაში კი იგივე პოზიციაზე, კვირაში 14 საათში, ხელფასი 1000-1200 ლარია.

ასევე იხილეთ:

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებელი, რომელსაც საჯარო სკოლაში დასაქმება სურს – საბაზისო მოთხოვნები და რეკომენდაციები დირექტორისგან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.