თსუ: საგამოცდო სექტორში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ საგამოცდო სექტორში მიმდინარე გამოცდის დროს ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.
„ეს არის საგამოცდო სივრცე ბიბლიოთეკის შენობაში. საერთოდ არავინ არ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, ე.წ. შეკიდული ჭერის მსუბუქი პლასტიკატის კონსტრუქცია ჩამოიწია და როგორც კი ნახეს, რომ ჩამოიწია, გამოიყვანეს ბავშვები. არავის არ დაცემია თავზე. ამის შემდეგ ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს ჭერის კონსტრუქცია და როგორც კი განისაზღვრა, რომ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ბავშვებმა კვლავ განაგრძეს წერა“, – განგვიცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი, რომელზეც EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია გაავრცელა დღეს, 14 ნოემბერს მოხდა. სტუდენტებმა სექტორში გადაღებული ფოტო ასეთი მინაწერით გაავრცელეს:
„დღეს, გამოცდის დროს, 30-33 სექტორში (თსუ საგამოცდო ცენტრი, მაღლივი.) ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე, ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია. ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. კარგად რომ გაარემონტეს იმის შედეგია ალბათ. პ. ს ის ბავშვები როგორ ხართ თავზე რომ დაგეცათ?“.