ახალი ამბები

პრემიერი და პრეზიდენტი ჰააგის გადაწყვეტილებაზე დუმილს ინარჩუნებენ

პრემიერი და პრეზიდენტი ჰააგის გადაწყვეტილებაზე დუმილს ინარჩუნებენ

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მე-4 დღეა არ გამოხმაურებიან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიების დასრულებას, რომელმაც ქართული მხარის უდანაშაულობა დაადასტურა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 7-წლიანი გამოძიების დასრულების შესახებ 16 დეკემბერს განაცხადა.

16-დან 19 დეკემბრის ჩათვლით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს მიულოცა ბარბარობა, ნიკოლოზობა, ხანუქა, საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღე, თუმცა არაფერი უთქვამს ჰააგაში ისტორიულ გამარჯვებაზე.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე იუსტიციის მაშინდელი მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ დონეზე აგვისტოს ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, რასაც იმით ხსნიდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გააკეთებდა.

„თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში“, — თქვა თეა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს, თუმცა ორი წლის შემდეგ მან თავისი სიტყვები უარყო. 2014 წელს იგივე წულუკიანი აცხადებდა, რომ „ჩვენ გამოძიება უნდა დავაჩქაროთ იმისთვის, რომ ჰააგის პროკურორს არ მოუწიოს გამოიძიოს ის საქმე, რომელიც არის ჩვენი გამოსაძიებელი… ეს საფრთხე რეალურია, ამიტომ ამ გამოძიებას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ“.

მიუხედავად ამისა, 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ICC-ის პროკურორის ოფისს აცნობა, რომ ეროვნული გამოძიება ჩიხში შევიდა. შედეგად, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისმა საქმეზე გამოძიება 2016 წლის 27 იანვარს თვითონ დაიწყო. განსხვავებით ასევე ჰააგაში მდებარე გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან (ICJ), რომელიც სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავს და რომელსაც საქართველომ 2008 წელს თავად მიმართა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) კონკრეტულ დანაშაულებზე ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობას ავლენს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიციირებული 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ, რათა მისი პასუხისმგებლობა დამდგარიყო. სააკაშვილის შესაძლო დანაშაულზე „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ.

დღეს დუმილს ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”. ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ საერთაშორისო სასამართლოში — გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) — საქართველოს სარჩელის საპასუხოდ წარდგენილ წინასწარ შესაგებელში რუსეთის ფედერაციამ, სხვა არგუმენტებთან ერთად, სწორედ სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამონარიდები დაიმოწმა. [ICJ-ში ამჟამად არ მიმდინარეობს 2008 წლის ომის საქმის წარმოება — 2008 წელს სასამართლომ საქართველოს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, 2021 წელს კი ამოიწურა ვადა, რა პერიოდშიც საქართველოს საშუალება ჰქონდა, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მიემართა საქმის განახლებასთან დაკავშირებით].

ზურაბიშვილის ციტატები, რომელიც რუსეთმა ჰააგაში წარადგინა

ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებდა ექს-პრემიერი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც, რომლის თქმითაც: „მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა“.

სამოქალაქო ობიექტებზე და მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა, ნებისმიერი საშუალებით ქალაქების, სოფლების, საცხოვრებლების დაბომბვა, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო სამიზნეს, ICC-ის რომის წესდებით გათვალისწინებული სამხედრო დანაშაულია. გამოძიების შედეგების მიხედვით, სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი კაცობრიობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით მხოლოდ რუსული და ოსური მხარის წარმომადგენელთა ბრალეულობა გამოიკვეთა.

„ნეტგაზეთს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ არ იციან, გამოეხმაურება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო გამოძიების შედეგებს. პასუხი ვერ მივიღეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგანაც.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებიდან მე-4 დღეს ამბობს, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებული არ არის.

ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა შეუძლია თქვას ჰააგის გამოძიების შედეგებზე, რომელიც მთავრობამ „თითქოს არ შეიმჩნია“.

„ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოძიების დასრულებას გამოეხმაურნენ ყოფილი და მოქმედი იუსტიციის მინისტრები, რატი ბრეგაძე და თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ მათი ხელისუფლების მიერ დიდი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი გამარჯვების მოპოვება, მაშინ როდესაც ენმ-მ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.

რატომ (არ) უნდა მოეწერა ხელი ქართულ დელეგაციას აგვისტოს ომზე PACE-ს რეზოლუციისთვის

პროკურორის ოფისმა 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა 7-წლიანი გამოძიების დასრულების შესახებ. გამოძიების შედეგად, ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა. 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

აგვისტოს ომის საქმე ჰააგაში — რა ხდება 3 პირის ბრალდების შემდეგ?

აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგაში დასრულდა, ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.