ხამენეის და გმობს მის მმართველობას, მხარს უჭერს პროტესტს — წერილი
ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის, თავისი და აკრიტიკებს, გმობს ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეთა დევნას და მოუწოდებს ძალოვნებს, გვერდზე გადადონ იარაღი: შესაბამისი წერილი ხამენეის დის შვილმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
წერილის თანახმად, ბადრი ჰოსეინი ხამენეი, რომელიც, Reuters-ის მიხედვით, ირანში ცხოვრობს, გმობს ირანის კლერიკალურ ხელმძღვანელობას — ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის პერიოდიდან ამჟამინდელ ლიდერამდე, ანუ თავის ძმამდე.
“ვფიქრობ, ახლა მიზანშეწონილია, განვაცხადო, რომ ვეწინააღმდეგები ჩემი ძმის ქმედებებს და გამოვხატავ თანაგრძნობას ყველა იმ დედის მიმართ, რომლებიც გლოვობენ ისლამური რესპუბლიკის დანაშაულებს, ხომეინის დროიდან ალი ხამენეის დესპოტური სახალიფოს ეპოქამდე”.
წერილი, რომელიც დეკემბრითაა დათარიღებული, ბადრი ხამენეის ვაჟის, მაჰმუდ მორადხანის “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა. მორადხანი საფრანგეთში ცხოვრობს.
“ალი ხამენეის რევოლუციურმა გვარდიელებმა და დაქირავებულებმა რაც შეიძლება მალე უნდა გადადონ იარაღი და შეუერთდნენ ხალხს, სანამ გვიან არ არის”, — ნათქვამია წერილში.
“რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” წარმოადგენს ელიტურ დანაყოფს, რომელიც ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ, 1979 წელს შეიქმნა. ის უმძლავრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ძალად ჩამოყალიბდა, ახლო კავშირებით ალი ხამენეისთან და სხვა საკვანძო ფიგურებთან.
მიმდინარე კვირაში ელიტურმა დანაყოფმა მოუწოდა სასამართლოს, არ დაინდოს “მეამბოხეები, ავაზაკები და ტერორისტები”. ამ სიტყვებით ხელისუფლება ხშირად მოიხსენიებს მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს.
ბადრი ჰოსეინი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსი დისიდენტის, ალი თეირანის ცოლია. თეირანი მიმდინარე წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორ ხამენეის და წერილში აღნიშნავს, ათწლეულების წინ მრავალგზის შეეცადა, თავის ძმის ყურამდე მიეტანა “ხალხის ხმა”.
“თუმცა, შევნიშნე რა, რომ არ შეისმინა [ეს ხმა] და განაგრძო ხომეინის გზა უდანაშაულო ადამიანების დევნითა და მკვლელობით, გავწყვიტე ურთიერთობა მასთან”, — ნათქვამია წერილში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:
“ჩემი საზრუნავი ყოველთვის იყო და იქნება ირანელი ხალხის, განსაკუთრებით, ქალების ნება. მჯერა, რომ ისლამური რესპუბლიკის, ხომეინისა და ალი ხამენეის რეჟიმს არაფერი მოუტანია ირანისა და ირანელებისთვის ტანჯვისა და დევნის გარდა.
ირანის ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და კეთილდღეობას, მათი აჯანყება კი ლეგიტიმური და აუცილებელია იმისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ უფლებებს.
ვიმედოვნებ, რომ მალე ვნახავ ხალხის გამარჯვებას და ირანის მმართველი ტირანიის დამხობას”, — წერს ისლამური რესპუბლიკის ლიდერის და.
ცნობილია, რომ ნოემბრის ბოლოს ირანში დააკავეს ბადრი ხამენეისა და ალი თეირანის აქტივისტი ქალიშვილი ფარიდე მორადხანი, რომელმაც უცხო ქვეყნების მთავრობებს ვიდეომიმართვით მოუწოდა, გაწყვიტონ კავშირი ირანის რეჟიმთან.
პროტესტი ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.
დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე შეიძინა მთლიანად ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე, ხელისუფლების რეპრესიების მიუხედავად, არ წყდება.
ორშაბათიდან ქვეყანაში დაიწყო გაფიცვა, რომლის ფარგლებშიც მრავალი მაღაზია დაიკეტა თეირანში, ისპაანში, ქერმანშაჰში, შირაზში, ბაბოლსა და სხვა ქალაქებში. გაფიცვისკენ ბიზნესის წარმომადგენლებს აქტივისტებმა მოუწოდეს.
ამასთან, გრძელდება ქუჩის აქციები და სტუდენტთა პროტესტი ქვეყნის უნივერსიტეტებში.
ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA სექტემბერში დაწყებულ აქციებზე 473 მოკლული დემონსტრანტის შესახებ იუწყება, საიდანაც 64 არასრულწლოვანია. ორგანიზაცია საუბრობს 61 დაღუპულზე ირანის უსაფრთხოების ძალების რიგებშიც.
HRANA-ს თანახმად, აქციებთან კავშირში დაკავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.