„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კომპლექსურ დავალებას არ დაემსგავსოს“ – რა უნდა ვიცოდეთ პროექტულ სწავლებაზე

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო საფეხურს – X, XI და XII კლასებს, დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში.

მასწავლებლებში გაჩენილ არაერთ კითხვას პროექტული სწავლების შესახებ, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ ინტერვიუში 16 ოქტომბერს უპასუხა. ამ ერთგვარი ვიდეოინსტრუქციის თემა სამოქალაქო განათლების საგანში პროექტულ სწავლებას შეეხებოდა და ითქვა ისიც, რომ მსგავსი განმარტებები ხელოვნებასა და მუსიკაშიც გაკეთდება.

ნიკო სილაგაძის ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელოები – მასწავლებლის წიგნი ამ მიმართულებით უკვე მზად არის, რომელსაც ისინი მომდევნო კვირიდან მიიღებენ და არჩევანს გააკეთებენ.

პროექტული სწავლების – გაკვეთილების მიზანი

ნიკო სილაგაძის განმარტებით, პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში ემსახურება მოსწავლის გაძლიერებას, რომ ის აღიზარდოს მოქალაქედ და განავითაროს ის ღირებულებები და უნარ-ჩვევები, რაც სჭირდება მას აქტიური მოქალაქეობისთვის და ამის გაძლიერებას ემსახურება.

„პროექტი ინტეგრირებას ახდენს მოსწავლისას სასკოლო თემთან მეტნაკლებად და უფრო აქტიურ პროცესებში ერთვება მოსწავლე. საშუალო საფეხურზე იგივე პროცესების უფრო გაძლიერება ხდება. მიზანი ეს არის – გაძლიერება და არა პრინციპულად ახალი მიზანი სასწავლო ბადეში“, – ამბობს ნიკო სილაგაძე.

როგორ უნდა წარიმართოს საგაკვეთილო პროცესი, პროექტის შერჩევა და მოსწავლეებთან მუშაობა

სკოლებმა გარკვეული ინსტრუქციები უკვე მიიღეს. კითხვაზე, როგორ უნდა შეარჩიონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა რა პროექტზე იმუშაონ, ექსპერტი პასუხობს:

„ეს არ არის არაფორმალური განათლება, ფორმალურ განათლებასთან მეტი საერთო აქვს. გაკვეთილები, ტრადიციული ფორმატით აქ არ მოიაზრება. საკონტაქტო საათებია ჩვეულებრივი. პროექტზე მუშაობა სავალდებულოა მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც, მაგრამ მუშაობა შეიძლება, ცოტა უფრო თავისუფალი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდება ხოლმე… რაც შეეხება როგორ წარმოგვიდგენია ამის ორგანიზება, ამის აღწერაში სახელმძღვანელოს სტრუქტურა დაგვემხრება. უკვე მზად არის სახელმძღვანელოები, რომლებიც ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან მასწავლებლებს არჩევისთვის გაეგზავნებათ სკოლებში“, – განმარტავს სილაგაძე.

რაც შეეხება პროცესს, ბავშვები ირჩევენ ერთ-ერთ თემას და ეს თემატიკა მოცემულია ეროვნული სასწავლო გეგმების პრიორიტეტული თემების მიხედვით.

„იმ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით სწავლობენ სიღრმისეულად საკითხებს და შემდეგ, იმ ცოდნითა და შეკითხვებით შეიარაღებული, ამ პრობლემატიკას იკვლევენ სასკოლო თემის ფარგლებში და ამის წყალობით, აყალიბებენ საპროექტო იდეას… მაგალითად, ბულინგის თემა ყველგან არის მეტნაკლებად საქართველოში სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ყველგან ძალიან სპეციფიკური გამოვლინება აქვს. სწორედ ამ სპეციფიკურ გამოვლინებებს ადგენენ. კიდევ, სახელმძღვანელოში მოცემულია ანალოგიები – მსგავსი პროექტები თუ განხორციელებულა სადმე და როგორ. ანუ ეს მზა იდეებს კი არ კარნახობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, არამედ თვითონ ამ ანალოგიებით ამ ახალი პროექტების იდეების ჩამოყალიბებას ასწავლის. იქვე ვხედავთ პროექტის დაგეგმვისა და განვითარების ეტაპებთან დაკავშირებულ შეკითხვებს და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ის, რომ ეს პროექტი იყოს სკოლის თემისთვის სამსახურის გამწევი და არ იყოს უბრალოდ სასწავლო რესურსი. აქვე გვაქვს, რა თქმა უნდა, როგორ გავდივართ სამიზნე ცნებებზე იმიტომ, რომ ჩართულობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ის ცოდნაც უნდა შეიძინოს მოსწავლემ, რაც აუცილებელია საგნისთვის. ანუ, ძალიან მარტივად, კლუბურ ფორმატში მასწავლებლის ფასილიტაციით მოსწავლეები ირჩევენ თემებს, შეისწავლიან, იკვლევენ ამ თემის გამოვლინებას, გეგმავენ პროექტს და შემდეგ სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, მშობელი იქნება, სკოლის ადმინისტრაცია თუ სხვა მასწავლებელი, ახორციელებენ მას. ეს არის მონახაზი“, – ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ პროექტული სწავლების დანერგვის პროცესი ბევრ საინტერესო სიურპრიზს შემოგვთავაზებს, რასაც ყველანი ერთად შევისწავლით და განვითარებისთვის გამოვიყენებთ.

ვისთვის არის სახელმძღვანელო, რა დოზით უნდა ვიყოთ მასზე დამოკიდებული, როგორ არ დავემსგავსოთ კომპლექსურ დავალებას და როგორ გავახორციელოთ პროცესს პრაქტიკულად

ნიკო სილაგაძის თქმით, ეს მასწავლებლის წიგნია, თუმცა იქ მოცემულია იქ რესურსები, რომლებიც მოსწავლეებმაც უნდა წაიკითხონ.

„რაც შეეხება არჩევანს, არჩევანი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ჩვენ ვთქვით, რომ 8 პრიორიტეტული გეგმა გვაქვს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც კიდევ 8 და ათ ქვე თემებად იყოფიან. შესაბამისად, თემატიკა უსაზღვროდ დიდია. საითაც გაიხედავთ, ყველგან შეიძლება… სამოქალაქო განათლების იდეა ეს არის – ნებისმიერი საკითხიდან შეიძლება პროექტი და სამუშაო იდეა აიგოს. სახელმძღვანელოში უბრალოდ მოცემულია 6-8-10 გააჩნია სახელმძღვანელოს იდეა მუშაობისთვის და რესურსები ამისთვის, თორემ ნებისმიერი სხვა თემა შეიძლება, გამოიყენონ მასწავლებლებმა, პირიქით, სასიამოვნო და კარგიც იქნება რაც უფრო დიდი მრავალფეროვნება იქნება, პროექტის იდეებისს“, – ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ თუ ავიღებთ სახელმძღვანელოს, სადაც, მაგალითად, 8 პროექტია მოცემული 8 განსხვავებულ თემაზე, მოსწავლეებს სხვადასხვის არჩევა შეუძლიათ ნაწილს პირველის, ნაწილს მეორესი და ა.შ. ან ერთი და იგივე შეიძლება რამდენიმემ აირჩიოს.

ამ არჩევანის გაკეთების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად სწავლობს ამ თემებს უფრო სიღრმისეულად, რომელიც სახელმძღვანელოშივეა მოცემული. სილაგაძის თქმით, რაც უფრო ბევრი იქნება ეს თემები, ჯობია.

„გააჩნია რა რესურსები გვაქვს მასწავლებლებს, რისთვის ვართ მზად. რაც უფრო განვითარდება ეს პროცესი, მით უფრო მრავალფეროვანი თემა იქნება და გამოცდილებაც მოგვცემს პროცესის გასაინტერესოების შესაძლებლობას. ჩვენი მასწავლებლებისთვის სამოქალაქო განათლების პროექტის წარმართვა და აგება დიდი ხანია, სიახლე აღარ არის. სხვა მხრივ, უკვე ძალიან გავს ეს პროექტს, უბრალოდ, რამდენიმე ნიუანსია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თითოეულ პროექტს თავისი წვლილი შეაქვს მოქალაქეობის სამიზნე ცნებების განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კომპლექსურ დავალებას არ დაემსგავსოს ეეს პროცესი და აქ იყოს მაქსიმალური ჩართულობა სასკოლო თემის წევრების და მსწავლეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ პროექტით სამსახურს სასკოლო თემსაც უწევს, როგორც თითონაც ამ თემის წევრი და ყველაფერი ამის პრეზენტირება არის საჭირო“, – განმარტავს სილაგაძე.

რაც შეეხება პროექტის ფორმაზე ნიკო სილაგაძის რჩევებს, პროექტი, მისი თქმით, რომელსაც მოსწავლე განახორციელებს, შეიძლება იყოს საქველმოქმედო პროექტი, იდეის ადვოკატირება, საზოგადოების ინფორმირება, ინფრასტრუქტურული პრობლემის წამოწევა და ა.შ. ერთი და იგივე იდეაზე კი შესაძლოა, რამდენიმე პროექტი გაკეთდეს. განათლების სპეციალისტის აზრით, გარეგნულად მსგავსი პროექტი არ ნიშნავს იდენტურს, რადგან ყველა პრობლემას თავისებური და ლოკალური გამოვლინება აქვს ყველა სკოლაში.

კომპლექსურ დავალებასთან სხვაობა

რაც პროექტს კომპლექსური დავალებისგან განსხვავებას, ნიკო სილაგაძის განმარტებით, ეს პირველ რიგში, მისი მასშტაბებია. ახალ პროექტზე მოსწავლემ მთელი ერთი სემესტრი უნდა იმუშაოს. მაშინ, როცა კომპლექსური დავალებები უფრო მოკლე და ლოკალურია.

პროექტის შემთხვევაში თემატიკა ძალიან ვრცელია და ნებისმიერს შეიძლება ეხებოდეს, მაშინ, როცა კომპლექსური დავალებები მაინც სავალდებულო თემებს მიჰყვება.

„შესაბამისად, კომპლექსური დავალება კლასიკურად ფორმალური განათლების, ანუ საგაკვეთილო საათების რეჟიმშია. აქ უფრო თავისუფალი რეჟიმია, კლუბთან მეტი საერთო აქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, გაკვეთილის მოტივიც მონაწილეობს… რაც ყველაზე მთავარია, ეს არც კომპლექსური დავალების შემთხვევაშია გამორიცხული, მაგრამ აქ მოთხოვნასავით არის, რომ უნდა იყოს მოსწავლის ჩართულობა სასკოლო საზოგადოების ცხოვრებაში. მოსწავლე, ამ შემთხვევაში საკუთარი ცოდნის შეძენის კიარა მხოლოდ, ან ფორმალურ განათლებაში ნიშნის მიღების… არამედ გამოდის თვითონ რა სამსახური გაუწიოს იმ საზოგადოებას, თემს და ათვლის წერტილად ესეც აქვს და შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, მასშტაბი და მიზანზე ორიენტირება აქ უფრო მკაფიოა. იმიტომაც არის, რომ საშუალო საფეხურზე ვაკეთებთ ამას, როდესაც უკვე დამამთავრებელი ფაზაა ზოგადი განათლებისა“, – ამბობს განათლების ექსპერტი.

შეფასება პროექტულ სწავლებაში

სამოქალაქო განათლებაში 6 პროექტი იქნება, სემესტრში ერთი. რაც შეეხება შეფასებას, ნიკო სილაგაძის განცხადებით, მარტივად რომ ვთქვათ, ეს იქნება ჩათვლა განმსაზღვრელი შეფასების სტატუსით. ხარისხიანად რომ გაკეთდება სამუშაო, მოსწავლეს ჩათვლა დაეწერება და თავიანთ პორთფოლიოში თუ თავიანთ აქტივში ჩაწერა.

„განმავითარებელი შეფასება კი ნაწილია მუშაობის პროცესის, იმიტომ, რომ ყველა დეტალი, ნიუანსი, რაც ამ პროექტზე მუშაობასთან იქნება დაკავშირებული, მასწავლებლისთვის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა იქნება, კომენტარები გააკეთოს, რჩევები მისცეს, თანამშრომლობის ახალი სფერო წარმოაჩინოს, უკუკავშირი მიიღოს ბავშვისგან. განმავითარებელ შეფასებას სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის“, – ამბობს სილაგაძე, რომელმაც ასევე იცის, რომ ყველა სიახლეს ახლავს გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ მასწავლებლებმა ამას, როგორც პოზიტიურ გამოწვევას, ისე უნდა შეხედონ.

მასწავლებლის ანაზღაურება

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი განმარტავს, მასწავლებლის ანაზღაურება პროექტულ სწავლებაში კლასიკურად და მარტივად არის:

„უნდა ჩავთვალოთ, რომ ერთი საათით მეტი არის. ანუ კვირაში ერთი საათის მატებას ნიშნავს ამაში ჩართულობა“.

ასევე იხილეთ:

X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სამ საგანში პროექტების განხორციელების ვალდებულება აქვთ – როგორია პროცესი და ეტაპები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.