ვვარაუდობ, რომ არ მოხდებოდა – თურნავა ფარცხალაძის მიერ ბანკებიდან თანხის გატანაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს.
„რაც შეეხება ეჭვებს, რასაც თქვენ ამბობთ, რომელიც მანამდეც გაჩნდა და მერეც არ დაგვაკლეს ეს ეჭვები, საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტზე, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა. მოდით, ამ ფორმით ვიტყვი, მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს… მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით, ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება იმიტომ, რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა.
რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, თურნავას თქმით, ფარცხალაძესთან დაკავშირებით მსგავსი ეჭვების გაჩენა მისი „პიროვნების პოლიტიკური აურისგან გამომდინარეობს“.
„ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს უფრო იმის გამო, რომ ზოგადად, ყოფილი მაღალჩინოსანია და თვითონ სანქციის მოტივი. სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელეს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა. ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა…“.
მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა: „აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი. აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოში ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა. კობახიძის ამ განცხადებას კი ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა მოჰყვა. აღნიშნულ ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.
ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნარჩუნდებოდა.