ახალი ამბები

ჩინეთის ლიდერი არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ტაივანის შემოსაერთებლად

ჩინეთის ლიდერი არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ტაივანის შემოსაერთებლად

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა კომუნისტური პარტიის ყრილობაზე დღეს, 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას ტაივანის შესაერთებლად.

„ჩვენ ვისწრაფვით ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ უდიდესი გულწრფელობითა და ძალისხმევით, მაგრამ არასოდეს ავიღებთ ვალდებულებას, უარი ვთქვათ ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას ყველა საჭირო ზომის მისაღებად“, — თქვა ჩინეთის ლიდერმა.

მანვე ხაზი გაუსვა არმიის გაძლიერების მნიშვნელობას.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სწრაფად ჩვენი არმიის პერსონალის, შეიარაღებისა და მიდგომების მოდერნიზებისთვის“, — თქვა სი ძინპინმა.

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა მიმდინარეობს, რომელსაც 2 ათასი დელეგატი ესწრება. აღნიშნული ყრილობა 5 წელიწადში ერთხელ იმართება. მოსალოდნელია, რომ პარტია სი ძინპინს ქვეყნის მართვის მანდატს მესამე ვადით, 5 წლით გაუხანგრძლივებს. ამის შემდეგ სი ძინპინი იქნება თანამედროვე ჩინეთის ყველაზე ხანგრძლივი მმართველი მაო ძედუნის შემდეგ.


1927 წელს ჩინეთის მაშინდელ ხელისუფლებასა და კომუნისტურ პარტიას შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. იაპონიასთან ომის დაწყების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ დროებით ზავზე და იაპონიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე.

1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კონფლიქტი განახლდა. 1949 წლისთვის კომუნისტურმა პარტიამ კონტინენტურ ჩინეთზე კონტროლი დაამყარა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა, გენერალ ჩან კაიშის მეთაურობით, ტაივანის კუნძულზე გადავიდა.

მას შემდეგ ორივე მხარე თავს აცხადებდა ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად . 1971 წლამდე ჩინეთის ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთის რესპუბლიკას — ანუ ტაივანზე არსებულ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. თუმცა 1979 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აღიარა მთელი ქვეყნის „ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.