საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი იქმნება – ვინ გააკონტროლებს ახალ უწყებას
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ შესაბამისი დადგენილება დღეს, 23 იანვარს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა და ის უკვე ძალაშია.
დადგენილების თანახმად, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა განახორციელოს. ცენტრის დირექტორის დანიშვნა კი განათლების მინისტრის პრეროგატივა იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება 2023 წლის 15 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს.
“საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – წერია დადგენილებაში.