ახალი ამბები

„საბოლოო გადაწყვეტილება არაა, პროცესი გრძელდება“ – სააკაშვილის მხარე სტრასბურგზე

„საბოლოო გადაწყვეტილება არაა, პროცესი გრძელდება“ – სააკაშვილის მხარე სტრასბურგზე

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხოლოდ დროებით ღონისძიებაზე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივი ბრძოლა სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისთვის კვლავ გრძელდება.

როგორც ბრიფინგზე ადვოკატმა თქვა, სასამართლოს ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო დაცვის მხარემ უბრალოდ გამოიყენა ყველა ხელთ არსებული ბერკეტი, – თუნდაც წარმატების მცირე შანსის მქონე, – მიზნის მიღწევისთვის.

„ეს არ გახლავთ საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე. არსებითად სასამართლო ამ საქმეს განიხილავს. […] სასამართლომ არ დაავალა სახელმწიფოს სააკაშვილის გადაყვანა ვარშავაში, სულ მცირე, განხილვის დასრულებამდე.

პანიკა, რომლის შექმნასაც ცდილობს ხელისუფლება, უსაფუძვლოა. სასამართლოს არცერთი წუთით შეუტანია ეჭვი არც სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმეში და არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები არ ილახება. ერთადერთი რაც თქვა, არის ის, რომ განხილვამდე მიზანშეუწონლად მიაჩნია, მთავრობას მისი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანა დაავალოს“, – ამბობს თუთბერიძე.

სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„პროცესი გრძელდება. გადავდივართ მეორე ეტაპზე, როცა იქნება სარჩელის განხილვა. იმედი მაქვს, იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ელოდება ბევრი ადამიანი და ბევრი ქვეყანა. […] ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვფიქრობთ, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი გაიმარჯვებს“, – აღნიშნა მან.

დღეს, 12 მაისს, იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის თხოვნა დროებითი ღონისძიების ფარგლებში პოლონეთში გადაყვანაზე.

საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა შუალედური ღონისძიება იქამდე, სანამ სააკაშვილის საქმეს არსებითად განიხილავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სააკაშვილიც თავის ფეისბუქ-გვერდზე. იგი ამბობს, რომ „სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება“ და სურვილს გამოთქვამს, „საქართველომ კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის“.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.

„დროებითი გადავადება, ეს არის სურვილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ამის შანსი“, — განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელისგან [სააკაშვილის მხარე] და საქართველოს მთავრობისგან  დამატებითი ინფორმაცია სჭირდებოდა საქმესთან დაკავშირებით და მათ შეკითხვებით მიმართა.

სააკაშვილის ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობდნენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.