“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა” – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება დღეს, 26 დეკემბერს, გამართულ ამბასადორიალზე სალომე ზურაბიშვილის დაუსწრებლობას და აცხადებს, რომ პრეზიდენტს პროტოკოლით გათვალისწინებულ ადგილს სთავაზობდნენ, თუმცა ზურაბიშვილმა ამაზე უარი თავად თქვა.

უწყების განცხადებით, წელს, ისევე როგორც ყოველ წელს, განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილები, რომლებიც ცენტრში მდებარეობდა. სალომე ზურაბიშვილის ადგილი კი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის შუაში.

“მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის, მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში”, – განმარტავს სამინისტრო.

მანამდე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის დაუსწრებოლბა პროტოკოლის დარღვევით ახსნა:

„საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად, არის სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში“, — ნათქვამი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.