ახალი ამბები

რატომ არ აქვს რეალურად მშობელს უფლება, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს? – „საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ“

რატომ არ აქვს რეალურად მშობელს უფლება, სკოლისგან პედაგოგის შეცვლა მოითხოვოს? – „საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ“

სკოლებში სასწავლო პროცესი მეორე კვირაა დაიწყო და პირველკლასელთა მშობლებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთობა, თუ სხვადასხვა პრობლემების მოგვარება ყოველდღიურ რუტინად იქცა. სასწავლო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ მაღალი კლასების მოსწავლეთა მეურვეებსაც, რადგან მშობელს, როგორც ბავშვის კანონიერ მეურვესა და მის აღზრდა-განათლებაზე პასუხისმგებელ პირს, უდიდესი პასუხისმგებლობები აკისრია. მან მოსწავლის იმ უფლებების დაცვასაც უნდა შუწყოს ხელი, რომელსაც მოზარდს ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონები ანიჭებს.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მშობელი ფიქრობს, რომ კონკრეტული მასწავლებელი მის შვილს ხელს უშლის საკუთარი უფლებების რეალიზებაში. ასეთ დროს, მშობელი მოითხოვს მასწავლებლის შეცვლას, იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის სხვა კლასში ან სულაც სხვა სკოლაში გადაყვანის შესახებ. სწორედ ამ საკითხზე პასუხის გასარკვევად მიმართა EDU.ARIS.GE-ს მოსწავლის მშობელმა და შევეცადეთ სხვადასხვა წყაროებისგან მიგვეღო ინფორმაცია, მართლაც აქვს თუ არა და რა შემთხვევაში მშობელს მასწავლებლის შეცვლის მოთხოვნის უფლება და როგორია პროცედურები.

მშობლის ეს სურვილი რომ შესაძლოა გადაულახავ რუბიკონადაც იქცეს და გამოსავალი მხოლოდ სკოლის ცვლილება იყოს, ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, რომელმაც პირადი გამოცდილება გაგვიზიარა. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით კი ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მივიღეთ.

ორი შვილის დედისა და საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის მშობლის ისტორია იმით დაიწყო, რომ მოსწავლემ უარი თქვა ინგლისური ენის გაკვეთილს დასწრებოდა, რადგან მასწავლებელი არ მოსწონდა. ნინო მ. მიზეზის გარკვევას შეეცადა, რაზეც შვილისგან მიიღო პასუხი, რომ მასწავლებელს ის არ უყვარდა. სულ მალე კი ვითარება იმდენად კრიტიკული გახდა, რომ სკოლაში დატოვებული ბავშვი ტირილით უარს ამბობდა გაკვეთილზე შესულიყო, რის შემდეგაც ნინომ საჭიროდ ჩათვალა, დეტალურად გარკვეულიყო ვითარებაში. ჯერ სხვა მშობლებს გაესაუბრა, შემდეგ კი კლასის დამრიგებელსა და საგნის მასწავლებელს. მშობლების დიდი ნაწილმა უთხრა, რომ მასწავლებელი საკმაოდ მომთხოვნი იყო და ამის გამო ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მსგავსი პასუხი მიიღო დამრიგებლისგან და სკოლის დირექტორისგანაც, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე საუბრობდნენ, პრობლემა კი ისევ ბავშვში დაინახეს – „უცხო ენაში თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ამზადებს ბავშვს და პასუხიც ასეთი მივიღე, ალბათ ვერ ითვისებს ენას კარგად და შენიშვნებს, რომ აძლევს, არ მოსწონსო“.

ისტორია ასე დასრულდა – რადგან ნინომ სკოლის ადმინისტრაციისგან, ასევე სხვა მშობლებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, იძულებული გახდა, ბავშვი კერძო სკოლაში გადაეყვანა. ამბობს, რომ ამ შემთხვევამ უამრავი სისტემური პრობლემა დაანახა.

„გადავწყვიტე, მეთხოვა დირექტორისთვის, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, უფრო სხვა მიდგომების მქონე კადრით ჩაენაცვლებინა, რაზეც უარი მივიღე. ასევე, მითხრა, რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან კადრი იყო პროფესიონალი და ჩემი არგუმენტი – არასაკმარისი. თუ სკოლაში, მასწავლებლის მხრიდან ცემის, ბულინგის, შურაცხყოფის ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევა არ დაფიქსირდა, სკოლა იქამდე არ რეაგირებს. მე არ მომითხოვია, ეს მასწავლებელი გაეშვათ სკოლიდან, ამას არც მოვითხოვდი, უბრალოდ, რადგან ბავშვი არის ძალიან ემოციური და ასე ნერვიულობდა, ვთხოვე, რომ შედარებით უფრო ახალგაზრდა და სხვა მიდგომების კადრით შეეცვალათ, რადგან ვთვლი ახლაც, რომ ეს მასწავლებელი არ იყო დაწყებითი კლასისთვის შესაბამისი და რადგან მხარდაჭერა ჰქონდა, თავის მიდგომები არც შეუცვლია. დღეს იგივე პრობლემა აღარ გვაქვს, თუმცა ძალიან მწყდება გული, რომ საჯარო სკოლები მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ და ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომებს არ იყენებენ, რის გამოც ისევ მშობლები ვზარალდებით“, – ყვება EDU.ARIS.GE-სთან ნინო.

ამ ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც მკითხველს მაქსიმალურად მოკლედ მოვუყევით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვკითხეთ, თუ მსგავსი შემთხვევები ცალსახად არაარგუმენტირებულად ითვლება იმისთვის, რომ კლასში მასწავლებლის შეცვლა მოხდეს, მაშინ რა შემთხვევაში აქვს მშობელს უფლება, სკოლის ადმინისტრაციისგან პედაგოგის ცვლილება მოითხოვოს.

„დიახ, მშობელს აქვს უფლება მასწავლებლის შეცვლის მოთხოვნა წამოაყენოს. მან ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციასა და დირექტორს. მისი არგუმენტები კი უნდა იყოს სარწმუნო და იკვეთებოდეს მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მხოლოდ ის მიზეზი, რომ ბავშვს მასწავლებელი არ მოსწონს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს მასწავლებლის შეცვლის საფუძველი. რაც შეეხება პროცედურებს, განცხადების საფუძველზე, სკოლას შეუძლია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს სხდომა, განიხილოს საკითხი და თუ დადასტურდა მასწავლებლის მხრიდან დარღვევა, ბავშვი გადაიყვანონ პარალელ კლასში ან მიიღონ მკაცრი გადაწყვეტილებაც მასწავლებლის მიმართ. სკოლასთან ერთად, მშობელს ასევე შეუძლია, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თუ საჭიროდ თვლის“, – გვიპასუხეს განათლების სამინისტროში 23 სექტემბერს.

რა ითვლება მასწავლებლისთვის დისციპლინურ გადაცდომად, მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის თანახმად?

მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა’’.

როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებისადმი თანამედროვე მიდგომების გამოყენების არქონა და ლოიალურობის ნაკლებობა არ წერია.

მშობლის მაგალითზე ვნახეთ ისიც, რომ შეგიძლიათ მოითხოვოთ მასწავლებლის შეცვლა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგის მხრიდან დისციპლუნური გადაცდომის ფაქტი ფიქსირდება. სხვა შემთხვევები, რომლებზეც ჩვენი რესპოდენტის მსგავსად, სხვა მშობლებიც ხშირად საუბრობენ, უსაფუძვლო ბრალდებებად აღიქმება.

ახლა კი თავად განსაჯეთ, გაქვთ თუ არა თქვენი შვილის უფლებების სრულფასოვნად დაცვის შესაძლებლობა საჯარო სკოლებში? გამოსავალი ყოველთვის არის, მაგრამ არ შეიძლება, ეს მხოლოდ კერძო სკოლაზე არჩევანის გაკეთება იყოს.

ასევე იხილეთ:

„დამრიგებლობისთვის დანამატი სულ რაღაც 80 ლარია, სწავლის პირველ დღეს კი ჩვენი ფინანსების ხარჯვა გვიწევს, სულ ცოტა 200 ლარის“

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.