ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში 31 124 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, კენჭისყრა გრძელდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ შიდაპარტიული არჩევნების პირველი დღე შეაჯამა.
ენმ-ის ცნობით, 28 იანვრის 21:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 31 124 ამომრჩეველმა. სულ ხმის მისაცემად დარეგისტრირებულია 49 638 ადამიანი.
„აქტივობა არის ძალიან მაღალი. 24-საათის რეჟიმში მუშაობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ქოლცენტრი. დაახლოებით, 300 ზარამდე არის შემოსული. ძირითადად, ზარები ეხება იმას, რომ კოდი არ მიუვიდათ ან ლინკს ვერ ხსნიან. თუ ადამიანს არ მისდის კოდი, ხელმეორედ გაეგზავნებათ. ყველა მიიღებს ამ კოდს, დაუკავშირდეს პარტიის ცხელ ხაზს და მას აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას. ქოლცენტრთან დაკავშირების შემდეგ ბევრმა შეძლო დარეგისტრირება და ბევრმა შეძლო ხმის მიცემა. 31 275 ადამიანიდან დაახლოებით, 300 ზარი არც თუ ისე მაღალი რიცხვია“, — განაცხადა ნაყოფიამ.
ნაყოფიამ ყველა მხარდამჭერს მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და საკუთარი კოდი სხვას არ გაუგზავნონ.
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ოთი კანდიდატი — ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი — მონაწილეობენ. კენჭისყრა 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება.