„სამხედრო საქმეს“ საჯარო სკოლებში 300-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება – ვინ ასწავლის და გამოცხადდება თუ არა ვაკანსიები
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, საგანი „სამხედრო საქმე“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სექტემბრიდან 18 სკოლაში უნდა შეეტანა, რაგბი კი 150 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 5 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგვიდასტურეს, აღნიშნული პროგრამა უკვე ჩაშვებულია და შერჩეულ საპილოტე სკოლებში სწავლებაც დაიწყო, თუმცა არ გვითხრეს რომელ სკოლებზეა საუბარი.
რაგბის სწავლება ცალკე საგნად ყველა თაობის მოქალაქისთვის ახალი გამოცდილებაა, სამხედრო გაკვეთილები კი კარგად ახსოვთ იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც სკოლა წლების წინ დაამთავრეს.
EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, რას ითვალისწინებს ახალი საგნების სასწავლო პროგრამა, როგორია საგნის მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები და უნდა ელოდონ თუ არა მსურველები ვაკანსიების გამოცხადებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვიგებთ, რომ რაგბისა და სამხედრო საქმის მასწავლებლებს არ მოუწევთ ე.წ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, ისინი იმ სპეციალისტთა სიას შეუერთდებიან, რომელთათვისაც საგნის კომპეტენციის დადასტურება საჭირო არ არის.
უწყება განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყველა სკოლას აქვს უფლება მოსწავლეებს შესთავაზოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და, შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
„2022-2023 სასწავლო წლიდან საპილოტე რეჟიმში, სკოლებში ისწავლება ახალი საგნები „რაგბი“ და „სამხედრო საქმე“. 150 სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. „სამხედრო საქმე“ საჯარო სკოლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა და პილოტირების პროცესში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული“, – უპასუხეს EDU.ARISGE-ს განათლების სამინისტროში.
მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. შემუშავებულია შესაბამისი სახელმძღვანელო და სკოლებში უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობაც.
კითხვაზე, გამოცხადდება თუ არა ვაკანსიები, მიხეილ ჩხენკელის უწყებამ გვიპასუხა, რომ „სკოლებში ვაკანსიები არ გამოცხადდება, ვინაიდან აღნიშნულ გაკვეთილებს უკვე მოქმედი სამხედროები ატარებენ, ახალი საგნის მასწავლებლებს სპეციალისტის სტატუსი აქვთ და კომპეტენციის დადასტურება არ მოუწევთ“.
ხათუნა ბურდული, რომელიც სასკოლო საზოგადოების აქტიური წევრი და მენტორი მასწავლებელია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში იხსენებს რა მიზნით უტარდებოდათ სამხედრო გაკვეთილები სსრკ-ის მოქალაქეებს და იმედს იტოვებს, რომ უკვე დღეს, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში პროგრამის ავტორებს სხვა მიზნები ექნებათ.
„ჩვენ იმ თაობას ვეკუთვნით, რომლებსაც სამწუხარო გამოცდილება აქვთ საბჭოთა კავშირის სისტემაში სწავლის და იქ ყველაფერი სისტემის პროპაგანდის ნაწილი იყო. სამხედრო გაკვეთილებსაც ასეთივე მუხტით გვასწავლიდნენ. ისწავლებოდა სავალდებულო საგნად, ვსწავლობდით მე-8 კლასიდან მეათემდე. კარგს ვერაფერს გავიხსენებ. მაშინ ჩვენ კომუნისტები გვასწავლიდნენ და საბჭოთა კავშირი ჩვენი სამშობლო არ ყოფილა. რას ემსახურებოდა ასეთი „პატრიოტული“ გაკვეთილები ყველამ ვიცოდით, სისტემის პროპაგანდას…
დღეს უკვე სხვა დროა, დამოუკიდებელ ქვეყნაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ჩვენს ბავშვებს საკუთარი სამშობლო შევაყვაროთ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოკუპირებული ქვეყანა ვართ… ჩვენ დროს, გაღიმებული სახეებით ვისხედით გაკვეთილზე და იუმორით ვუყურებდით რასაც გვასწავლიდნენ. გავიხსენებ რა ისწავლებოდა, პროპაგანდის გარდა, ერთადერთი თეორიული ცოდნა, რომელსაც ვიღებდით, ეს გახლდათ ე.წ კალაშნიკოვის ავტომატის დაშლა-აწყობა“, – გვიყვება ხათუნა ბურდული.
ჩვენი რესპონდენტი იმასაც იხსენებს, რომ მის დროსაც არ ადასტურებდნენ საგნობრივ კომპეტენციას ამ ამ საგნის მასწავლებლები და მაშინაც სამხედრო პირები ასწავლიდნენ.
„როგორც მოქალაქე და მასწავლებელი, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ, რომ სკოლებში გაჩნდეს მსგავსი საგნები. რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს, ეს უკვე სხვა თემა მგონია. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ პროგრამის ავტორებს ნამდვილად პატრიოტული მიზეზები აქვთ, თუ რატომ არის საჭირო სამხედრო სწავლება ბავშვებისთვის და იმედია, საინტერესო, საყვარელი და საჭირო საგანი გახდება ამ თაობისთვის. ასწავლიან პატრიოტი ოფიცრები და ვიწრო, პარტიული პროპაგანდისგან შორს იქნება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მენტორი მასწავლებელი.
რა ტიპის სწავლებას მიიღებენ და რა უნარებს განივითარებენ მოსწავლეები „სამხედრო საქმეში“, ამის შესახებ ჩვენ მათ სემესტრის დასრულების შემდეგ გავესაუბრებით.
ამავე თემაზე:
მოამზადა მზეო შველიძემ