ახალი ამბები

ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მაჰსა ამინის ხსოვნას მის მშობლიურ ქალაქში

ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი მაჰსა ამინის ხსოვნას მის მშობლიურ ქალაქში

ცნობების თანახმად, ირანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული  და შემდგომ დაღუპული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში იყვნენ შეკრებილნი.

BBC-ის ინფორმაციით, ირანის ქურთისტანის პროვინციის ამ ქალაქში, მაჰსა ამინის საფლავთან ახლოს, ათასობით ადამიანი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, შეიკრიბა. ეს თარიღი კულტურულად მნიშვნელოვანია ირანელთათვის.

თვითმხილველებისა და ქურთული უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის ცნობით, 26 ოქტომბერს პოლიციამ გამოიყენა როგორც ცეცხლსასროლი ტყვიები, ისე ცრემლსადენი გაზი. საყეზის გარდა, უსაფრთხოების ძალები პროვინციის სხვა ტერიტორიებზეც იყვნენ მობილიზებულნი.

22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს სექტემბერში.

უფლებადამცველთა ცნობით, ის პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ქალის ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

ამინის დაღუპვის შემდეგ, ირანში დაიწყო მასობრივი პროტესტი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა წლების განმავლობაში.

ვიდეოების მიხედვით, 26 ოქტომბერს ათასობით მგლოვიარე გადაადგილდებოდა გზასა და მინდორზე, ასევე, მდინარის გარშემო, რათა საგზაო ბარიერები გადაელახათ და ახალგაზრდა ქალის საფლავამდე მიეღწიათ.

მოქალაქეები სკანდირებენ სლოგანებს, რომლებიც მრავალგზის ისმის მიმდინარე დემონსტრაციებზე, მათ შორის “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” და “სიკვდილი დიქტატორს”. ასევე ისმოდა შეძახილები “სიკვდილი მოღალატეებს” და “ქურთისტანი ფაშისტების სასაფლაო გახდება”.

Reuters ციტირებს თვითმხილველს, რომელიც ამბობს, რომ “პოლიციამ ესროლა მგლოვიარეებს, რომლებიც სასაფლაოზე შეიკრიბნენ… ათეულობით მათგანი დააკავეს”. ნახევრად ოფიციალური სააგენტო Isna კი წერს, რომ შეკრების მონაწილეთა “შეზღუდული რაოდენობა დაუპირისპირდა პოლიციას საყეზის გარეუბანში და ისინი დაშალეს”.

Hengaw-ს მიხედვით, ცერემონიიდან დაბრუნებული მოქალაქეები გუბერნატორის ოფისისკენაც წავიდნენ. მისივე ცნობით, აქციები იყო ქურთისტანის სხვა ქალაქებშიც და პოლიციამ რიგ ადგილებში ცეცხლი გახსნა. აქტივისტები იტყობინებოდნენ დემონსტრაციების შესახებ თეირანსა და სხვა ქალაქებშიც.

უწინდელის მსგავსად, ხელისუფლება ამჟამადაც ირანის “მტრებისკენ” იშვერს ხელს. ქურთისტანის გუბერნატორმა თქვა, რომ “მტრები და მათი მედია” მაჰსა ამინის დაღუპვის მე-40 დღის გამოყენებას ცდილობენ ახალი დაძაბულობის შესაქმნელად, თუმცა “საბედნიეროდ, პროვინციაში სიტუაცია სრულად სტაბილურია”.

ბუნდოვანია, მონაწილეობდა თუ არა ცერემონიაში მაჰსა ამინის ოჯახი. როგორც BBC-ს ჟურნალისტს ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, დაღუპული ქალის მამაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა ამ უკანასკნელს ეთქვა, რომ ქალიშვილის გარდაცვალების მე-40 დღეს ცერემონიის მოწყობას არ აპირებდა.

ირანში დემონსტრაციები 1 თვეზე მეტია, გრძელდება.

ერთ-ერთ პირველ პროტესტს სწორედ ქალაქ საყეზში, 22 წლის ქალის დაკრძალვისას ჰქონდა ადგილი. ცერემონიის მონაწილე ქალებმა საჯაროდ მოიხადეს და ჰაერში ააფრიალეს თავსაბურავები, რომელთა ტარებაც ირანში სავალდებულოა. მოგვიანებით, პროტესტის ამ ფორმას მრავალმა სხვა ქალმა მიმართა ქვეყნის გარშემო.

უფლებადამცველი ორგანიზაციის Iran Human Rights-ის მიხედვით, უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 234 ადამიანი, მათ შორის 29 ბავშვი მოკლეს დემონსტრაციების ჩახშობის მცდელობისას, რასაც თავად ხელისუფლება გარე ძალების მიერ გაჩაღებულ “არეულობად” ხატავს.

კიდევ ერთი ორგანიზაცია “ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო” (HRANA) აქციების დროს უსაფრთხოების ძალების მიერ 244 დემონსტრანტის, მათ შორის, 32 ბავშვის მკვლელობის შესახებ იუწყება.

სპარსულენოვანი და სხვა მედიასაშუალებები არაერთგზის წერენ მოკლული დემონსტრანტების ოჯახების დაშინებასა და შანტაჟზე ხელისუფლების მხრიდან.

ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.