ახალი ამბები

აშშ-ში თითქმის მილიარდის გადახდა დააკისრეს კონსპირაციების თეორიებით ცნობილ წამყვანს

აშშ-ში თითქმის მილიარდის გადახდა დააკისრეს კონსპირაციების თეორიებით ცნობილ წამყვანს

აშშ-ის სასამართლომ $965 მილიონის გადახდა დააკისრა შეთქმულების თეორიებით ცნობილ ამერიკელ რადიოწამყვანს, რომელიც ამბობდა, რომ 2012 წელს კონექტიკუტის შტატის სკოლაში მომხდარი სისხლიანი თავდასხმა, სინამდვილეში, არ მომხდარა.

ცილისწამების საქმეს იმავე შტატის სასამართლო განიხილავდა, სადაც სროლა მოხდა. თავდასხმისას მოკლული რვა ადამიანის ოჯახები, ასევე, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი, რომელიც თავდასხმის გამოძიებაში იყო ჩართული, მინიმუმ, $550 მილიონიან კომპენსაციაც ითხოვდნენ.

თუმცა, BBC-ის ცნობით, სასამართლომ 15 სხვადასხვა კომპენსაცია გასცა, რომელთა ოდენობაც $28 მილიონიდან $120 მილიონამდე მერყეობდა. საბოლოოდ, კომპენსაციათა ჯამურმა ოდენობამ ხსენებულ მინიმუმზე გაცილებით მეტი, $965 მილიონი შეადგინა.

საქმე ეხება 10 წლის წინ, სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარ სროლას, რომელსაც 20 ბავშვი და 8 ზრდასრული შეეწირა. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ულტრამემარჯვენე რადიოწამყვანის მიერ გავრცელებული ტყუილების გამო წლების განმავლობაში იყვნენ შევიწროების მსხვერპლი და იღებდნენ მოკვლის მუქარებს.

კერძოდ, ჯონსი თავისი პლატფორმის, “Infowars-ის” მეშვეობით ირწმუნებოდა, რომ სენდი ჰუკის ხოცვა-ჟლეტა მთავრობის მიერ იყო “დადგმული”, რათა გაემკაცრებინათ კანონმდებლობა იარაღის ტარების შესახებ. ის ამბობდა, რომ “არავინ დაღუპულა”, გარდაცვლილი ბავშვების მშობლები კი მსახიობები იყვნენ.

ვერდიქტის წაკითხვისას დაღუპულთა ოჯახები ემოციებს ვერ იკავებდნენ. ზოგიერთმა მათგანმა ისაუბრა სიძულვილის ნაკადზე, რომელსაც ონლაინ სივრცეში იღებდნენ და აღნიშნა, რომ არაერთგზის მოუწიათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა უსაფრთხოების მიზნით.

სროლისას მოკლული ერთ-ერთი ბავშვის, 7 წლის დანიელის მამის თქმით, ოჯახმა მიიღო წერილი, რომლის ავტორიც ამბობდა, რომ მათი ვაჟის საფლავზე მოშარდა. კიდევ ერთ წერილში ვიღაც იმუქრებოდა, რომ გათხრიდა დანიელის საფლავს, რათა დაემტკიცებინა, რომ ის იქ არ არის დასაფლავებული.

მიმდინარე წლის აგვისტოში, როცა ჯონსის წინააღმდეგ ცილისწამების კიდევ ერთი საქმე განიხილებოდა ტეხასის შტატში, რადიოწამყვანმა აღიარა, რომ თავდასხმა “100%-ით რეალური” იყო. ტეხასის სასამართლოში მას სროლისას მოკლული სხვა მოსწავლეების მშობლები ედავებოდნენ. ჯონსს მაშინ $49.3 მილიონის გადახდა დააკისრეს.

რადიოწამყვანის ადვოკატის განცხადებით, კონექტიკუტის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ჯონსმა, რომელიც არ დასწრებია პროცესს, სასამართლო განხილვას უწოდა “შოუ”, რომელსაც “ტირანი” მოსამართლე ხელმძღვანელობს.  რადიოწამყვანი დავობს, რომ მისი მიმდევრების ქმედებებში თავად არ უნდა დაადანაშაულონ.

“მე უკვე ასჯერ აღვნიშნე, რომ ბოდიშს ვიხდი და დავამთავრე ამის თქმა”, — ამბობდა ის სექტემბრის ბოლოს.

მეორე მხრივ, ალექს ჯონსმა თავის გამომწერებს თანხის შეწირვისკენ მოუწოდა, თუმცა თქვა, რომ ამ ფულს კომპენსაციების გადასახდელად არ გამოიყენებს.

“ეს ფული ამ ხალხთან [მოსარჩელეებთან] არ მიდის… ის მიდის ამ თაღლითობასთან საბრძოლველად და კომპანიის სტაბილიზებისთვის”, — დასძინა მან.

შესაძლოა, $965 მილიონი არ იყოს თანხის სრული ოდენობა, რომლის გადახდასაც კონექტიკუტის სასამართლო ჯონსს აკისრებს. როგორც CNN წერს მოსარჩელეთა ადვოკატზე დაყრდნობით, ახლა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააკისრებს თუ არა რადიოწამყვანს სადამსჯელო ჯარიმასაც.

საქმე იმაშია, რომ ხსენებული $965 მილიონი წარმოადგენს კომპენსაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მოსარჩელეებს მიადგათ. ცალკე განიხილება სადამსჯელო ჯარიმა, რომელიც ბრალდებულს უშუალოდ იმისათვის ეკისრება, რაც ჩაიდინა.

მეორე მხრივ, ბუნდოვანია, რეალურად რა რაოდენობის თანხას მიიღებენ ოჯახები. ჯონსი ამტკიცებს რომ მისი პლატოფრმის, Infowars-ის მშობელ კომპანიას “პრაქტიკულად არ აქვს ფული”.

აღნიშნულ კომპანიას განცხადება აქვს შეტანილი გაკოტრების პროცედურებთან დაკავშირებით ტეხასის სასამართლოში, თუმცა სასამართლოს ეკონომისტის შეფასებით, კომპანიისა და ჯონსის ქონების ღირებულება $270 მილიონია, რასაც თავად რადიოწამყვანი ამ რიცხვს სადავოდ ხდის.

ეს იმ ფონზე, როცა ჯონსი და მისი გარემოცვა ტეხასიდან კონექტიკუტში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრნენ და New York Times-ის ცნობით, დარჩნენ ნაქირავებ ვილაში, აუზითა და ჩოგბურთის კორტით.

ალექს ჯონსს სენდი ჰუკის საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ელის. საქმის განხილვა, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთი მოკლული ბავშვის მშობლები დავობენ, წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.