„ერთხელ და სამუდამოდ, დიპლომების განათლებიდან ცოდნის განათლებაზე უნდა გადავიდეთ“ – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე EDU.ARIS.GE-სთან 2022 წელს აჯამებს

„განათლების ყველა საფეხურისთვის ძალიან დატვირთული და დახუნძლული“, – ასე აფასებს 2022 წელს EDU.ARIS.GE-სთან ვრცელ ინტერვიუში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი.

თავმჯდომარეობის ერთი წლის თავზე, მისი კომიტეტის ანგარიშზეა არაერთი დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილება, მოკვლევა, აქტივობა თუ დაგეგმილი ინიციატივა, რომელიც წესით, დღის სინათლეს 2023 წელს იხილავს.

– ბატონო გიორგი, თუკი განვლილ წელს გადახედავთ, რა გახსენდებათ სიტყვაზე „განათლება“, რა მოვლენა, ფაქტი ან ფრაზა? აქვე შეგვიფასეთ 2022 წელი განათლებაში, თქვენი აზრით, სად ვიყავით, სად ვართ და სად ვიქნებით 2023 წლის ბოლოს?

– სიტყვა განათლებაზე, ბუნებრივია, მახსენდება ბავშვები, ახალგაზრდობა, მასწავლებლები, პროფესორები, მეცნიერები, და, რა თქმა უნდა, ასოციაცია ყოველთვის მაქვს სიახლესთან, ინოვაციასთან, ახალი ცოდნის შექმნასთან.

რაც შეეხება კითხვას, სად ვიყავით და სად ვართ წლის ბოლოს, ძალიან რთულია, განათლების მიმდინარეობა, პროცესი და რეფორმები ერთწლიან ციკლში შეაფასო, ვინაიდან შედეგებს გაცილებით მეტი დრო სჭირდება. თუმცა, პროცესი განგრძობადია, მიმდინარეობს და ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა 2022 წელს. დაწყებული სკოლამდელი განათლებით, ვგულისხმობ ბაღებს, სადაც მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები კანონში და ბაღების ავტორიზაციის პროცესი პირველად იწყება, რაც ძალიან კომპლექსურია და ერთიორად გააუმჯობესებს ჩვენი ბავშვებისთვის ბაღებში არსებულ სიტუაციას თუ ხარისხს. ასევე, მიღებულ იქნა ცვლილებები და პირველად დაიწყება სკოლების ავტორიზაციის პროცესი. მოხდება მათი თვითშეფასება, ხარისხის მექანიზმების დანერგვა, რაც ბუნებრივია, სწავლების ხარისხს ჩვენი მოსწავლეებისთვის ერთიორად აამაღლებს, ვინაიდან ავტორიზაცია არ არის სადამსჯელო მექანიზმი. პირიქით, ეს არის ხარისხის განმავითარებელი პროცესი. ამიტომ, პრაქტიკულად პირველად ჩვენს ისტორიაში პირველად ხდება როგორც ბაღების, ასევე სკოლების ავტორიზაციის პროცესი და ამ კუთხით, 2022 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვქონდა. ბუნებრივია, ეს პროცესები მომდევნო წელს გაგრძელდება და უკვე პირველად ინფორმაციას მივიღებთ და სიტუაციურ ანალიზს შევძლებთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც კიდევ უფრო მეტ დინამიკას მისცემს რეფორმებს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აქაც მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთი წლის წინ შეიქმნა უნარების სააგენტო, რომელმაც პრაქტიკულად სხვა ჭრილში გადაიყვანა პროფესიული განათლებისადმი მიდგომა და მენეჯმენტი. ვგულისხმობ კერძო სექტორის პირდაპირ ჩართულობას როგორც პროცესის მართვაში, ისე პროგრამების შექმნაში, განხორციელებასა და შემდგომ უკვე დასაქმებაში. ეს არის მთავარი ღერძი იმ გამოწვევის გადასატეხად, რაც დღეს პროფესიულ განათლებაში გვაქვს, რომ დავაახლოვოთ საგანმანათლებლო სექტორი შრომის ბაზრის სექტორთან როგორც მოთხოვნების, ასევე პრიორიტეტების თვალსაზრისით.

– როგორია 2023 წლის გეგმა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის კუთხით, გაგვიზიარეთ პრიორიტეტული მიმართულებები?

– 2023 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება. ერთი, რომ ჩვენ განვახორციელებთ როგორც ბაღების, ასევე სკოლების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს, თუ როგორ იქმნება და ინერგება სტანდარტები, როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა გამოწვევებთან თუ ხარვეზებთან შეიძლება მოგვიწიოს გამკლავება, რათა მყისიერად მოვახდინოთ მათი აღმოფხვრა და რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

პროფესიული განათლება ყოველთვის იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი კომიტეტისთვის და ვფიქრობთ, აქტიურად ვიმუშაოთ პროფესიული განათლების მიმართულებითაც, რომ რაც შეიძლება მეტი ე.წ. დუალური პროგრამა დაინერგოს, ისეთი პროგრამები, სადაც დამსაქმებელი თავშივე ჩართული იქნება.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, თქვენ უკვე იცით, რომ მსოფლიო ბანკს შემუშავებული აქვს გარკვეული სარეკომენდაციო სახის მონახაზი უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე 2023 წელს, ეს პროექტი დღის შუქზე გამოვა და შესაბამისი განხილვები დაიწყება. სამინისტრო დაიწყებს ამას და ბუნებრივია, კომიტეტი ამაში აქტიურად იქნება ჩართული, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლეს განათლებაში. ჩვენ თითოეული თეთრი უნდა დავხარჯოთ შედეგებზე, რომ უნივერსიტეტები არ იყვნენ სტუდენტების რაოდენობაზე დამოკიდებული, რაც თავის მხრივ, ხარისხზე ზემოქმედებს. პირიქით, ერთხელ და სამუდამოდ, დიპლომების განათლებიდან უნდა გადავიდეთ ცოდნის განათლებაზე და უნივერსიტეტებს ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ იქნება ეს კვლევითი საქმიანობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, სტუდენტთა მხარდაჭერა თუ უნივერსიტეტისთვის საჭირო სხვადასხვა სახსრები, მათთვის უზრუნველყოფილი იყოს და ისინი არ იყვნენ მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე მიბმული. მოგეხსენებათ, დღეს უნივერსიტეტების შემოსავლების ერთადერთი წყარო, ეს არის სტუდენტების მიერ გადახდილი თანხები.

– როგორი იყო 2021 წელი განათლებაში საკომიტეტო მუშაობის თვალსაზრისით?

– მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიური. განვახორციელეთ ორი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოკვლევა. ერთი, ეს იყო სასკოლო რესურსების კუთხით, რომელიც მოიცავდა ყველა საგანმანათლებლო რესურსს. ეს იყო ტექნოლოგიების, ბიბლიოთეკების, სახელმძღვანელოებისა და გრიფირებასთან დაკავშირებული პრობლემები… მოვიარეთ თითქმის ყველა რეგიონი და დედაქალაქი და პროცესების ანალიზის საკმაოდ შრომატევადი, მსხვილი დოკუმენტი შეიქმნა და განისაზღვრა ის რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებლად აუცილებელია. მეორე მოკვლევა იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა საფეხურზე. მათ შორის, ქართული ენის შესწავლის პროცესი, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი კომიტეტისთვის. აქაც ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი საქმიანობა განხორციელდა ჩვენს დონორებთან ერთად და შესაბამისი რეკომენდაციები განისაზღვრა, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ.

საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, პირველად დავიწყეთ სკოლის ასაკის ცვლილება და შარშან, სკოლაში დარეგისტრირება შეძლო ყველა იმ პირმა, ვინც პირველ ოქტომბრამდე იყო დაბადებული. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება და თარიღების გადაწევა ეტაპობრივად განხორციელდება.

გარდა ამისა, გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებათა პაკეტები ბაღებისა და სკოლების ავტორიზაციებთან დაკავშირებით, რომელიც კომიტეტმა მიმდინარე წელს შეასრულა.

აქტიურები ვიყავით საკომუნიკაციო თვალსაზრისით. ძალიან ხშირად დავდივართ ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში. ადგილზე ვეცნობით პროცესებს, რაც ხელს გვიწყობს განათლების პოლიტიკის სწორად დაგეგმვაში.

ძალიან მნიშვნელოვანი მოთელვითი საქმიანობა ჩავატარეთ განათლებისა და მეცნიერების კოდექსზე მუშაობის დასაწყებად.

– რა ვერ შესრულდა ან ვერ მოესწრო 2022 წელს კომიტეტის საქმიანობის გეგმიდან, თქვენი ინიცირებით დაწყებული განათლების ერთიანი კოდექსის შექმნის შესახებ რომ გვითხრათ, რა სტადიაშია პროცესი. მსოფლიო ბანკის შესაძლო ჩართულობაზეც იყო საუბარი, ახლა რა ეტაპზე ხართ?

– წლის სამოქმედო გეგმაში ძალიან ბერი საკითხი გვქონდა გაწერილი და პრინციპში, 90% შევასრულეთ, გარდა იმ ორი მოკვლევისა, რომელზეც პრინციპულად თავი შევიკავეთ. ეს უკავშირდება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას და ასევე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას და პრიორიტეტების გადახედვას. ეს ორი მოკვლევა შემდეგ წელს გადაინაცვლებს.

სამწუხაროდ, განათლების ერთიანი კოდექსის შექმნაზე, იმაზე მეტი დრო დაგვჭირდა შიდა კონსულტაციებისთვის როგორც უწყებებს შორის, ასევე გუნდის შიგნით, ვიდრე ვვარაუდობდით. ვჯერდებით გარკვეულ პოზიციებზე და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლიდან შესაძლებელი უნდა გახდეს განათლებისა და მეცნიერების კოდექსზე მუშაობის დაწყება. ამ ეტაპზე კი შიდა სამუშაოებია, მზადდება და იმედი გვაქვს, მომდევნო წელს, უკვე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას.

– რა იყო 2022 წელს ის გარდამტეხი გადაწყვეტილებები, რომელმაც განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იქონია გავლენა?

– ავტორიზაციების თემას აღარ გავიმეორებ. პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული ინიციატივები როგორც ბაღებთან, ასევე სკოლებთან დაკავშირებით. 800 სკოლისა და ამავე რაოდენობით საბავშვო ბაღის აშენება-რეაბილიტაცია განხორციელდება 4 წლის მანძილზე. ეს ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი გარდამტეხი პროცესი. ხარისხიანი ინფრასტრუქტურის გარეშე, ძალიან რთულია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა სკოლებში, რაც ჩვენი განათლების სისტემის თავი და თავია.

– ქართული განათლების სისტემის სამი მთავარი გამოწვევა რა არის თქვენი შეფასებით, რაშია მისი გადაჭრის გამოსავალი და როგორია განათლების ჯეროვანი სისტემა განათლების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რა უნდა ჰქონდეს მას ამისთვის?

– სამწუხაროდ, გამოწვევები გვაქვს. ეს გამოწვევები ჯერჯერობით გვაქვს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად 4 წელიწადში, ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებული გვექნება. იცით, რომ აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიური გახდება. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებლების კორპუსის გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე, ახალი მასწავლებლების შეყვანა სისტემაში და აქვე ვიტყვი, რომ ჩემი და ჩვენი ინიციატივით, მიღებული იქნა კანონში ცვლილება, სადაც საბაკალავრო საფეხურზე მოსწავლე სტუდენტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ საბაკალავრო დიპლომთან ერთად, პარალელურად დაეუფლონ მასწავლებლის მომზადების ე.წ. 60 კრედიტიან პროგრამას და მეთოდიკას და 4 წლის თავზე საკლასო ოთახში შესვლის უფლება მოიპოვონ. ეს, ბუნებრივია, მეტ ინტერესს გააჩენს ჩვენს ახალგაზრდობაში, რომ თავისი პროფესიის პარალელურად, მასწავლებლის მომზადების პროგრამას დაეუფლონ. ეს სკოლებში მასწავლებლების ახალ ნაკადს გაუხსნის კარს და რაც მთავარია, დროში მოქნილად.

რა თქმა უნდა, გვაქვს გამოწვევა პროფესიულ განათლებაში. სამწუხაროდ, იმ პირობებშიც კი, როდესაც უმუშევრობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ძალიან ბევრი ვაკანსია გვაქვს ბაზარზე, თუმცა, სამწუხაროდ, პროფესიული განათლება ამ ეტაპამდე ვერ ახერხებს სათანადო უნარების და ცოდნის მქონე ადამიანების მიწოდებას შრომის ბაზრისთვის. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ უმაღლეს განათლებაზე. სწორედ ამ მიზნის საპასუხოდ მიმდინარეობს ძალიან აქტიური რეფორმები. ჩვენ არ უნდა ვღებულობდეთ შრომის ბაზარზე ისეთ ადამიანებს, რომელთა პროფილური დასაქმებაც გვიჭირს.

– როგორი იქნება თქვენი სურვილი, მოწოდება და რჩევა 2023 წელს საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის?

– მინდა, რომ ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა და ბედნიერება. ჩვენი ვალი და ვალდებულებაა და ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ, რომ ნებისმიერ საფეხურზე, დაწყებული ბაღით, სკოლით, პროფესიული კოლეჯებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით, კვლევითი ინსტიტუტებით, დამთავრებული ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერებით, ყველას შევუქმნათ სათანადო შესაძლებლობები, რომ მათ წყნარად, მშვიდად შექმნან ახალი ცოდნა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის გამოწვევებს და ეს ცოდნა გადასცენ ჩვენს მომავალ თაობას, რომელიც პრაქტიკულად გარანტია იმ გამოწვევებთან გამკლავების, რომელიც ახლა ქვეყანაში გვაქვს. ეს არის ჩემი სურვილიც, მოწოდებაც და ჩვენი მოტივაციაც. ჩვენ ყოველდღიურად ვშრომობთ ამისთვის.

ყველას გილოცავთ ახალ წელს, შობას და გისურვებთ ისეთი ხარისხის სიმშვიდეს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენს საგანმანათლებო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ყველა მოსწავლეს, სტუდენტს თუ სხვას, შესაძლებლობას მისცემს, დაეუფლოს ცოდნას, რომელიც არის მთავარი საწინდარი, მთავარი საფუძველი და მთავარი იარაღი 21 საუკუნეში იმ გამოწვევებთან გამკლავებისთვის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს.

ასევე იხილეთ:

ცვლილებები, მიღწევები, ჩავარდნები – რა მოუტანა 2022-მა საქართველოს განათლების სისტემას, მთელი წელი ერთ სტატიაში

იმედისმომცემი ელემენტები სკოლის რეფორმაში – ექსპერტის თვალით დანახული 2022 წელი განათლებაში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.