წულუკიანის უწყება „შეცდომაში შეყვანის მცდელობად“ მიიჩნევს ფოტოებს ლევილიდან

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“ უწოდებს საფრანგეთიდან გავრცელებულ ფოტოებს, რომელზეც აღბეჭდილია ლევილის მამულში განადგურების პირას მყოფი ბიბლიოთეკის ნაწილი.

პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარე ლევილის მამული საქართველოს პირველი რესბულიკის მთავრობის წევრებმა მას შემდეგ შეიძინეს, რაც საქართველოში საბჭოთა წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ იძულებულნი გახდნენ საფრანგეთში გაქცეულიყვნენ და იქ ეცხოვრათ. ლევილის მამული საქართველოს მთავრობას 2016 წელს გადმოეცა. შესაბამისად, მის მოვლა-პატრონობაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.


ლევილის მამულის სხვენი / ფოტო: თამარ ბარამაშვილი

მოქალაქე თამარ აბრამიშვილმა 2 იანვარს გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ლევილის მამულის სავალალო მდგომარეობაა აღბეჭდილი. ლპობის ზღვარზე მისულ ისტორიულ დოკუმენტებთან და ჟურნალ-გაზეთებთან ერთად აღბეჭდილია გახრწნილი ფრინველის ნარჩენები.

თეა წულუკიანის სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ლევილის მამულს სათანადოდ უვლის, თუმცა არ უარყოფს ფოტოების სინამდვილეს.

3 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში.


ლევილის მამულის სხვენი / ფოტო: თამარ ბარამაშვილი

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სხვენში არაერთი წლის მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა არამარტო სხვენს, არამედ მთლიანად შატოსაც, შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს (საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ).

სამინისტროსვე ცნობით, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან“.

„ასევე გაცნობებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895 ევრო.

პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება. გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694 ევრო“, — აცხადებს წულუკიანის უწყება.


ლევილის მამულის სხვენი / ფოტო: თამარ ბარამაშვილი

რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, როგორც სამინისტრო იტყობინება, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად.

სამინისტროსვე ცნობით, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც, მათივე თქმით, 30 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულებამ 12 000 ევრო შეადგინა. უწყებისვე განცხადებით, 2023 წლიდან ასევე იგეგმება ლევილის მამულში არსებული ხეხილის აღწერა, ასევე, ქართული ჯიშის ხეხილის დარგვა და ვენახის გაშენება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.