„ეს საახალწლო ჰანგები, აუცილებლად უნდა ჟღერდეს სკოლაში, როცა ახალი წელი ახლოვდება“ – მუსიკის მასწავლებელი გირჩევთ

მუსიკასთან იმხელა ჰარმონიაში ყოფნა, როგორც ეს ახალი წლის მოახლოებას ახასიათებს, წელიწადის არცერთ სხვა დროს არ შეუძლია. ახალი წელი წარმოუდგენელია იმ მუსიკალური რეპერტუარის გარეშე, რომელიც საზეიმო საახალწლო განწყობას გვიქმნის და ჯადოსნური დღის დადგომის მოლოდინს უფრო ამძაფრებს. თითქმის არ არსებობს სივრცე, სადაც ამ დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იქ მისულს საახალწლო მუსიკის ჰანგები არ შემოგესმათ.

ახალი წელი, უპირველესად საბავშვო დღესასწაულია და მისი მოახლოებაც სკოლებში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში იგრძნობა. ამავე პერიოდში იწყება საახალწლო სამზადისი, კლასების მორთვა-მოკაზმვა და ღონისძიებების ორგანიზება.

რა აქტივობებით ვიმუშაოთ წინა საახალწლოდ კლასში – „საახალწლო სასწავლო გეგმა მხოლოდ ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგებს არ სჭირდებათ“

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ ემზადებიან მუსიკის მასწავლებლები ახალ წელთან შესახვედრად და როგორია ის რეპერტუარი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის მიმდინარე ღონისძიებების გასაფორმებლად ირჩევა.

ვესაუბრეთ ნინო გოგიაშვილს, თბილისის #116 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელს, რომელიც ამბობს, რომ მრავალფეროვანი და გემოვნებით შერჩეული მუსიკალური რეპერტუარი არა მხოლოდ მოსწავლეებს, ყველას უქმნის სასიხარულო განწყობას. ამიტომ, ის სკოლებს ურჩევს, საახალწლო კვირეული ისე დააორგანიზონ, რომ მოსწავლეებს შესვენებების დროსაც ესმოდეთ მუსიკის ჰანგები.

– ნინო, ვიდრე თქვენს მიერ შედგენილ საახალწლო მუსიკის ნაკრებს გაგვაცნობდეთ გკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკალური გაფორმება სკოლის საახალწლო ღონისძიებებისთვის და არა მხოლოდ, რატომ უნდა ჟღერდეს სკოლაში მუსიკის ჰანგები?

– სასკოლო საახალწლო ღონისძიებების ჩატარებისას და არა მხოლოდ, მუსიკალურად გაფორმება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მორთულ-მოკაზმულ შენობაში გაჟღერებული თემატური საახალწლო სიმღერები თუ მუსიკალური ნაწარმოებები, განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ამ დღესასწაულს, ამაღლებს მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციას, სკოლაში იქმნება პოზიტიური და სახალისო სასწავლო გარემო. გარდა ამისა, იმატებს დასწრება, სწავლის ხარისხი, რაც საბოლოოდ მოსწავლეთა მოსწრებაზე აისახება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, თუ რა რეპერტუარს შევთავაზებთ მოსწავლეებს საახალწლოდ. ასევე, სკოლებს ვურჩევ, საახალწლო მუსიკა დადებითი განწყობის შესაქმნელად, შესვენებების დროსაც გამოიყენონ.

– თქვენ როდის იწყებთ ე.წ საახალწლო რეპერტუარის შერჩევას და რა გეგმით ხელმძღვანელობთ?

– მოგეხსენებათ, სიმღერების შესწავლა, ტექსტსა და მუსიკალურ მხარეზე მუშაობა გარკვეულ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სამზადისს ნოემბრის თვიდან ვიწყებ და იგივეს ვურჩევ სხვა პედაგოგებსაც. ვცდილობ, არც ერთი კლასი არ დავტოვო საახალწლო მუსიკალური განწყობის გარეშე. მოსწავლეებს ვასმენინებ სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს და ისინი თავად ირჩევენ თუ რისი შესწავლა და მოსმენა სურთ, ვატარებ გამოკითხვას სკოლაშიც და ვცდილობ, სასკოლო საზოგადოების აზრიც გავითვალისწინო.

– ნინო, რა რჩევებს მისცემთ კოლეგებს საახალწლო მუსიკალური რეპერტუარის შერჩევისას?

– ჩემი რჩევები კოლეგებისთვის შემდეგი იქნება:

მოსწავლეთა ჩართულობა შერჩევაში: გამოიკვლიეთ მოსწავლეთა ინტერესები, დაადგინეთ თუ რომელი მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება/მოსმენა სურთ. გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეები საკუთარი გემოვნებით შერჩეული რეპერტუარს კიდევ უფრო დიდი ხალისით შეასრულებენ და მოისმენენ;

სურვილების კვლევა: ჩაატარეთ კვლევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამივე (დაწყებით, საბაზო, საშუალო) საფეხურის მოსწავლეები. თითოეულმა კლასმა საკუთარი საახალწლო მუსიკალური ტოპ ათეული წარმოადგინოს, რომელსაც შერჩევისას გავითვალისწინებთ;

წლის სიმღერა: ყოველწლიურად გამოავლინეთ „სკოლის საახალწლო ჰანგი“ – სიმღერა, რომელსაც მოსწავლეები დიდი სიხარულით ასრულებენ. სასურველია, იგი ჟღერდეს ერთსა და იმავე დროს (მაგ. დიდ დასვენებაზე);

რეპერტუარის შინაარსი: რეპერტუარში შეიტანეთ მრავალფეროვანი, განსხვავებული, ქართული, უცხოური, სხვადასხვა ერების ტრადიციული საახალწლო სიმღერები. ეს ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ განათლებას მოსწავლეებში და ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლებას. ხელს შეუწყობს სხვა ერების კულტურისა და ტრადიციების მიმღებლობას, რაც საბოლოოდ, დაეხმარება მოსწავლის ტოლერანტ, გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას;

აქტივობები ყველასათვის: საახალწლო ჰანგებზე შექმენით რიტმული აქტივობები, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლებიც. ეს პროცესი კიდევ უფრო დააახლოებს ერთმანეთთან მოსწავლესა და მასწავლებელს, რაც დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე;

რეპერტუარში შეიტანეთ სიმღერებისა და მუსიკალური ნაწარმოებების დახვეწილი, ორიგინალი ვერსიები, რაც მოსწავლეებს მაღალ მუსიკალურ გემოვნებას ჩამოუყალიბებს.

– გაგვიზიარეთ თქვენი ნაკრები, რომელ მუსიკალურ რეპერტუარს ირჩევთ ახალი წლისთვის და როგორ იყენებთ თითოეულს?

– გთავაზობთ საახალწლო რეპერტუარის ვერსიებს კომენტარებით:

„მარში“ – პ. ჩაიკოვსკი – ბალეტიდან „მაკნატუნა“ – დიდებული, საზეიმო მუსიკა ქმნის სადღესასწაულო განწყობას. მას პედაგოგები ხშირად ვიყენებთ დაწყებით კლასებში „ჯადოსნური“ სპექტაკლების გასაფორმებლად;

„ფერია დრაჟეს ცეკვა“ – პ.ჩაიკოვსკი-ბალეტიდან „მაკნატუნა“. იდუმალი, საოცარი მუსიკა, რომელიც ჯადოსნურ გარემოს შექმნის სკოლაში;

„რა ღამეა“ – გ.მაჭარაშვილი – განკუთვნილია დაწყებითი კლასებისათვის. სასურველია, შესრულდეს ხმებში, თუმცა შესაძლებელია უნისონში შესრულებაც. განსაკუთრებით ღონისძიების გახსნის ან დახურვის მომენტს;

„LET IT SNOW” – ფრენკ სინატრა – ყველასათვის ნაცნობი მელოდია მარტივი ტექსტით. განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ღონისძიებებისთვის;

„შობის გალობა“ – ვ.კახიძე – ულამაზესი სიმღერა, განკუთვნილია პოლიფონიური შესრულებისთვის, სასურველია შეასრულოს სკოლის გუნდმა სასკოლო ნაძვის ხის დადგმისას;

„ალილო“ – ქართული საშობაო საგალობელი – ადვილად დასამახსოვრებელი ტექსტი და მელოდია, მარტივად სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები, თუ ეთნიკურად მრავალფეროვანი კლასი გყავთ, აუცილებლად გამოიყენეთ.

„დანისლულა ზეცის კიდე“ – მაია ოთიაშვილი – საბავშვო სიმღერა. მარტივი, მხიარული მელოდია მოძრავი რიტმით, ახალისებს და განწყობას უმაღლებს მოსწავლეს.

ასევე იხილეთ:

იმედისმომცემი ელემენტები სკოლის რეფორმაში – ექსპერტის თვალით დანახული 2022 წელი განათლებაში

ესაუბრა მზეო შველიძე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.