ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების საფუძველია — ბარამიძე

სტრასბურგის გადაწყვეტილება ხელახალი გამოძიების საფუძველია — ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი ალექსანდრე ბარამიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას აფასებს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

ბარამიძის შეფასებით, პროცედურული დარღვევების კუთხით ევროპულმა სასამართლომ „ყველაფერი სწორად დაასკვნა“, თუმცა არსებითი ასპექტის ნაწილში გადაწყვეტილება არცთუ დამაჯერებელია.

„კონვენციის მე-2 მუხლი იცავს ადამიანის სიცოცხლეს. სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამის უკიდურესი აუცილებლობა. ამიტომ ყოველთვის დასადგენია უკიდურესი აუცილებლობის ტესტი. რამდენად იყო უკიდურესად აუცილებელი ლეტალური იარაღის გამოყენება დაზარალებულის მიმართ? — ეს არის კითხვა. მე-2 მუხლს აქვს ორი ასპექტი — ე.წ. არსებითი და პროცედურული. პროცედურული ასპექტი სასამართლომ დარღვეულად ცნო. გადაწყვეტილება ამ ნაწილში აბსოლუტურად დამაჯერებელი და დასაბუთებულია. მაგრამ არსებით ნაწილში, სამწუხაროდ, ევროპულმა სასამართლომ მეორე მუხლის დარღვევა არ დაადგინა, რაც, ჩემი აზრით, მთლად დამარწმუნებელი არ არის“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ბარამიძემ.

მისი აზრით, განსაკუთრებით გაოცებას იწვევს სტრასბურგის სასამართლოს არგუმენტი, რომ განსხვავებით იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს ხელშია (და ამის მაგალითად მოყვანილია საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა), ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მტკიცების ტვირთი არ აკისრია.

„კი მაგრამ, რით არ იყო სახელმწიფოს ხელში თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც რამდენიმე ათეული კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელი შეეჭრა ოთახში?! ეს თუ არ არის სახელმწიფოს ხელში ყოფნა, აბა, რა არის? ამ მხრივ გადაწყვეტილება უცნაურია“, — ამბობს ბარამიძე.

ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაში სახელმწიფომ არათუ შეცდომები დაუშვა, მიზანმიმართულად წაშალა კვალი.

„პროცედურული დარღვევების კუთხით ევროპულმა სასამართლომ ყველაფერი სწორად დაასკვნა, მათ შორის ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფოს გამოკითხულიც კი არ ჰყავდა სპეცრაზმელები და მათი ხელმძღვანელები. ყუმბარის საკითხიც არის ხაზგასმული. ეჭირა თუ არა ბოლოსდაბოლოს ყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში? თუ ეჭირა, მაშინ, ბუნებრივია, მისგან საფრთხე მომდინარეობდა, მაგრამ ლოგინში მწოლიარე ადამიანს რამდენად შეიძლება, ყუმბარასთან ერთად ეძინოს, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც სახელმწიფომ ჯეროვანი პასუხი არ გასცა“, — აცხადებს ბარამიძე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბარამიძის თქმით, ეს ყუმბარა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ააფეთქეს ისე, რომ არც დაუდგენიათ თითის ანაბეჭდები, დნმ-ის კვალი და ა.შ.

„სახელმწიფომ აქ უბრალოდ არათუ შეცდომები დაუშვა გამოძიებაში, არამედ რაღაცები შეგნებულად არ გააკეთა ან გააფუჭა იმისათვის, რომ მერე ვერასდროს ვერავის სიმართლე ვერ დაედგინა. ეს მნიშვნელოვანი დარღვევები რატომ ჩაუთვალა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს და გაათავისუფლა მტკიცების ტვირთისგან, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი“, — ამბობს იგი.

მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ბარამიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროცედურული დარღვევა დაადგინა და ამბობს, რომ ეს ხელახალი გამოძიების საფუძველია. ის ხაზს უსვამს, რომ სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტი დარღვეულად ცნობილი არ ყოფილა სანდრო გირგვლიანის საქმეზეც, იქაც მხოლოდ პროცედურული ასპექტი იქნა დარღვეულად მიჩნეული.

ბარამიძე განმარტავს, რომ ხელახალი გამოძიების საკითხი უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასდროს წერია, თუმცა გამომდინარეობს საერთაშორისო ვალდებულებებიდან.

„ეს ვალდებულებები წარმოიშობა კონვენციის სხვა მუხლებიდან, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ზოგადი ან ინდივიდუალური ზომები იმისთვის, რომ დარღვევები აღმოფხვრას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისევე როგორც გირგვლიანის შემთხვევაში იყო, დარღვევის აღმოფხვრის მექანიზმი არის ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიების ჩატარება და არა ისეთის, როგორიც ჩაატარეს“, — აცხადებს ბარამიძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა კონვენციის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს.

მაჩალიკაშვილების სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.