ახალი ამბები

„სტრასბურგის გადაწყვეტილების იგნორირება უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება“ — პაპუაშვილი სააკაშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება, რუსეთის აგრესიის სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება“:

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება, ან მათი სხვაგვარად დაკნინება არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას“ – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მსგავსად, აცხადებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას იყენებს და ეს მისი სტრატეგიის ნაწილია ციხიდან გასათავისუფლებლად. თუმცა, განცხადების ამ ნაწილში ინგლისურ და ქარსულ ვერსიებს შორის მცირე განსხვავებაა.

„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ ქართულენოვან განცხადებაში პაპუაშვილი წერს, რომ „სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა და ყველა აბსურდული ბრალდება უარყო“, ინგლისურ ვერსიაში კი საქმის განხილვაზე არაფერია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ „სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილის საქმეზე პირდაპირი იყო“.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების იგნორირება უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება“ — პაპუაშვილი სააკაშვილზე

12 მაისს, იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის თხოვნა დროებითი ღონისძიების ფარგლებში პოლონეთში გადაყვანაზე. საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა შუალედური ღონისძიება იქამდე, სანამ სააკაშვილის საქმეს არსებითად განიხილავდა.

„ეს არ გახლავთ საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე. არსებითად სასამართლო ამ საქმეს განიხილავს. […] სასამართლომ არ დაავალა სახელმწიფოს სააკაშვილის გადაყვანა ვარშავაში, სულ მცირე, განხილვის დასრულებამდე.

პანიკა, რომლის შექმნასაც ცდილობს ხელისუფლება, უსაფუძვლოა. სასამართლოს არცერთი წუთით შეუტანია ეჭვი არც სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმეში და არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები არ ილახება. ერთადერთი რაც თქვა, არის ის, რომ განხილვამდე მიზანშეუწონლად მიაჩნია, მთავრობას მისი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანა დაავალოს“, – თქვა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.


დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით დაიბარეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პროტესტი გამოუცხადეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩისადმი შეთავაზებულ იქნა, დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად“, — აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.

3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.

„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

ამ თემაზე:

სააკაშვილის გამო ზელენსკი საქართველოს ელჩს თბილისში აგზავნის
„ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე“ — გიგიაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.