რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მუქარა ჩვენს ორიენტირზე გავლენას ვერ ახდენს – ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარები საქართველოს კონსტიტუციურ არჩევანზე გავლენას ვერ ახდენს.
დღეს 30 აპრილს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ დღეზე.
ვრცელ სიტყვაში ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა თავდაცვის ძალების მნიშვნელობას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებასა და მის გამყარებაში. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და იბრძოდა.
„თავდაცვის ძალების როლი, მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას.
დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონულად ჟღერდეს – ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.
ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა – შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს.
ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.
რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე. და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მიერ გაწეული დახმარება, რომლითაც ამაღლდა სამხედრო ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა.
„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ.
ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ,“ – დასძინა მან.
სრულიდ პრეზიდენტი სიტყვა წაიკითხეთ აქ.