ყაზახეთში “ქოლ-ცენტრების” საქმეზე საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს — „ეხო კავკაზა“
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებების შესახებ დამატებითი დეტალები ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს არ გაუვრცელებია.
როგორც გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყაზახეთში ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით თაღლითობის 400-მდე დანაშაული გამოვლინდა. ყაზახური მედიის თქმით, სქემაში ჩართული მოქალაქეები ადამიანებს ტელეფონით უკავშირდებოდნენ და თავს ბანკის თანამშრომლებად აცნობდნენ. „ეხო კავკაზას“ თქმით, ყველაზე ხშირად თაღლითური სქემის მონაწილეები ყაზახეთის მოქალაქეებს ონლაინ სესხებს უფორმებდნენ.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც თანახმად, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
კეზერაშვილი უარყოფს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია, დაშვებები კი — უსაფუძვლო.