ახალი ამბები

პენიტენციურმა საკუთარი მოწმეები მოხსნა, სააკაშვილის საქმის განხილვა უფრო სწრაფად დასრულდება

პენიტენციურმა საკუთარი მოწმეები მოხსნა, სააკაშვილის საქმის განხილვა უფრო სწრაფად დასრულდება

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საქმეზე პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 3 თებერვალს ყველა დარჩენილი მოწმე მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილვა უფრო სწრაფად დასრულდება.

მიხეილ სააკაშვილის მხარემ, რომელიც ცენტრი “ემპათიის” დასკვნის საფუძველზე ითხოვს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ავადმყოფობის გამო, საკუთარი მოწმეების გამოკითხვა უკვე დაასრულა. დღეს დაიწყო მისი მოწინააღმდეგე, პენიტენციური სამსახურის მოწმეების გამოკითხვა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვის შემდეგ, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი სხვა მოწმეებს (ბადრაგის წარმომადგენლები და ა.შ.) აღარ დაკითხავენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესზე რჩება მხარეთა მხრიდან სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ეს ორშაბათს, 6 თებერვალს, 17:00 საათზე მოხდება.

ცენტრი “ემპათიის” დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, მათ შორის გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართულები იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.

ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. სამხარაულის დასკვნით სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს. თუმცა, როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, სამხარაულის ექსპერტებს (გასტროენტეროლოგსა და ფსიქიატრს) მიხეილ სააკაშვილი პირადად არ გაუსინჯავთ და მისთვის არც რაიმე ანალიზები და გამოკვლევები დაუნიშნავთ, განსხვავებით “ემპათიის” ექსპერტებისაგან. შესაბამისად ისინი დასკვნამდე მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის წაკითხვით მივიდნენ, რაც დაცვის მხარის კრიტიკის საგანი გახდა. “დემენცია აქვს თუ არა პაციენტს, ნახვის გარეშე როგორ დაადგინეთ?” – კითხვას სვამდა სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

სამხარაულის ექსპერტების მიხედვით, დასკვნის დამკვეთმა რა კითხვებიც დასვა და რაზეც მათ უნდა ეპასუხათ, არ საჭიროებდა პაციენტის ნახვას და მის გასინჯვას. ექსპერტის თქმით, მის მიერ მომზადებული დასკვნა ეყრდნობა იმ სამედიცინო მონაცემებს, რომელსაც თავის მხრივ „ემპათიის“ დასკვნა ეყრდნობა. “ემპათიის” დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს.

დაცვის მხარის შეფასებით ეს არის დასკვნა მათ დასკვნაზე და არა დასკვნა, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.